გასული წელი ხმაურიანი და მასშტაბური ბიზნესგარიგებით დასრულდა, რომლის შემდეგაც ფოთის პორტის ნავთობტერმინალისა და "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა. რუსული ენერგოკომპანია "როსნეფტი" ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს შეიძენს. გარიგების მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციისთვის. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა, თუმცა, ცნობილია, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს დარჩება.
"როსნეფტი", რომელიც რუსეთის სტრატეგიული კომპანიების ნუსხაშია შესული, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი აქციების 69,5%-ს "როსნეფტეგაზი" ფლობს, რომელიც 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. "როსნეფტის" აქციების მხოლოდ 19,75% ეკუთვნის BP-ის, ხოლო დარჩენილი 10,75% თავისუფალ მიმოქცევაშია.
ბიზნესგარიგების მხარეებმა უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ საქმიანობას ამიერკავკასიაში. ფოთის ტერმინალის გამტარობა 8 მლნ ტონა ნავთობპროდუქტია წელიწადში. ამ გარიგებას საქართველოს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ არანაირი ბერკეტი არა აქვთ იმისთვის, რომ ეს გარიგება ჩაშალონ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საზოგადოებას შეახსენა, რომ "პეტროკასი" თავის დროზე წინა ხელისუფლების წევრების საკუთრება იყო.