გორში, კომბინატის დასახლებაში აცხადებენ, რომ მაწანწალა ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დასახლების მოზარდებმა აცნობეს და ძაღლის ფოტოც მიაწოდეს. ფოტო სკოლის მოსწავლეებმა, შემთხვევის ადგილზე გავლისას გადაიღეს.
ძაღლი აღრიცხვაზე გორის თავშესაფარში ჰყავდათ აყვანილი და მკურნალობაც ჩატარებული ჰქონდა.
"მაგ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, რომ გავიარეთ, ძაღლი ამ მდგომარეობაში ვნახეთ. საჭიდაო დარბაზთან ორი კაცი იდგა. ვკითხეთ, ამ ძაღლს რა მოუვიდაო და გვითხრეს, მზარეულმა წყალი გადაასხაო. ეს ძაღლი ამ სასადილოში იყო მიჩვეული და თურმე მზარეულს საჭმელს პარავდა. შემდეგ მივედით სასადილოში. ის მზარეული ფანჯრიდან იყურებოდა და ვკითხეთ, რატომ მოკლა ძაღლი. მე არ მომიკლავსო, წადით აქედანო. დილით რომ გამოვიარეთ, ნაგვის ბუნკერთან ძაღლი აღარ ეგდო", - ყვება მოზარდი, რომლის ტელეფონითაც ფოტოა გადაღებული.