ცხოვრება ლოთის გვერდით - ერთი ქალის ტკივილიანი ისტორია

ცხოვრება ლოთის გვერდით - ერთი ქალის ტკივილიანი ისტორია

"ათენიდან გწერთ. აქ ჩამომიყვანა შვილების სიყვარულმა და ქმრის უნიათობამ

თქვენ არ იცით, როგორი ძნელი ასატანია, როცა შენს შვილს საჭმელი არ აქვს, როცა სკოლაში ვერ უშვებ იმის გამო, რომ ფეხზე არ აცვია; როცა ბავშვი გეუბნება, რომ კლასში ვიღაცამ დასცინა, რადაგან მამამისი ქუჩაში წაქცეული ნახა. ჩემს მეუღლეს კი სულაც არ ადარდებდა, რომ ქუჩაში ეძინა და თუ ვინმე მის წამოყენებას შეეცდებოდა, ყველას ლანძღავდა, აგინებდა. ამიტომაც, ახლოს არავინ ეკარებოდა, მხოლოდ ჭორაობდნენ მასზე. შიმშილსა და უქონლობას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც ძნელი ასატანი იყო... თუ ჩემი ცხოვრებით დაინტერესდებით, სიამოვნებით გადაგიშლით გულს. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი და მინდა, საკუთარი ტკივილი მის მკითხველებს გავუზიარო. გმადლობთ".

ქალბატონმა, რომელიც ახლა საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მითხრა: ჩემი ამბავი რაიონში ისედაც ყველამ იცის და აუცილებლად მიცნობენ, მაგრამ შვილები უკვე სტუდენტები არიან და არ მინდა, მათ სირცხვილი კიდევ ერთხელ ვაჭამოო...

- დაბნეული ვარ. არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ, მოყოლა საიდან დავიწყო, არადა, მეგონა, თუ დამიკავშირდებოდით, მთებს შევძრავდი (იცინის)... ერთ ღარიბ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. სიღარიბეში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები. დედ-მამა საოცრად პატიოსანი ადამიანები იყვნენ. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ მე და ჩემს და-ძმებს საჭმელი არ მოგვკლებოდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩემი უფროსი და გთხოვდა. შეძლებული ოჯახის შვილს გაჰყვა. ის ხშირად გვეხმარებოდა მატერიალურად და მშობლებმა ცოტა ამოისუნთქეს. მერე ჩემმა ძმამ დაიწყო მუშაობა, მომდევნო ძმამაც იშოვა საქმე. მე დიასახლისობა მევალებოდა. 16 წლის გახლდით, ჩვენს სახლში მაჭანკალი რომ მოვიდა: კარგი ბიჭი მეგულება, თქვენს შვილს უნდა გავურიგოო. მამა გადაირია, - რა დროს ამის გათხოვებაა? ეს საქმე არ მეჩქარებაო, - და წამოდგა, ის ქალი შუა ლაპარაკში მიატოვა: - სამუშაო მაქვს, თქვენთვის არ მცალიო. ამით დედასაც ანიშნა, რაც უნდა გაეკეთებინა. საბოლოოდ, დედამ მაჭანკალს არც ჰკითხა, ვისზე იყო ლაპარაკი, ის ქალი უარით გაისტუმრა. ეს ამბავი გამიხარდა, რადგან შეყვარებული ვიყავი და ვიღაც უცხოზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- თანასოფლელზე იყავით შეყვარებული?

- არა. ის რაიონში ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენს სოფელში მამიდა ჰყავდა და ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, მას შემდეგ კი, რაც ერთმანეთს კურკური დავუწყეთ, უფრო ხშირად გვსტუმრობდა. მამუკა ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჩემზე 4 წლით უფროსი. ჩემს ბავშვურ ანცობებს უხმოდ იტანდა. ალბათ იცოდა, რომ ყველაფერი ზედმეტი სიყვარულისგან მომდიოდა... ვოცნებობდით, მომავალს ვგეგმავდით. მე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მინდოდა, მას კი უკვე სამსახური ჰქონდა და საკუთარი კუთხის მოწყობას აპირებდა. ჩამოყალიბებული კაცი იყო. იმ ქართველ ბიჭს კი არ ჰგავდა, რომლებიც სიბერემდე მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ და მოხუცებიც არ იუკადრისებდნენ ასეთ საქციელს, დედ-მამა ცოცხლები რომ ეგულებოდეთ.

- როგორც ვხვდები, თქვენ და თქვენს შეყვარებულს ვიღაცამ გეგმები ჩაგიშალათ.

- კი, ასე მოხდა! საქმე ის არის, რომ თურმე, მაჭანკალი ჩვენთან საკუთარი ნებით კი არ მოსულა, ჩემს მომავალ ქმარს გამოუგზავნია. გიორგი (პირობითად ასე დავარქმევ, თქვენი ნებართვით) შორიდან მიცნობდა და მოვწონდი თურმე, მე კი მასზე ცხადია, არც ვფიქრობდი. ჩემი ყურადღება რომ ვერ მიიქცია, მაჭანკლის დახმარებით სურდა ჩემამდე გზის გაკვალვა. სოფელში შეძლებული ოჯახის შვილად მიიჩნეოდა და ეგონა, ჩემი მშობლები მის პედაგოგ დედ-მამას ქალის მიცემაზე უარს ვერ ეტყოდნენ. ჰოდა, არაფერი რომ არ გამოუვიდა, თურმე, ჩემი მოტაცება გადაწყვიტა. იმ დღეს, როცა 17 წელი შემისრულდა, მეგობართან ერთად მაღაზიაში წავედი, ლიმონათის საყიდლად. გზაში მანქანამ გაგვიჩერა. ჩვენთვის უცხო ბიჭმა გამოჰყო თავი (საჭესთან იჯდა), - უკაცრადვად, ხომ არ იცით, ესა და ეს ადამიანი სად ცხოვრობს? მის სახლამდე გზას ხომ ვერ მიმასწავლითო? მეგობარმა გოგონმა აუხსნა, საითაც უნდა წასულიყო. ამასობაში, ხელი მტაცეს და მანქანაში ჩამტენეს. ეს რომ დაინახა, ჩემი დაქალი აკივლდა, მანქანას ხელი არაფრით გაუშვა, კარის გამოღება მოახერხა და ვიღაცას თმაშიც სწვდა. ისიც ჩემთან ერთად, მანქანაში ჩატენეს და პირზე ხელი ააფარეს.

- მანქანაშივე აგისხნეს ალბათ, ვინ გიპირებდათ ქმრობას.

- კი, გიორგიმ თავი გამოიდო, ცივ ნიავს არ მოგაკარებ, ჩემი ერთადერთი სიხარული ხარო. შეყვარებული რომ არ მყოლოდა, ალბათ, ბედნიერ გოგოდ ვიგრძნობდი თავს, ისე იქცეოდა... წაგვიყვანეს რაიონში, გიორგის ბიძის სახლში. კარგად მიგვიღეს. ოჯახის დიასახლისმა მე და ხატიას გვითხრა: ნუ გეშინიათ, აქ ზედმეტს ვერავინ ვერაფერს გაკადრებთო. გული გავიმაგრე. ეჰ, ნეტავ, მაშინ რატომ არ არსებობდა ეს ოხერი მობილური ტელეფონი, თორემ მამუკას ხომ გავაგებინებდი, ჩემს თავს რაც ხდებოდა? მესიჯს მაინც მივწერდი...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს