აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "ეროვნული" ვალუტის - აფსარის შემოღებას გეგმავენ. შესაბამისი წინადადებით დე ფაქტო პარლამენტს აფხაზეთის ბანკის თავმჯდომარემ მიმართა, რომელიც დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს.
გამოცემა "სპუტნიკ-აფხაზიას" ცნობით, აფხაზეთის ეროვნული ბანკი სავალუტო პოლიტიკის დუალიზმის რეალიზებას გეგმავს, რაც ქვეყანაში ორი სრულფასოვანი ფულადი ერთეულის მიმოქცევას ნიშნავს, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან მიბმული. ეს ფულადი ერთეულები კი აფსარი და რუსული რუბლი იქნება. ახალი ვალუტა თავდაპირველად მხოლოდ მონეტების სახით გამოვა.
"ჩვენ შევჩერდით მონეტებზე, რადგან ისინი უფრო დიდხანს ძლებს. რაც შეეხება კურსს, მოსახერხებელი რომ იყოს, აფსარი მკაცრად მივაბით რუსულ რუბლს. კურსით 1 აფსარი მუდმივად 1 რუბლის ტოლი იქნება", - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბარათელიამ.