"ახლობლები "ურუგვაის" მეძახიან" - როგორ იხუმრებდა საკუთარ თავზე ნინო ბურჯანაძე, იუმორისტული შოუ რომ მიჰყავდეს

"ახლობლები "ურუგვაის" მეძახიან" - როგორ იხუმრებდა საკუთარ თავზე ნინო ბურჯანაძე, იუმორისტული შოუ რომ მიჰყავდეს

მე ნინო ვარ. გვარად ბურჯანაძე. ჩემი ბიოგრაფია თუ დაგაინტერესებთ, ვიკიპედიას ეწვიეთ და მე ნუღარ შემაწუხებთ. ახლობლები "ურუგვაის" მეძახიან. ალბათ იფიქრებთ, სად მე, სად ურუგვაი. აგიხსნით: მე ორჯერ ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ურუგვაი ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, დღეს არცერთს აღარ გვაქვს არაფრის თავი. კი, ყველა გვაფასებს და გვიხსენებს დიდებულ წარსულს, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არაფერი გამოგვდის.

მიყვარს არჩევნები. თითქმის ყველა არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ვგონებ უკვე ჩვევადაც მექცა, მაგრამ აზრი?! მაინც ვმარცხდები და "ატხადნიაკში" ვრჩები. რაღაცით საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებსაც ვგავარ, შესარჩევ ეტაპაზე პირველივე თამაშებს რომ წააგებენ და მერე უკვე მომავალი შესარჩევისთვის იწყებენ მზადებას, ეგრე ვარ მეც არჩევნების მერე. დალოცვილი, კირგია ხშირ-ხშირად.

ხალხს ვუყვარვარ, მეც მიყვარს ხალხი, მაგრამ 7 ნოემბერს მაინც ყველა მიხსენებს, რატომ არ გამოხვედი და არ დაგმეო. ეჰ, ყოფილიყო მაშინ სოცქსელები, - დავაყენებდი პროფილის ფოტოდ "7 ნოემბერი" და მერე კომენტარებით დავტკბებოდი: "გმირი ხართ", "ვაფასებთ თქვენს საქციელს" და სხვა.

არც პუტინთან შეხვედრა მაპატიეს და არც ის, პუტინს მტერი რომ არ ვუწოდე, მაგრამ როგორც დიდი პაატა ზაქარეიშვილი იტყოდა: როგორ შეიძლება ადამიანი სახელმწიფოს მტერი იყოს (ისე, ეს რამ ათქმევინა)?!

როგორც გითხარით, არჩევნებიდან-არჩევენებამდე ვცხოვრობ, საკუთარი წელთაღრიცხვაც მაქვს შემუშავებული; მაგ: 2008 წლის არჩევნებიდან მეხუთე წელს.

ყველაზე ტკბილად 2003 წელი მაგონდება. პირველად მაშინ გავხდი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ სანამ გონს მოვეგე და გავითავისე თანამდებობა, მიშა გამოვიდა ასპარეზზე. მერე 2007-ში გავხდი პრეზიდენტი, მაშინაც ცოტა ხნით, ბავშვობაში გაგონილი მქონდა, მესამე და სამართალიო და მოუთმენლად ველოდი 2011 წელს, მაგრამ.... ახლა 2015 წელს ველოდები, თუმცა დარწმუნებული ვარ ისევ, მაგრამ....

ზოგი ქართველ "რკინის ლედის" მიძახის, რაღა დავმალო და მიხარია, მაგრამ ქვეყანაში ისეთი გაჭირვებაა, მეშინია ვინმეს მართლა ლითონის არ ვეგონო და ჯართში არ ჩამაბარონ.

ხალხმა ყელში ამომადინა სააკაშვილის მიერ 1 ლარად ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, თითქოს მათთვის რომ ეჩუქებინათ, უარს იტყოდა ვინმე, მაგრამ ჩემზე ატეხეს ერთი ამბავი, თითქოს ფული არ მქონოდა გადახდილი და ის ერთი ლარი ჩემი შრომით არ მქონოდა ნაშოვნი.

ჩემი გვარის ფუძე "ბურჯთან" ასოცირდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი ამომრჩევლები ამას არ უკვირდებიან და ვიღაც "მარგველებს" აძლევენ ხმას, არადა შევადუღაბებდი ჩემ ქვეყანას და მე მთავარ ბურჯად ვიქცეოდი.

ბევრი "პურის პრინცესას" მეძახის, რადგან ერთი ხანობა მამაჩემი იყო ქვეყნის პურპროდუქტების მთავარი განმკარგავი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთი ტომარა ფქვილიც არ მოუტანია სახლში; მამენტ, რად გვინდოდა?!

ბევრს ვფიქრობ ქვეყნის მომავალზე, მაგრამ უფრო მეტს ჩემსაზე ვფიქრობ, რადგან მე საქართველოს მოქალაქე ვარ და თუ მე კარგად ვიქნები, საქართველოც კარგად იქნება. როგორც შერლოკი იტყოდა - ეს ელემენტარულია, ვატსონ.

სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები, სხვა რა გითხრათ. გპირდებით, რომ არჩევნების დროს დაგიბრუნდებით, მაგრამ გთხოვთ, 7 ნოემბერს და პუტინთან შეხვედრას ნუღარ შემახსენებთ, თორემ მე ერთი და იგივეს ლაპარაკი არ მბეზრდება და ისევ თქვენ ხართ ცოდო.

ლადო გოგოლაძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს