ადამიანის გენიტალიური (სასქესო ორგანოების) პაპილომავირუსული ინფექცია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. აშშ-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. 50 წლის ასაკის ქალთა 80% ამ ვირუსით არის ინფიცირებული. მისი მნიშვნელობა უმთავრესად იმით არის განპირობებული, რომ პაპილომავირუსს შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეორე მიზეზია მკერდის კიბოს შემდეგ.
არსებობს პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპი. ზოგიერთი მათგანი მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული), ზოგიერთი კი დაბალი რისკისა (არაონკოგენური). პაპილომავირუსით ინფიცირებულთა 5-30%-ს ერთდროულად აქვს ამ ვირუსის რამდენიმე ტიპი. პაპილომავირუსით ინფიცირების რისკფაქტორებია:
როგორ გადაეცემა პაპილომავირუსი
ადამიანის პაპილომავირუსის გადაცემა მხოლოდ სქესობრივი გზით ხდება. ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა საგანზეც, მათ შორის - ტანსაცმელზე, მაგრამ ამ გზით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა აღწერილი არ არის.
როგორ მიმდინარეობს პაპილომავირუსული ინფექცია
შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება, ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება, ინფიცირებულთა ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს საშვილოსნოს ყელის კიბო. ათიდან ცხრა შემთხვევაში ორგანიზმიდან ვირუსის გამოდევნა ერთ-ორ წელიწადში ხდება, 10%-ს კი პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია უვითარდება. ასეთ დროს, თუ ადამიანი მაღალი რისკის ვირუსით არის ინფიცირებული, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები, რასაც კიბოს ჩამოყალიბება მოსდევს.