იზა ბექაური - 4 წლის წინ რაც ხდებოდა პანკისში, სრულიად სხვა სურათია დღეს, უფრო ცუდი

იზა ბექაური - 4 წლის წინ რაც ხდებოდა პანკისში, სრულიად სხვა სურათია დღეს, უფრო ცუდი

პანკისის ხეობაში "კახეთის რეგიონის განვითარების ფონდი" ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ბაზაზე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით 2008 წლიდან მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის სამიზნე აუდიტორია ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, ეთნიკური ქისტები და რეგიონში ჩასახლებული დევნილები არიან. ორგანიზაცია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საზოგადოებრივ ცენტრს ამუშავებს.

"პანკისის ხეობაში მუსლიმები ცხოვრობენ და აქ უფრო ტრადიციული წესები და შარიათის კანონები მოქმედებს. ტრადიციის მიხედვით, ქალს ძმა თუ არ ჰყავს, როცა მშობლები გარდაიცვლებიან, ქალი მემკვიდრედ არ ითვლება. ინტეგრაციას რაც შეეხება, დედაჩემის, ჩემი თაობა უფრო ინტეგრირებულია. ახლა, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად ჩაიკეტნენ ხეობაში. 4 წლის წინ რაც ხდებოდა ჩვენს საზოგადოებრივ ცენტრში, სრულიად სხვა სურათია დღეს", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იზა ბექაური.

- კონკრეტულად პანკისის ხეობაში რა აქტივობებს ახორციელებთ?

- ჩვენი ძირითადი პროექტია ნატურალიზაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას და მათ ინტეგრაციას. მოქალაქეობას როცა უკვე მიიღებენ ჩეჩენი ტოლვილები, ვისაც არ აქვს ბინა, გაეროს ტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ ვყიდულობთ მათთვის ბინებს. ვისაც ბინა აქვთ, მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ ბინა კეთილმოაწყონ ან მცირე ბიზნესი განავითარონ. 2009 წლიდან 2011 წლამდე ვახორციელებდით ჩეჩენი ლტოლვილებისთვის შემოსავლიანი პროექტების დაფინანსებას. ამ პროექტის ფარგლებში გახსნეს პატარა მაღაზიები, აფთიაქები, სახელოსნოები.

გარდა ამისა, გვაქვს საგანმანათლებლო პროექტი - დუისის საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მუშაობს ინგლისური, ქართული, რუსული, ჩეჩნური ენების შემსწავლელი კურსები. ასევე ვასწავლით საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ზოგად უნარებში მიმდინარეობს მეცადინეობა. გვაქვს პროფესიული კურსი - თექა და ჭრა-კერვა.

აქტიურად ვმუშაობთ ქალებთან მათ სამართლებრივ უფლებებზე. იცით, რომ პანკისის ხეობაში მუსლიმები ცხოვრობენ და აქ უფრო ტრადიციული წესები და შარიათის კანონები მოქმედებს. ქალები რომ არ ჩავარდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, 2011 წლიდან უხუცეს ქალთა საბჭო შევქმენით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს უხუცეს კაცებთან და მედიატორის როლს ასრულებს სხვადასხვა სასამართლოზე, როგორიცაა ბავშვის დაბრუნება დედასთან, ალიმენტის დაკისრება, ქონების დაკანონება და სხვა ოჯახური დავები.

-შარიათის კანონს ქალებთან მიმართებაში მოქმედი კანონმდებლობისგან რა განსხვავები აქვს?

- პანკისის ხეობიდან მოსახლეობა ოჯახურ დავებზე სასამართლოს არ მიმართავს. სულ რაღაც 1-2 ფაქტი შემიძლია გავიხსენო, როცა ქალმა თავის საკითხზე სასამართლოს მიმართა. ჩემი აზრით, ეს რაღაცით კარგია, რაღაცით ცუდია. ამიტომ დავიწყეთ ზუსტად ეს აქტივობები, რომ ქალებმა იცოდნენ, კანონით რა უფლებები აქვთ. მათ აქვთ უფლება, თუ არ ეთანხმებიან ტრადიციულ წესებს, სასამართლოს მიმართონ. კარგი რატომ ვთქვი, რაც უხუცეს კაცებთან ვთანამშრომლობთ, ძალიან ბევრი საქმე გადაწყდა დადებითად ანუ სასამართლოში სიარული ამ ქალებს აღარ დასჭირდათ. უხუცესმა კაცებმა გაითვალისწინეს იურიდიულად რა ნორმებიც არის და ქალის სასარგებლოდ გადაწყდა საკითხები.

-ბოლო 2 წლის განმავლობაში პანკისის ხეობის რამდენიმე მკვიდრი 18 წლის ბიჭებიც კი დაიღუპნენ სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად. რა უწყობს ხელს ხეობიდან ახალგაზრდების გადინებას? როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი, ისინი აქ რომ დამაგრდნენ და თავისი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ?

- ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ ძალიან რთულია ამაზე სრულყოფილი პასუხი გაგცეთ. ერთს ვიტყვი - დედაჩემის, ჩემი თაობა უფრო ინტეგრირებული იყო, უფრო კარგად მეტყველებდნენ, ვმეტყველებთ ქართულად და უფრო მეტი მეგობრობა და ურთიერთობა გვაქვს ქართველებთან. ახლანდელი თაობა, ძალიან განვიცდი და ვწუხვარ, ახმეტაშიც მოხდა ჩხუბის, დაპირისპირების ფაქტები, აქედან რომ ჩავიდნენ ახალგაზრდები მაგალითად ფეხბურთის სათამაშოდ. ჩაიკეტა საზოგადოება... ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად არიან პანკისის ხეობაში ჩაკეტილები. ჩვენ ერთი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია აქ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, თუ სახელმწიფო არ ჩაერთო. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი პანკისში.

-რამდენად შესაძლებელია, რომ ხეობაში კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყოს, მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიიღონ ან დაბალი ინტერესი იყოს? როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ხეობაში მომძლავრებული ე.წ ვაჰაბიზმის მიმდევრების შვილები გარკვეულ აქტივობებში ჩართვაზე უარს ამბობენ.

- მართალია უჭირთ, მაგრამ არჩევენ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჭრა-კერვის კურსი და იქ დადიან ასეთი ბავშვები... მაგრამ უჭირთ კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა. ძალიან სამწუხაროა, რომ არ მონაწილეობენ.

-არ გიცდიათ მათ მშობლებთან გასაუბრება, ალბათ გექნებათ მშობლებთან კონტაქტი?

- არაერთხელ ვთხოვე მათ, რომ ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში, მაგრამ ისინი ამბობენ, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, ბავშვებს თვითონ უნდათ ასე.

-ბევრ ბავშვს ახურავს ჰიჯაბი?

- კი, ახურავთ, ბავშვებსაც. თქვენ ალბათ არ შესულხართ სკოლაში. შედით სკოლაში და ნახავთ.

-ახალგაზრდა ბიჭები რამდენად აქტიურად არიან ჩართულები თქვენს აქტივობებში და სხვადასხვა ღონისძიებებში?

- 4 წლის წინ რაც ხდებოდა ამ ცენტრში, სრულიად სხვა სურათია დღეს. ჩვენ აქ სილამაზის კონკურსიც ჩავატარეთ... ახლა ეს გამორიცხულია, ეს აღარ იქნება, ეს იყო... ახლა სილამაზის კონკურსზე ვერცერთ გოგოს ვერ გამოვიყვანთ...

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა