''ბარლი ჩემთვის ლელა წურწუმიამ ჩამოაყვანინა...''

''ბარლი ჩემთვის ლელა წურწუმიამ ჩამოაყვანინა...''

გოგა გველესიანს ცხოველების მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა. ოქროსფერი რეტრივერი ბარლი მისთვის მეოთხე ძაღლია. 25 ოქტომბერს ბარლი სამი წლის გახდა და 14 იანვარს ქორწილი აქვს. ბარლი გამოფენების არაერთგზის გამარჯვებულია. ოთხჯერ დაიმსახურა წოდება ''ბრწყინვალე''.

მსახიობს პირველად ტიბეტური ტერიერი ჰყავდა, შემდეგ მის შვილს უვლიდა, მესამე ძაღლი კი ეზოში ნაპოვნი ავჩარკისა და კავკასიური ნაგაზის ნაჯვარი ძუ ლეკვი იყო, რომელსაც დიდხანს პატრონობდა.

- ბომბორა ძალიან ჭკვიანი ძაღლი იყო, დიდი გაიზარდა. თავიდან არ ვიცოდი, ხვადი იყო თუ ძუ და ასე იმიტომ დავარქვი. მაშინ საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. დედაჩემი უნივერსი-ტეტში მუშაობდა. ბომბორა დედას ყოველ დილით ბუკიას ბაღამდე მიაცილებდა, იცოდა, რა დროს ბრუნდებოდა, ისევ ბაღთან ხვდებოდა და შინ ერთად მოდიოდნენ. ოპერაცია რომ გა-ვუკეთეთ და შუშდებოდა, ჩემი ბინის მესამე სართულზე აივანზე იწვა. ერთხელაც სპექტაკლიდან სახლში დავბრუნდი და ბომბორა გარეთ დამხვდა. გამიკვირდა. მეორე სართულის მეზობელი გამოვიდა და მითხრა, ეს რა ვნახე, ბომბორა მესამე სართულიდან გადმოხტაო. როგორც ჩანს, ძაღლს მოთავება მოუნდა და აივანზე არ ქნა... პირველი ორი ძაღლის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი მეუბნებოდა, რომ მეტი ძაღლი არ მიმეყვანა, რადგან მათ სიკვდილს ძალიან განიცდიდა. ხშირად ტიროდა და ამბობდა, ნამდვილი მიზეზი რომ ვთქვა, ხალხი ვერ გამიგებს, ამიტომ უნივერსიტეტში ვამბობ, რომ ბიძაშვილი გარდამეცვალა და შენც თქვი, რომ ნათესავის სიკვდილის გამო ხარ ასეო.

- ბარლი როდის გაჩნდა თქვენ გვერდით?

- დედა რომ გარდაიცვალა, საბურთალოზე ბინა გავყიდე. თანხა მშენებარე კორპუსში შევიტანე, მშენებლობა კი დაიწყო, მაგრამ მერე შეჩერდა და 12 წელია, არ მოგვარებულა ეს საკითხი. მას შემდეგ რამდენიმე უბანში ვცხოვრობდი, დღემდე ქუჩაში ვარ. მივხვდი, რომ ჩემი ერთადერთი შვება ძაღლის ყოლა იქნებოდა. სხვათა შორის, ჩემი ოცნება იყო, ამ ჯიშის ძაღლი მყოლოდა. ოქროსფერი რეტრივერი საქართველოში ძალიან ცოტაა. ახლობლები დამეხმარნენ. ბარლი ლელა წურწუმიამ ჩამოაყვანინა ჩემთვის სლოვაკეთიდან. ლეკვი სლოვაკეთიდან თურქეთში და იქიდან უკვე თბილისში ჩამოფრინდა. მოკლედ, იური გაგარინივით იფრინა (იღიმის). იანვრის მზიანი ამინდი იყო, მაგრამ უცბად ამინდი შეიცვალა და თოვლი წამოვიდა. ძაღლის დასახვედრად ღამით ლელა, მამულიჩა და მე მივდიოდით და გზაში ვთქვი, ჩემი ბედი რომ ვიცი, ისე თოვს, თვითმფრინავი ვერ დაჯდება-მეთქი. აეროპორტში მამულიჩამ რომ მითხრა, თვითმფრინავი ვერ ჯდება და თურქეთში გაბრუნდაო, მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მართალი აღმოჩნდა. წამოვედით აეროპორტიდან და დილის 5 საათზე დარეკეს, ფრენა აღდგაო. ამჯერად უკვე მე და ლელა წავედით დასახვედრად და ჩამომივიდა ბარლი. ორთვე-ნახევრის იყო მაშინ. ნათლია ნატო მურვანიძეა, მან დაარქვა ეს სახელი.

- როგორი მოსავლელია?

- გონიერი და შეგნებული ძაღლია. თავისი ადგილი იცის, თავიდანვე გამოვუყავი ადგილი, სად უნდა მოეთავებინა და ასეც იქცევა. არაფერი დაუგლეჯია და დაუფლეთია. ყველა ძაღლი დილას უნდა გაიყვანო გარეთ, მე 12-1 საათზე ვიღვიძებ. მანამდე ბარლი ხმას არ იღებს, მეტიც, სანამ პირს არ დავიბან და არ ვისაუზმებ, მანამ არ მიმჩნევს, თითქოს იქ არ ვარ. როცა ჩავიცვამ, მაშინ იწყება ''დილა მშვიდობისა'' და მერე ერთად გავდივართ გარეთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს