თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართველოს ისტორიაში - სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია" და... (?)

თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართველოს ისტორიაში  - სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია" და... (?)

ასტროლოგიას ვაღიარებთ თუ არა, ფაქტია, რომ ასტროლოგები გარკვეულ გათვლებს, პროგნოზებს და მინიშნებებს ყოველთვის აკეთებენ. ვინაიდან 2015 წელი თხის გახლავთ, მათი ინფორმაციით, არც ისე იოლი გასავლელია და გარკვეულ "სიურპრიზებს" უნდა ველოდეთ.

ასტროლოგი რამაზ გიგაური მაგალითისისთვის იხსენებს 1991 და 2003 წლებს, რომელებიც თხის გახლდათ და ორივე საქართველოსთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა (1991-ში სამოქალაქო ომი დაიწყო, 2003-ში "ვარდების რევოლუცია" მოხდა)...

Ambebi.ge ბატონ რამაზს მიმდინარე წლის სირთულეებზე ესაუბრა.

- 2015 წელი ასტროლოგიურად თხის წელია. რაკი ის დიდი ხანი არ არის, რაც რეალურად ძალაში შევიდა, უკვე თამამად შეგვიძლია მასზე ვისაუბროთ. როგორც მახსოვს, წერდით, რომ თხის წელი მოდის და ქვეყნისთვის ის საკმაოდ დაძაბული და ვნებათაღელვით სავსე იქნებაო. რა იძლევა ამის საფუძველს და რას გულისხმობდით?

- ყოველი წლის ბოლოს, ჩემს ასტროლოგიურ ბლოგსა და "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომავალი წლის ასტროლოგიურ პროგნოზებს ვაქვეყნებ და ცხადია, გამონაკლისი არც 2015 წელი ყოფილა. შარშან, დეკემბერშივე მივუთითე, რომ თხის წელი მოდიოდა, რომელიც იოლი და სტაბილური ნამდვილად არ იქნებოდა.

საერთოდ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წლისთვის დამახასიათებელია მერყეობა, ცვალებადი აქტიურობა, მოვლენების არასტაბილური განვითარება, ჭირვეულობა, და პერიოდული სასოწარკვეთა.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თხის წელი მხოლოდ ნეგატიურ ტენდენციებს უკავშირდება, მაგრამ ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, თხის წელი მაინცდამაინც პოზიტიურ წლად არ მოიაზრება. შედარებისთვის თხა დასავლურ კალენდარში მორიელის ზოდიაქოს შეესაბამება და მორიელის ზოდიაქო დასავლური ასტროლოგიის თანახმად, ურთულეს ნიშნად ითვლება. თხის წლის ძირითადი ტენდენციებია - მერყეობა და არასტაბილურობა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყველა დონეზე იგრძნობა.

- კონკრეტულად რა სირთულეებია მოსალოდნელი და რას უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება?

- 2015 წლის ყველაზე რთული პირველი და მეოთხე კვარტალი იქნება, ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს. ყველაზე რთულ კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ - იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის პირველი ნახევარი, შემდეგ უკვე ნოემბერი და დეკემბერი.

ამ წელს მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობა ან დაკარგული პოზიციების უხეში მეთოდებით დაბრუნების მცდელობა  გამართლებული არ იქნება, რადგან მოსალოდნელია, ამან კიდევ უფრო გაამწვავოს არსებული მდგომარეობა.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ?! ცხადია, უპირველესად მატერიალურ საკითხებს, რადგან თხა ჩინურ ასტროლოგიაში ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროს მართავს და მას ცვლილებები ყოველთვის ფიზიკურ სამყაროში მოაქვს. გამონაკლისი არც 2015 წელი იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ მინიმუმამდე შეამციროს ფინანსური რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხის მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ უბრალო უკმაყოფილებაში, მოსალოდნელია ამას სერიოზული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვეს, რაც ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.

- იქ, სადაც 2015 წლის შესახებ პროგნოზს აკეთებდით, იქვე გვახსენებდით, რომ თხის წელი იყო სწორედ 1991, რაც საქართველოსთვის უმძიმესი აღმოჩნდა, - ძმათამკვლელი ომი დაიწყო... რა შეცდომები დაუშვეს მაშინ?

- საქმე ის არის, რომ თხის წელს ახასიათებს არა მხოლოდ "მიზეზიანი", არამედ ერთი შეხედვით, "უმიზეზო" გართულებებიც. სინამდვილეში მიზეზ-შედეგობრიობის კანონის თანახმად, ყველა შედეგი გარკვეული მიზეზის გამო დგება. თხის წელში, ეს ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი "მიზეზები" ერთბაშად და მოულოდნელად აქტიურდება, რაც სერიოზული კრიზისს იწვევს ხოლმე.

თხის წელში როგორც ადამიანები, ისე სახელმწიფოები ჯიუტები და მეტისმეტად პრინციპულები ხდებიან, რაც კონფლიქტებს და დაპირისპირებებს უდებს სათავეს. მაგალითად, თხის წელში დაიწყო ცნობილი ავღანეთ-საბჭოთა კავშირის 10-წლიანი ომი. სწორედ თხის წელში მოხდა საქართველოს "სამოქალაქო ომიც", რამაც შემდგომ საქართველოში მთელ რიგ ურთულეს პოლიტიკურ პროცესებს დაუდო სათავე.

- საუბრობდით ასევე მომდევნო თხის წელიწადზე, ანუ 2003 წელზე, როდესაც საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა. "ყვავილით," უსისხლოდ, მაგრამ მთავრობა მაინც შეიცვალა...

- დიახ, "ვარდების რევოლუციაც" სწორედ თხის წელში მოხდა. როგორც აღვნიშნე, ყველაფერს განაპირობებს ამ წლისთვის დამახასიათებელი ერთი მხრივ დამახასიათებელი მერყეობა, არასტაბილურობა, ძველის ნგრევისა და ახლის შენების სურვილი და მეორე მხრივ კი ადამიანები ხდებიან ჯიუტები, კარგავენ რეალობის განცდას, უშვებენ შეცდომებს, რაც ამ ცვლილებებს აჩქარებს.

"ყველაფერი თხის წელში ხდება" ალბათ გადაჭარბებულია, თუმცა ჩინური ასტროლოგიის მიხედვით თხა შედის "კრიზისულ ოთხეულში" - ვირთხასთან, ხართან და რასაკვირველია, გველთა ერთად. სწორედ ამ წლებში ხდება ძირითადი კრიზისული და გარდამტეხი მოვლენები.

- რაკი უახლოესი ისტორიიდან ამ მაგალითებს იხსენებთ, ე.ი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წელსაც თხის წელში წლის ბოლოსკენ მსგავსი რამ არის მოსალოდნელი?

- ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი ციკლია თხის წელმა საქართველოს პოლიტიკური ცვლილება მოუტანა და არ არის გამორიცხული, ეს 2015 წელსაც მოხდეს და მაგალითად, ეს გამოიხატოს ვადამდელ არჩევნებში.

- რა რეკომენდაციებს იძლევით, რომ თავიდან იქნას საფრთხეები აცილებული?

- ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს - დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ყველა ბერკეტით შეეცადოს იგივე ლარის კურსის დასტაბილურებას. მაშინ, როცა მოსახლეობა მძიმე ტვირთად აწევს საბანკო სესხები, არ იქმნება სამუშაო ადგილები და არ ხდება ადამიანებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხოლო გნებავთ ცენტრალური, გნებავთ რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ დიდ ხელფასთან ერთად, პრემიებს და ათასგვარ დამატებებს იღებენ, ეს შესაძლოა, მათ ძალიან ცუდად შემოუტრიალდეთ.

2015 წელს რთული იქნება მარტი. ხოლო შემდეგ კრიზისულ პერიოდს უკვე 15 ივნისიდან უნდა ველოდოთ, როდესაც პლანეტა სატურნი ე.წ. "რეტროგრადული" მოძრაობით დაბრუნდება მორიელის ზოდიაქოში და ეს სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისები ან იძულებითი ცვლილებებიც ვიხილოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს