მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ორ თვეში - 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის იანვარში, ჯამში, პრემიის სახით 83 075 ლარი გაიცა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 2 650 ლარს შეადგენს, ხელფასის ოდენობის პრემია ორჯერ, 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის იანვარში აიღო. თანხამ ჯამში, 5 300 ლარი, ხოლო ხელფასიანად, გამგებლის ამ ორი თვის შემოსავალმა 10 600 ლარი შეადგინა.
გამგებლის პირველმა მოადგილე გიორგი გოროზიამ, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 1 300 ლარია, ამავე რაოდენობის თანხა დეკემბერსა და იანვარში აიღო. ჯამში, 2 თვის განმავლობაში მასზე პრემიის სახით 2 600 ლარი გაიცა. მისმა შემოსავალმა კი დეკემბერ-იანვარში 5 200 ლარი შეადგინა.
ამავე ოდენობის, 1 300 ლარიანი პრემია გაიცა გამგებლის მოადგილე დავით სილაგავაზე, რომლის თანამდებობრივი სარგოც 1 300 ლარია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 7 განყოფილების უფროსზე, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 810 ლარია, პრემიის სახით 810 ლარი გაიცა. ხოლო 2015 წლის იანვარში ამავე რაოდენობის თანხა 4 მათგანზე გაიცა, დანარჩენმა ორმა - 567 ლარი, ხოლო ერთმა - 405 ლარი მიიღო.