ჩანაწერი კახეთის გუბერნატორს ამხელს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

ჩანაწერი კახეთის გუბერნატორს ამხელს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

ვერიკო კობიაშვილი 2014 წლის 1 სექტემბრიდან 1 იანვრამდე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში მუშაობდა. დეკემბერში მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ტესტირების შედეგად 45 ქულა დააგროვა და გასაუბრებაც გაიარა. გამგებელი მის დანიშვნას სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აპირებდა, მაგრამ კახეთის გუბერნატორის დავალებით, კობიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ვიდრე გასაუბრებაზე გავიდოდი, გამგებელთან საუბრისას მე ასეთი ინფორმაცია მივიღე, რომ ის აპირებდა ჩემს დაწინაურებას. გასაუბრება რომ გავიარე, იმის შემდეგ მითხრა, რომ დაწინაურება კი არა, ხელშეკრულებასაც ვერ გამიგრძელებდა სპეციალისტის პოზიციაზე. გამგებელმა მითხრა, რომ ეს იყო კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის პირადი დირექტივა", - უთხრა ვერიკო კობიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს გუბერნატორთან შეთანხმებით იღებს და ვერიკო კობიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებაც შიოლაშვილთან შეუთანხმებლობის გამო მოხდა. ჩანაწერში გამგებელს ვერიკო კობიაშვილის მეგობარი, მაკა მოსიაშვილი ესაუბრება.

გთავაზობთ მაკა მოსიაშვილისა და ალექსანდრე შათირიშვილის დიალოგს ჩანაწერიდან:

მაკა მოსიაშვილი - ერთი რამე მაინტერესებს, თელავში შენ აგირჩიეს თუ გუბერნატორი? მე მახსოვს, რომ შენ აგირჩიეს.

ალექსანდრე შათირიშვილი - ერთი გუნდი ვართ.

მაკა მოსიაშვილი - ერთი გუნდი არ ხართ, შენ მოგცეს ხმა, მე ასე მახსოვს.

ალექსანდრე შათირიშვილი - ერთი გუნდი ვართ ჩვენ და ერთმანეთის საქციელზე ვაგებთ პასუხს, ერთმანეთის ქმედებებზე. როგორ, მე ცალკე ვიწიო, იმან ცალკე იწიოს, პრემიერმა ცალკე განცხადებები აკეთოს და ეგ რა გამოვა ეხლა მითხარი...

მაკა მოსიაშვილი - რა ცალკე იწიოს?

ალექსანდრე შათირიშვილი - ერთი გუნდი ვართ მეთქი და თუ რამეს ვაკეთებთ ერთად უნდა გავაკეთოთ.

მაკა მოსიაშვილი - ე.ი. გუბერნატორი ყოფილა გამგებელიც, რწმუნებულიც, წარმომადგენელიც.

ალექსანდრე შათირიშვილი - გუბერნატორი, პრემიერი და კიდევ ათასი ვიღაც არის...

მაკა მოსიაშვილი - ალიკა, ყველაფერს გუბერნატორს როგორ უთანხმებ, სირცხვილი არ არის?

ალექსანდრე შათირიშვილი - მომისმინე, კიდევ გეუბნები, ჩვენ ვართ ერთი გუნდი.

მაკა მოსიაშვილი - პოლონეთს რომ გავაგებინებ თქვენი მისალოცი ბარათის გამო ვერიკო კობიაშვილი მოხსნეს სამსახურიდან იმიტომ, რომ ადრესატს ჩააბარა-მეთქი ... ხომ თავიდან ბოლომდე იცის გუბერნატორმა?

ალექსანდრე შათირიშვილი - ალბათ იცის... ეგეთი რამე ეცოდინება.

მაკა მოსიაშვილი - კარგი... გივი მეტრეველი (გუბერნატორის მოადგილე) როგორ გვყავს?

ალექსანდრე შათირიშვილი - სხვათა შორის ძალიან შეწუხებული, როგორც მე, მაგ საქმეზე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვშველით. მეც და მაგანაც დავიცავით ვერიკო, რომ ასეა, ასეა, მაგრამ გვითხრეს, აბა როგორ, როცა ფაქტი ასეა. ვნახოთ აბა...

მაკა მოსიაშვილი - რა უნდა ვნახოთ?

ალექსანდრე შათირიშვილი - რა უნდა ვქნათ და დავიცადოთ, იქნებ რაღაცა შევცვალოთ.

მაკა მოსიაშვილი - იქნებ დაითანხმოთ შიოლაშვილი?

ალექსანდრე შათირიშვილი - ჯერ ღიად ვტოვებთ მაგ საკითხს.

მაკა მოსიაშვილი - იქნებ დაითანხმოთ შიოლაშვილი?

ალექსანდრე შათირიშვილი - შევჯერდეთ გუნდში.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა