პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტი" განახლდა

პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტი" განახლდა

პანკისის ხეობიდან სირიაში ეთნიკურად ქისტი ახალგაზრდების გაგზავნა განახლდა. სოფელ დუისში მცხოვრებ 18 წლის ბესლან მარგოშვილს ოჯახის წევრები 2015 წლის 12 იანვრიდან ეძებდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბესლან მარგოშვილი სირიაში იმყოფება და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) მებრძოლების შემადგენლობაშია.

"12 იანვარს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ მინახავს. შუადღის ორი საათი იყო,  სახლში რომ მოვედი, გოგოს ვკითხე, ბესლანი სად არის მეთქი და გავიდაო, ომალოში მივდივარო, ასე უთქვამს. იმის შემდეგ არ დაბრუნებულა. ქალაქში ერთხელაც არ არის ეგ ბიჭი ნამყოფი. არცერთი საბუთი არ ჰქონდა, პირადობის მოწმობაც სახლში გვაქვს. ფული არ ჰქონდა, ისეა გასული. მეორე დღეს დამირეკა, დედა, მე თურქეთში ვარო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბესლან მარგოშვილის დედამ, მანია ფარეულიძემ.

ბესლან მარგოშვილის მამის თქმით, მან 13 იანვარს შს ახმეტის სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებას მიმართა იმის დასაზუსტებლად, ჰქონდა თუ არა მის შვილს მეორე პასპორტი.

"მეორე დღეს დუისის პოლიციაში მივედი. ვკითხე, პასპორტი სად აქვს მეთქი აღებული და უფლება არ გვაქვს, რომ გითხრათო. მაინტერესებდა, პასპორტი სად ჰქონდა აღებული. სახლში გვაქვს მისი პასპორტი, არცერთი საბუთი არ ჰქონდა, არვიცი აუღეს, თუ ისე გადაიყვანეს. მარტო არ წავიდოდა, ეგ ყველამ იცის. კაპიკი ფული არ ჰქონდა, ალბათ ვიღაც დაეხმარა. ველოდებით, როდის ჩამოვა... ან ჩამოვა, ან არა..." - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ მარგოშვილმა.

შსს-ს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ბესლან მარგოშვილზე 2015 წლის იანვარში გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი. საქართველოდან სირიაში კი ის თურქეთის გავლით მოხვდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობაც, რომლებმაც სავარაუდოდ, პანკისის ხეობიდან სირიაში 18 წლის ახალგაზრდის გადაყვანის ორგანიზება განახორციელეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა