ბიუჯეტის ფულით გარემონტებული ზაურ ბოლქვაძის არარსებული სახლ-მუზეუმი

ბიუჯეტის ფულით გარემონტებული ზაურ ბოლქვაძის არარსებული სახლ-მუზეუმი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას გასული ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მაგალითად, გაერთიანებამ 350 ლარად პლანშეტი შეიძინა, რომელიც, გაერთიანების ხელმძღვანელის შოთა ჩანტლაძის განმარტებით, სამუზეუმო გაერთიანების პროექტში მონაწილე გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა.

მართალია, გასულ წელს სამუზეუმო გაერთიანებამ ახალი კომპიუტერიც შეიძინა, თუმცა, კომპიუტერის შეკეთებისთვის 200 ლარია გადახდილი. ხელშეკრულებებში და მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის დაკონკრეტებული, რა სახის ტექნიკურ მომსახურებაშია თანხა გადახდილი.

2014 წლის 16 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "მაგთიკომისგან" შეძენილია 720 ლარის მონო და ბალი ბარათები. ეს მაშინ, როცა სამუზეუმო გაერთიანება კომპანია "ჯეოსელის" კორპორატიული მომსახურებით სარგებლობს.

"ეს არის "მაგთის" ფორმა, მათ ჩაწერეს ბარათები, თუმცა, ჩვენ ის არ მიგვიღია. ეს თანხა "მაგთის" მოდემის მომსახურებისაა. ასე გაამზადა კომპანიამ ხელშეკრულება" - განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა შოთა ჩანტლაძემ.

კიდევ ერთი საეჭვო ხელშეკრულება 2014 წლის 1 ივლისს არის გაფორმებული. ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა შოთა ჩანტლაძემ ინდმეწარმე ვახტანგ სიხარულიძეს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, 4 185-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის თანახმადაც, ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

აღნიშნული ხელშეკრულების დადების საფუძველი მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის ბრძანება იყო: "გამოიყოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 4 285 ლარი. დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, უზრუნველყოს ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების სუბსიდირება სათანადო საბუთების საფუძველზე," - ვკითხულობთ 2014 წლის 26 ივნისით დათარიღებულ ბრძანებაში.

როგორც ირკვევა, ბრძანებით გამოყოფილი თანხიდან 100 ლარი ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენას მოხმარდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ჯერ ხარჯთაღრიცხვა უნდა გაკეთებულიყო და თანხა შემდეგ გამოყოფილიყო, ხარჯთაღრიცხვა გამგებლის ბრძანების გამოცემის მეორე დღეს არის შედგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი ჩოხატაურში არ არსებობს. უფრო მეტიც, სახლი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარემონტდა, რეგისტრირებული საერთოდ არ არის და საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ზაურ ბოლქვაძის დედას, კესარიას ეკუთვნის.

შოთა ჩანტლაძის თქმით, ე. წ. სახლმუზეუმის რემონტი ნაჩქარევად, ფორსმაჟორში გაკეთდა, რადგან ჩოხატაურში ზაურ ბოლქვაძის ქალიშვილს, ელისო ბოლქვაძეს ელოდნენ, რომელსაც კონცერტი უნდა ჩაეტარებინა:

"ქალბატონ ელისოს ველოდებოდით, კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. მართალია, კონცერტი არ ჩატარდა, თუმცა, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. ფორსმაჟორი იყო და სასწრაფოდ მოხდა სახლის შერემონტება" - ამბობს ჩანტლაძე.

-ბატონო შოთა, ფორსმაჟორი გაძლევთ იმის უფლებას, რომ კანონი დაარღვიოთ და ბიუჯეტის ფულით კერძო საკუთრება გაარემონტოთ?

- არაფერი ისეთი არ მომხდარა.

-ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, სადაც წერია, რომ გარემონტდა ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი. რეალურად, მუზეუმი არ არსებობს. იცით, ვის ბალანსზეა სახლი?

- წარმოდგენა არ მაქვს...

-სახლს მუზეუმის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, ხელშეკრულებაში საწინააღმდეგო რატომ გიწერიათ?

- ეს შეთანხმებული იყო(?!). სამომავლოდ გეგმაში გვაქვს, რომ მუზეუმი იყოს.

ჩანტლაძის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ღობის შეკეთებით და ფასადის შებათქაშებით შემოიფარგლა, პირადად აკონტროლებდა, თუმცა მას სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აქვს.

"მე დავდიოდი და ვნახულობდი სამუშაოებს პირადად. სურათები არ გადამიღია. არც მუშაობის პროცესში და არც შემდეგ. ამ წუთს მუზეუმში ზაურ ბოლქვაძის შესახებ არანაირი მასალა არ გაგვაჩნია" , - აღნიშნა ჩანტლაძემ.

იხილეთ ვრცლად

"გურია ნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა