მოგზაურობა საიქიოში ანუ მორგში გაცოცხლებული ქართველები

მოგზაურობა საიქიოში ანუ მორგში გაცოცხლებული ქართველები

სიტყვა "საიქიოს" სულხან-საბა ასე განმარტავს: "მერმისი სოფელი, სიკვდილის უკან". უამრავი ლეგენდა გვსმენია იმ ადამიანების შესახებ, ვინც იმ სოფელს სტუმრად სწვევია და კვლავ უკან დაბრუნებულა, მათთან უშუალოდ შეხვედრის შესაძლებლობა კი პირველად, ამ ცოტა ხნის წინ მომეცა.

პირველი რესპონდენტი, ომარ აბრამიძე გახლავთ. როგორც თავად გვიამბობს, ის სამი დღე-ღამის განმავლობაში მორგში, მეტლახის ფილებზე "ეგდო", შემდეგ კი, რაღაც შემთხვევის წყალობით, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მიცვალებული კი არა, ცოცხალი იყო და მხოლოდ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა...

- დავიბადე 1942 წელს და ვინაიდან ამ დროს, მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ომარი დამარქვეს. ბედი იმაშიც არ მქონდა, რომ დედის რძით გავზრდილიყავი. ჩემი "დედა", თხა გახდა. დიდი გაჭირვებით დავამთავრე საშუალო სკოლა და ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შემდეგ წავედი ჯარში და სიკვდილს თვალებში პირველად სწორედ იქ შევხედე.

- სად მოიხადეთ სამხედრო სამსახური?

- მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა გახლდით, ჯარში ყაზახეთში, მანგეშლაკში გამიწვიეს. იქ ურანის მადნის საბადოებია და ჯანმრთელობისათვის ძალზე საშიშია. იქ მომსახურე ადამიანების უმეტეს ნაწილს სისხლის გათეთრება ემართება. იმ არემარეზე არც წყალია, არც მცენარე ხარობს. ერთადერთი, რაც დადებითი გახლდათ, დიდი ხელფასი იყო. მადნის მოპოვებასა და გადამუშავებაზე ძირითადად, ისინი მუშაობდნენ, ვისაც მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სამხედრო ნაწილი, რომელშიც ვმსახურობდი, გასაიდუმლოებული იყო. ამის გამო, ჯარისკაცებს შვებულებაში არ გვიშვებდნენ. ჩემი მშობლები კომისარიატში მისულან და უკითხავთ - როგორ მოვახერხოთ, ომარი ერთი თვით შინ რომ ჩამოვიყვანოთო? კომისარს დაურიგებია: ვინაიდან იქ ჩასული ან იქიდან გამოგზავნილი ყველა წერილი იკითხება, შვილს მისწერეთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ძალზე ავად არის, შემდეგ ჩვენც გავაგზავნით მოთხოვნას და იქნებ, გამოუშვანო. მამაჩემმაც გამომიგზავნა წერილი, რომელშიც დედაჩემის ავადმყოფობის შესახებ მწერდა. ეს რომ წავიკითხე, რას წარმოვიდგენდი, რომ "ჩაწყობილი" საქმე იყო?!. ვიფიქრე, დედა მიკვდება-მეთქი და არაყს მივეძალე. ერთხელ, ისე დავთვერი, გონება მებინდებოდა. მერე პლანიც მოვწიე. მიუხედავად იმისა, რომ მოსაწევი უხვად იშოვებოდა, მანამდე, არასოდეს გამისინჯავს; არ ვიცოდი, რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ნასვამზე მოწევას და ისე ცუდად გავხდი, რომ იფიქრეს - მოვკვდი. პირველი კლინიკური სიკვდილი მაშინ მქონდა. შემთხვევით გადავრჩი...

- გამოდის, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მეორედაც აღმოჩნდით?..

- დიახ, სულ სამჯერ მქონდა. ახლა გიამბობთ მეორე შემთხვევას: ჯარიდან რომ დავბრუნდი, ინსტიტუტში სწავლა გავაგრძელე. ჩვენი თანაჯგუფელი გოგონა, გვარად ჯაჯვანი, გათხოვდა და მთელი ჯგუფი მის ქორწილში ვიყავით. მე შედარებით ადრე წამოვედი და საბჭოს მოედანზე, ტაქსის ველოდებოდი. ამ დროს, ვიღაცამ გვერდით ჩამირბინა. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი კაცი გამოჩნდა, რომელიც პირველს მისდევდა. რატომღაც იფიქრეს, რომ სწორედ მე ვიყავი ის პირველი, სიტყვაც არ უთქვამთ, ისე მომიახლოვდნენ და ერთ-ერთმა დანა დამარტყა; ბარძაყში დამჭრა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თურმე არტერია გადამეჭრა. ზამთარი იყო, გაყინულ მიწაზე დავეცი. ვგრძნობდი, სისხლისგან ვიცლებოდი, მაგრამ მშველელი არავინ ჩანდა. ამ დროს, შემთხვევით ვიღაცამ მოტოციკლით გამოიარა, მაშუქის სინათლეზე დაუნახავს ჩემი სისხლისგან ავარდნილი ორთქლი, მოტოციკლი გაუჩერებია და რომ დაინახა, დაჭრილი ვიყავი, მოტოციკლის "კალიასკაში" ჩამსვა და საავადმყოფოში მიმიყვანა. მესმოდა, მორიგე ექიმმა რომ უთხრა - ჩვენ მორიგე საავადმყოფო არა ვართ და დაჭრილს ვერ მივიღებთო... მერე პულსი გამისინჯეს და ისიც გავიგონე, როგორ თქვა: გული გაჩერებული აქვს, ვეღარაფერს ვუშველით, მორგში გადაასვენეთო... მინდოდა მეთქვა - მკვდარი არა ვარ, ყველაფერი მესმის-მეთქი, - მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი... იმ საავადმყოფოში ჩემი მეზობელი, ავთო ადუაშვილი მუშაობდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს ყოფილა მორიგე. საბუთები რომ უნახავს, თავში შემოუკრავს ხელი - ეს ხომ ომარიაო!.. გამოეკიდა ურიკას, უკან დამაბრუნა და იმდენი ქნა, რომ სააქაოს დამაბრუნა. ცხონებული ნოდარ ბოხუა გამოიძახეს, საოპერაციოში შემიყვანეს, სისხლიც გადამისხეს და გადამარჩინეს. ოპერაციის დროსაც მესმოდა ექიმების საუბარი - არ გადარჩებაო, - რომ ამბობდნენ, მაგრამ გადავრჩი. გონზე მე-9 დღეს მოვედი. ქირურგმა ფულიც კი არ გამომართვა: ისეთი ოპერაცია გავაკეთე, კარიერას ფულზე მეტად რომ წაადგებაო...

- მესამედ როგორ აღმოჩნდით კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში?

- მესამედ უკვე 1983 წელს, ავარიაში რომ მოვხვდი, სწორედ მაშინ აღმოვჩნდი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. იმ პერიოდში, თბილისის ზღვაზე, მაშველად ვმუშაობდი. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პირდაპირ, საკუთარი მანქანით ბოძს შევასკდი. გონება მაშინვე დამიბნელდა, თუმცა ყველაფერი მესმოდა. ამჯერადაც უცხო ადამიანებმა მიმიყვანეს საავადმყოფოში. შაბათი დღე იყო. მაშინვე მორგში გამაქანეს. ორშაბათამდე ქვის იატაკზე ვეგდე. ორშაბათს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მოვიდნენ. პრაქტიკას გადიოდნენ. მორგში შემოიყვანეს და რომ გამანძრიეს, ხელი ცოცხალი ადამიანივით გადამივარდა. მაშინ მიხვდნენ, რომ გარდაცვლილი არ ვიყავი. დაფაცურდნენ და სასწრაფოდ ექიმები დამახვიეს თავს. ყველა ერთხმად ამბობდა - ამის გადარჩენის შანსი არ არისო, - მე კი ამ დროს ვფიქრობდი: აუცილებლად გადავრჩები-მეთქი. მართლაც, "გამოვძვერი" და ახლა საღ-სალამათი, აგერ, თქვენ გესაუბრებით...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს