ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია უკრანის უმაღლეს ეშელონებში ქართველი პოლიტიკოსების დანიშვნის ტენდენციას ამერიკურ ექსპერიმენტს უკავშირებს და ითხოვს, რომ მოქმედი ხელისუფლება მეტად დაინტერესდეს ამ უცნაური ტენდენციის მიზეზებით.
ხოფერია ამ ფაქტს "ვალის გასტუმრებას ამერიკულად" უწოდებს და ამ ქართულ-უკრაინულ "გადაბარგებაში" საფრთხესაც ხედავს.
"ფაქტი ჟღერდება მასმედიით, სოციალურ ქსელში ვრცელდება და ყოველგვარი ღრმა ანალიზის გარეშე იდება მეხსიერების თაროზე. ვინ არიან უკრაინაში დანიშნული ადამიანები?
როდის და საიდან მოვიდნენ ისინი ქართულ პოლიტიკაში?
რა როლს თამაშობდნენ 9 წლიან ამერიკულ ექსპერიმენტში?
ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მათი უკრაინაში გადასროლის შესახებ?
დაზუსტებულად ვიცი, რომ უკრაინაში იერარქიულად დაბალ თანამდებობებზეც "ქართველები" ინიშნებიან. ეს პიროვნებები საქართველოში სამართალდამცავ სისტემაში ნამუშევარი პროფესიონალები არიან, რომლებიც დროულად გადაბარგდნენ ამერიკაში და იქ საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ. ახლა ყველა მათგანი, როგორც ერთი, ტოვებს სამსახურს და უკრაინაში აგრძელებს "მოღვაწეობას".
ვისგან იმართებიან ეს ადამიანები?
რა დაინტერესება, დავალება, ვალდებულება დგას ამ გადაბარგებების უკან?
საქართველოს ყავს დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურები. საგარეო საქმეთა სამინისტრო. უმაღლესი პოლიტიკური ორგანო- პარლამენტი.... იციან მათ, რა ხდება უკრაინაში? რატომ არ ფიქსირდება პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ოფიციალური სახელმწიფო პოზიცია? რა გარანტიებს იძლევა ხელისუფლება, რომ ეს პროცესები დამანგრეველი და გამოუსწორებელი არ გახდება?
მე არ მაინტერესებს დანეკროზებული "ნაციონალური მოძრაობა". არც მიხეილ სააკაშვილი, არც დაუსრულებელი "ხუილოს " ძახილი, არც მაპი და მაპზე უკეთესი, მე მაინტერესებს რამდენად ვართ დაცული იმ სცენარის დასკვნითი ნაწილისგან, რომელიც ჩემ ერს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლებს! " - წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა სამინისტროებში თანამდებობები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი ამერიკელი ნატალია იასენკო, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლიტველი აივარას აბრომავიჩუსი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გახდა.