"ბექა წიქარიშვილს იმიტომ სჯის, რომ ის არ შეესაბამება მის წარმოდგენებს ქართველ კაცურ კაცზე" - შოთა დიღმელაშვილი პროკურორზე

"ბექა წიქარიშვილს იმიტომ სჯის, რომ ის არ შეესაბამება მის წარმოდგენებს ქართველ კაცურ კაცზე" - შოთა დიღმელაშვილი პროკურორზე

"ფორბს ჯორჯიას" რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ბექა წიქარიშვილის შესახებ პროკურორ ლაშა ცხვიტარიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც "განმარტავს, თუ რატომ სურს, რომ ბექა 7 წლით გამოკეტონ ციხეში ერთი ღერო პლანის გულისთვის".

"ბექა წიქარიშვილის ყოფილი მბრალდებელი, 1987 წელს დაბადებული პროკურორი Lasha Tskvitaria, თავისი ხატებით მოჭედილი ფბ პროფილიდან გვამცნობს, რატომ უნდა, რომ ბექა 7 წლით გამოკეტონ ციხეში ერთი ღერო პლანის გულისთვის:

"მე დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე აღარ ვარ ბრალმდებელი და, შესაბამისად, მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ განვაცხადო: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ხსენებული ბრალდებული უფრო მეტია, ვიდრე მომხმარებელი ან შემნახველი (სამწუხაროდ გამსაღებლობის მტკიცება ვერ მოვიპოვეთ და კანონისმიერად ის შევედავეთ, რაც დავამტკიცეთ). ბრალდების დადგენილებას გაეცანით და ყველაფერი ნათელი იქნება... ნუ ცდილობთ ზეგავლენის მოხდენას პროკუროროზე ანდა მოსამართლეზე, რადგან ფუჭია ეს ჯაფა...".

1. "მოსამართლეზე" გავლენა თავად მოახდინა, საკუთარი სისასტიკით. მართლა გულისხმიერმა მოსამართლემ საჯაროდ თანაუგრძნო ბექას, მაგრამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას არ აქვს უფლება, შეუფარდოს იმაზე ნაკლები, ვიდრე პროკურორის მეცადინეობის შედეგად შეტენილი მუხლითაა გათვალისწინებული ("ნულოვანი ტოლერანტობის" მემკვიდრეობა). ერთი ღერო პლანი კი საკმარისია შვიდწლიანი სროკისთვის, რადგან ჩვენს მზრუნველ კანონმდებლობაში არ არის განსხვავებული მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებები და ერთი ღერო საკმარისია, რომ "ნარკოტიკის" "განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა" დაგიმტკიცდეს. შედარებისთვის, იგივე "დანაშაულისთვის" ბექას კონსერვატორულ ინგლისში სიტყვიერ გაფრთხილებას აკმარებდნენ. მეორე ჯერზე ჯარიმას.

2. ბექა "უფრო მეტია, ვიდრე მომხმარებელი და შემნახველი" იმიტომ, რომ მას აქვს გრძელი თმა, არ არის აგრესიული ოღრაში, არ მოსწონს სუფრა და ღვინით ჭყეპა და ა.შ., თორემ მუხლჩაუხრელი შრომისთვის ამ აწ უკვე დაწინაურებული პროკურორის კურსელებმა კარგად იციან, რომ გალის კაი პლანის წევა თავად მისთვისაც არაა ძალიან უცხო ხილი. ლაშა ცქვიტარია ბექას იმის გამო სჯის, რომ ის არ შეესაბამება მის წარმოდგენებს ქართველ კაცურ კაცზე.

დღეს ბექას სასამართლოა, კაცის, რომელიც თანაბრად დააზარალა წილხვედრის ყველა "რეფორმატორი" თუ "მრაკაბესი" პოპულისტის პოლიტიკამ. მისი დაჭერა უფრო დიდი სისტემური ძალადობაა, ვიდრე ნებისმიერი "ცოცხები". მაგრამ როგორც წესი, საზოგადოებაც პროკურორივით ქურდებს, კაი ბიჭებს და "კაცური კაცის" სხვა არქეტიპებს უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე მუსიკოსს, რომელსაც "გოგოსავით გრძელი თმები აქვს". ბექას დაჭერა ჩვენთვის არ არის "ღირსების გათელვა". საყურიანი კაცი ხო თავიდანვე უღირსია".

ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო. ამის მიზეზი ბრალდებულის ადვოკატის თამარ იაკობიძის შუამდგომლობა გახდა.

თამარ იაკობიძის განმარტებით, წიქარიშვილის საქმეში სულ ორი დღის წინ ჩაერთო, ამიტომ საქმის მასალების შესწავლისა და დაცვის სიტყვის მოსამზადებლად გონივრული ვადა სჭირდება. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მომდევნო პროცესი.

"დამანგრეველი მორალური ზიანის "გონივრული ვადით" გახანგრძლივება რომ გაგიხარდება, ეგრეა საქმე. წელზე მეტია ალბათ, რაც იმის შიშით ცხოვრობს, რომ დღეს თუ არა ხვალ - იმის გამო, რასაც ასობით მილიონი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აკეთებს და რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროში როგორც მინიმუმ დეკრიმინალიზებულია - ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ 7 წელს სანაგვეზე გადაუგდებენ. გარემოების ცინიზმი პროკურორისაზე არანაკლებია: მომავლის წართმევა განაჩენის დღიდან არ იწყება, უკვე რა ხანია, დაწყებულია. ბექა ხომ სულ აწმყოში ცხოვრობს. აბა, რა მომავალზე უნდა იფიქროს, რა უნდა დაგეგმოს, რა უნდა ეწყინოს ან გაუხარდეს, სანამ ეს ტირანული კანონი მოქმედებს მის საქმეზე? ის უკვე არის აწმყოს პატიმარი. მომავლის გარეშე ცხოვრება - ცხოვრებაა? ხვალინდელ დღეზე ფიქრის უუფლებობა თავისუფლებაა?", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, ბექა წიქარიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, დიდი ოდენობით (65 გრამი) მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე. ბექა წიქარიშვილის დაკავებას მოჰყვა მოქალაქეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო კამპანია ამ მუხლის შემსუბუქების მიზნით სახელწოდებით - "ბექა კრიმინალი არ არის", რომელშიც დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს