ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს

ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს

ვაშლოვანის ნაკრძალთან, ე.წ. სამუხის ტერიტორიაზე ჯეირანი მოკლეს. ჯეირანი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სატელიტურ საყელოს ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. ფერმა სასაზღვრო ზოლშია, სადაც მესაზღვრეების სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. პოლიციისთვის ცნობილია იმ 7 ადამიანის ვინაობა, რომლებიც ქურციკის მოკვლამდე 12 საათის განმავლობაში სამუხის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ბრაკონიერი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ინფორმაცია ქურციკის მოკვლის შესახებ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ამირან კოდიაშვილმა გაავრცელა.

"ეს ქურციკები მონიშნული არიან სატელიტური ფორმით. აღჭურვილობა ყოველ 12 საათში ერთხელ გადასცემს იმპულსს. ჩვენ ვაკვირდებით ქურციკების გადაადგილებას და ვიცით, როგორ მოძრაობენ. მოხდა საეჭვო გადაადგილება კონკრეტული მიმართულებით, სადაც მანამდე არ ყოფილან. მეორე დღეს ვნახე, რომ სატელიტური აღჭურვილობა გაჩერდა ერთ ადგილზე და ქურციკი არ გადაადგილდებოდა, შესაბამისად იმპულსი აღარ მოდიოდა. ეს შეიძლება მოხდეს ორ შემთხვევაში. ან უნდა გაფუჭდეს სატელიტური მოწყობილობა, ან უნდა გაანადგურონ. თუ ქურციკი არ მოკლეს, აპარატს ვერ გაანადგურებენ. მაგალითად, დათვმა რომ შეჭამოს ქურციკი, აპარატი იმდენად მაგარია, რომ დათვი მას ვერ დაამტვრევს. დავრწმუნდით, რომ ქურციკი იყო მკვდარი. დავიწყეთ იმის გარკვევა, რა მოხდა. მივედი ადგილზე, სადაც ნიშნული მქონდა. ეს იყო ფერმის ეზო, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ეს ცხოველი ამ ფერმაში მიიტანა. ეს ფერმა არის ტერიტორიაზე, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს. ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული და კონტროლირებადია", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ამირან კოდიაშვილმა.

მისივე თქმით, დაზიანებულ სატელიტურ აპარატს ფერმაში მიაკვლიეს.

"მოვიკითხე მესაზღვრეებში, ვინ მოძრაობდა გასულ 12 საათში ამ ტერიტორიაზე, როცა ეს ამბავი მოხდა. საუბარია 7 ადამიანზე, რომელთა ვინაობაც მე არ გამიმხილეს. საქმის კურსში ჩავაყენე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდიც და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაც. ფონდმა გადაწყვიტა, რომ რადგან ქურციკების მიმღები იყო ვაშლოვანის ადმინისტრაცია, მას უნდა მოეხდინა რეაგირება. ინფორმაცია აქამდე იმიტომ არ გავავრცელე, რომ მითხრეს, შესაძლოა, ხელი შეგვეშალა გამოძიებისთვის, მაგრამ გონივრული ვადა უკვე გავიდა. ერთი კვირის წინ შევხვდი დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსს, რომელმაც მითხრა, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. ჩხრეკაც ჩავატარეთ, მაგრამ ვერაფერი მტკიცებულება ვერ აღმოვაჩინეთო", – აღნიშნავს კოდიაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მერაბ ფიროსმანაშვილსაც დაუკავშირდა.

"ტერიტორია, საიდანაც ქურციკი გაქრა, დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში არ შედის. სამუხის ტერიტორიაზე ძირითადად მეცხვარეები არიან. ჩემი აზრით, შემთხვევით ჩასული ადამიანის მიერ არის მოკლული. როცა ჩავედით და ვნახეთ, სატელიტი სადაც იყო მიტოვებული, გადავეცით პოლიციას და დაიწყეს მოკვლევა", - განაცხადა ფიროსმანაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა