ალბათ, ადამიანების დიდი ნაწილისთვის ახალი წლის დადგომა ბედნიერებასთან, სუფრასა და საყვარელ ადამიანებთან გატარებულ ლამაზ ღამესთან ასოცირდება, თუმცა არიან ადამიანები, რომელთათვისაც ახალი წლის ღამეს ცხოვრება დამთავრდა და დღემდე ამ ტკივილით ცხოვრობენ.
ლიზა, 26 წლის:
- სამი წელი მე და ნიკა ბედნიერად ვცხოვრობდით. პატარა ნიაკოს ვზრდიდით, ორივე ვმუშაობდით და ხშირად გამიგია ახლობლებისგან, რომ ჩვენზე მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცხოვრებაში არ უნახავთ. ჩემი მეგობრები გიჟდებოდნენ ნიკაზე. ხშირად სტუმრად მოსვლამდე უთქვამთ, ქმარი სახლში დაგვახვედრეო. საღამოების სული და გული იყო. გიტარაზე მღეროდა და უყურადღებოდ არავის ტოვებდა.
- შემდეგ რა შეიცვალა?
- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, დაშორებამდე ერთი თვე საკუთარ თავში ჩაიკეტა. ხშირად მოწყენილი იყო. მიზეზს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, გადავიღალე და სამსახურშიც პრობლემები მაქვსო, მაგრამ ცუდად არ მექცეოდა. არც ეჭვის საფუძველს მაძლევდა და ვფიქრობდი, გადაუვლიდა. ერთადერთი, რაც ახლა მახსენდება, ჩემი ბავშვობის მეგობრის, ფიქრიას გაუჩინარება იყო. მოულოდნელად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ზარზე არ მპასუხობდა და ოღონდ ჩემთან არ მოსულიყო, ათას სისულელეს იგონებდა. მანამდე კი ღამეებიც რჩებოდა ჩემთან და ერთხელ მშობლებთან ჩხუბის შემდეგ ერთი თვე ჩვენგან დადიოდა სამსახურში.
- ნიკასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- კარგი, როგორც ჩემს ყველა მეგობარს. განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. უბრალოდ, ერთხელ მითხრა, ოდესმე თუ გავთხოვდები, აუცილებლად ნიკასნაირი ქმარი მეყოლება, თუ არადა, მირჩევნია, ასე დავბერდეო. მაშინ ბევრი ვიცინე, ისიც კი ვუთხარი, ასე თუ გააგრძელებდა, შეიძლებოდა, მართლა მარტო დაბერებულიყო და თან დავპირდი, რომ მეუღლეს ნიკას ძმაკაცებიდან შევურჩევდი.
- მაჭანკლობა არ გამოგივიდათ?
- დიახ, ყველას იწუნებდა, მაგრამ იმ საბედისწერო ღამემდე ეჭვი მართლა არ ამიღია, რომ ჩემს ქმარზე სერიოზულად ფიქრობდა.