"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს" - ბათუმელი ქალბატონი დახმარებას ითხოვს

"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს" - ბათუმელი ქალბატონი დახმარებას ითხოვს

"ტელეკომპანია 25"-ის ინკოგნიტო რესპოდენტი ირწმუნება, რომ იგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მას დედამთილი და მეუღლე ფიზიკურად უსწორდებიან. მიზეზად ქალბატონი უშვილობას ასახელებს. მისივე თქმით, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დედამთილმა ურჩია, ქმარს გაშორებოდა და განქორწინების შემდეგ ქონების წილის მიღებაზეც უარი ეთქვა.

"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს. შვილი არ გვყავს, მთავარი მიზეზი ეს არის. ერთი წელიწადია უკვე ძალადობენ. უნდოდათ სახლიდან გამოგდება, მომისროლეს კიდეც, შენ არ გყავს შვილი და წადიო. არ მაქვს ჩემი სახლი და სად წავიდე", - აცხადებს ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი.

ქალბატონი იმასაც ამბობს, რომ ოჯახში ცემის შედეგად მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება ოჯახის წევრებმა და სამართალდამცავებმა გადააფიქრებინეს.

"ჩალურჯებული მქონდა სხეული. ავედი პოლიციაში, მაგრამ არ მიმართო ექსპერტს, მაინც არავინ დაგეხმარება, აზრი არ აქვსო. პოლიციელმაც შეურაცხყოფა მომაყენა - ჩემთან წამოდიო", - ამბობს დაზარალებული.

ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის მატების ტენდენციაზე საუბრობენ მესამე სექტორში. იურისტი მარიანა ჟღენტი ამბობს, რომ ქალები კონკრეტული ფაქტების გახმაურებას და სამართალდამცავებთან ურთიერთობას ერიდებიან, რადგან მსხვერპლ ქალებს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიები არ აქვთ.

სახალხო დამცველის ოფისი ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მსხვერპლ ქალებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა თხილაძე ამბობს, რომ დაზარალებულმა შესაბამის უწყებას უნდა აცნობოს, რის შემდეგაც უფასო თავშესაფრით სარგებლობას შეძლებს.

საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ 2014 წლის განმავლობაში აღნიშნული ოჯახიდან რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა, როგორც ქალბატონის, ასევე მისი დედამთილის მხრიდან. ორივე მხარე აცხადებდა, რომ ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: TV25

"ტელეარხი 25"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა