რა არის განკითხვის ცოდვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი? - მამა პეტრე ამ მძიმე ცოდვის უმძიმეს გავლენაზე

რა არის განკითხვის ცოდვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი? - მამა პეტრე  ამ მძიმე ცოდვის უმძიმეს  გავლენაზე

ადამიანები მუდმივად თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ თამამად და დაუფარავადაც განსაჯონ სხვა. თუმცა სხვისი განკითხვა ფარულად თუ ღიად, საშინელი ცოდვაა, რაც ჩვენი ცხოვრების ბოლო დროის მძიმე სენად იქცა, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალზე ჭირს.

როგორც ჩანს, დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ადვილია სხვისი ცხოვრების განხილვა, ''კბილის გაკვრა''. როგორც იტყვიან, ''სხვა სხვის ომში ბრძენიაო''. თითოეული ისეთი ''სიბრძნითა'' და ''მონდომებით'' საკუთარ ''ომში'' რომ იბრძოდეს, ამქვეყნად ალბათ ამდენი სატკივარიც არ დაგროვდებოდა და ცხოვრებაც გაცილებით იოლი იქნებოდა.

ჩვენი საუბრის თემა განკითხვა გახლავთ, რომელსაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთან ერთად განვიხილავთ, ანუ რა არის განკითხვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი?!

- განსჯა - ღვთის საქმეა. "ნუ განიკითხავთ", - გვეუბნება უფალი, რათა არა განიკითხნეთ. ვინც დაჰფარავს მოყვასის ცოდვებს, არ განიკითხავს მას, იმას ღმერთიც შეიწყნარებს თავის მართალ სამსჯავროზე, როგორც მისი წმიდა მცნების დამცველს, რადგან "ყოვლად მართალი არ ივიწყებს თავის მცნებებს". მამათა წიგნში არის მოთხრობილი: კვდებოდა ერთი განდეგილი, რომელიც სხვების აზრით, თავის ცხონებაზე თავს არ იწუხებდა. მას გარდაცვალებისას სახეზე ღიმილი ადგა.

"რატომა ხარ ასეთი უდარდელი ამ საშინელ ჟამს?" - ჰკითხეს მას ძმებმა: "ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის, რატომა ხარ ასე მშვიდად; გამაგრდი, ჩვენი უფლის ქრისტეს ძალით და გვითხარი, რათა ვადიდებდეთ იმის მოწყალებას". მაშინ მომაკვდავმა უთხრა მათ: "ასე, მამებო და ძმებო, მე ვცხოვრობდი დაუდევრად, და ეხლა ანგელოზმა ყველა ჩემი საქმე წაიკითხა ღვთის სამსჯავროზე, მე მდაბლად ვცანი დამნაშავედ თავი და მოველოდი ღვთისაგან მკაცრ განაჩენს, მაგრამ უცებ ანგელოზებმა მითხრეს მე: ყოველი შენი დაუდევრობის მიუხედავად, შენ უბოროტო იყავი და არავის არ განიკითხავდი". ამ სიტყვებზე მათ დახიეს ჩემი ცოდვების ფურცელი; აი, რატომა ვარ ასე გახარებული," - თქვა ეს და მან მაშინვე მიაბარა უფალს თავისი სული.

ასე აღესრულა მასზე ქრისტეს სიტყვები: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ". რამეთუ, რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, ასეთივე მსჯავრით განიკითხნეთ - განგსჯის ღმერთი, არც ისე იშვიათად, ადამიანებით; და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, ასეთივე საწყაულით მოგეწყოთ თქუენ. ნაწილობრივ მოგეზღვება ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე, სრულიად კი - მომავალში. მოყვასის შეწყალებისა და სიყვარულისათვის ღმერთი მოგხედავს თავისი მოწყალებით; მოყვასის მიმართ შენი უსამართლობისათვის, ღმერთიც მკაცრად განსაზღვრავს შესაფერისს თავისი მსჯავრით. "მოყვასის განკითხვით, - ამბობს წმ. ოქროპირი, შენ მას კი არ განიკითხავ, არამედ შენს თავს, რომელსაც გადასცემ საშინელ სამსჯავროსა და მსჯავრს. როგორც თავიდანვე ჩვენზეა დამოკიდებული ცოდვების პატიება, ასევე ამ სამსჯავროზეც: ჩვენ თვითონ ვადგენთ საზომს ჩვენი განსჯისა...

- რა გამოდის? არ უნდა დავადანაშაულოთ დამნაშავენი?

- დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ. პავლეც იმავეს გვეუბნება, უფრო სწორედ, ქრისტე გვასწავლის პავლეს პირით: "ხოლო შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?" (რომ. 14,10,4). "ნუ წინასწარ ჟამისა რას განიკითხავ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი" (1 კორ. 4,5).

- ზოგადად ამ ცოდვით ადამიანი რას უმზადებს საკუთარ თავს?

- მაცხოვარი ყველას განურჩევლად როდი უკრძალავს ცოდვების განსჯას, არამედ მხოლოდ მათ, ვინც თავად ურიცხვი ცოდვებით არიან დაავადებულნი და განიკითხავენ სხვებს უმნიშვნელო საქმეებისთვის. ეს ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან: "ანუ რასა ჰხედავ წუელსა - როგორ ამჩნევ სხვის მცირეოდენ შეცდომას თვალსა შინა - სინდისში ძმისა შენისასა, და დვირესა, უმძიმეს ცოდვას თუალსა შინა შენსა, შენს სინდისში, არა განიცდი - ვერ ამჩნევ?" ნებისმიერს შეუძლია უკეთ დაინახოს საკუთარი ცოდვები, ვიდრე უცხოსი, უფრო კარგად შეამჩნიოს დიდი, ვიდრე ნაკლები. "ანუ, ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, მომეცი საშუალება, და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა; და აჰა, ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა". როგორ ცდილობ მის მკურნალობას, როცა შენ იმაზე მეტი მკურნალობა გჭირდება? მაგალითად: განრისხება არის წუელი ანუ ბეწვის ოდენა რაღაც, სიძულვილი კი დირე, მორის ოდენა. ვინც კვებავს თავის ძმის მიმართ მრისხანებას ბოროტი ეჭვებით, იგი წყალს უსხამს წუელს, რომელიც იზრდება და დიდ მორად იქცევა. მაშ ასე, თუ შენ განიკითხავ მრისხანებაში მყოფს, ხოლო შენს გულში ინახავ სიძულვილს, იცოდე, რომ შენც გეხება ქრისტეს სიტყვები: "ანუ რასა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?" ასე განურისხდა მეფე დავითი მართალთ, როგორც მას მოეჩვენა, აღშფოთდა ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც საწყალ და ღატაკ მეზობელს ბატკანი წაართვა, მაგრამ თვითონ ჯერ კიდევ ვერ დაინახა თავისი მძიმე დანაშაული, როცა მან ურიას ცოლი წაართვა და თავად სიცოცხლესაც კი გამოასალმა. სხვისი განმკითხველი, თუ მას ამის მორალური უფლება არ გააჩნია, საკუთარ თავს მარადიულ სასჯელს უმზადებს.

- ის, ვინც ერთხელ ამ ცოდვას ინანიებს, მეორედ რატომღა იდენს მას? ნუთუ მართლა ძნელია მისგან თავის დაღწევა?

- ვინც თვითონაა სხვადასხვა მანკიერებებისადმი მიდრეკილი, იგი ვერ იქნება სხვათა შეცოდებების მკაცრი მსაჯული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ნაკლებ მნიშვნელოვანია; ნუ გაკიცხავ, აუგს ნუ იტყვი, არამედ შეაგონე; ნუ დაადანაშაულებ, არამედ ურჩიე; სიამაყით ნუ დააცხრები, არამედ სიყვარულით გამოასწორე; იმიტომ, რომ მოყვასს კი არა, შენს თავს მისცემ უსაშინლეს სასჯელს, როცა მას არ შეიბრალებ, როცა განიკითხავ მის შეცოდებებს, შენი თავისთვის გამოიტან განაჩენს.

სხვისი განსჯა ადვილია, საკუთარი ცოდვების მიმართ უფრო შემწყნარებლები ვართ. ვინც ამ მანკიერებას გულით არ ნანობს, ვერასდროს გათავისუფლდება მისგან. ხშირად ფსევდოინტელექტუალებს პროფესიად აქვთ ქცეული სხვისი გაქილიკება, მაგრამ სხვაში იმას ხედავენ, რაც თავად ზეჭარბად გააჩნიათ და საკუთარი სიბინძურის დამალვას სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ...

- პოლიტიკოსები, მსახიობები, სასულიერო პირები და თვით საქართველოს პატრიარქიც კი, - განსჯის ობიექტები ხდებიან. არავის ინდობენ. როგორც ვიცი, სასულიერო პირის განკითხვა, მით უფრო პატრიარქის, უმძიმესი და ძნელად მისატევებელი ცოდვა...

- ვისაც განიკითხავენ, რაც უნდა სუბიექტური იყოს, რაღაც დოზით, სამკურნალოც კია... ადამიანი თუ გონიერია, დაფიქრდება და ამდენ ქვის სროლას სულიერი საძირკვლის გასამაგრებლად გამოიყენებს, მაგრამ მუდმივად ჩასაფრებული თვალი და მისი "გულისტკივილი" უკურნებელ დაავადებაში გადადის და სიწმინდეშიც კი მოსაწონს ვერ ხედავს. საბოლოოდ, ფსიქიკურად რყევას განიცდის, არაადექვატური ხდება, სხვისი ამდენი განსჯა აგრესიაში გადასდის. ხიბლისგან კარგავს ადამიანის სახეს, რომლის შემდეგ გამძვინვარებულ მხეცს ემსგავსება და მზად არის ყველაფერი დაგლიჯოს.

მეტ-ნაკლებობით ცოდვისკენ მიდრეკილება ყველაშია. შეიძლება ქმედებაში არ გადაგვივიდეს, მაგრამ შინაგანად უარეს მდგომარეობაში ვიყოთ, ვიდრე ის, ვინც ამას დაუფარავად აკეთებს. გარეგნული სიწმინდე კი უფალს არ ესათნოება, თუ ფიქრით და გონებით ყირაზე ვდგავართ. ადამიანი სახეს ხედავს, უფალი გულს. არა მხოლოდ სასულიერო პირის, ზოგადად ადამიანის დაუსრულებელი განკითხვა და მისი მოსმენა მოსაბეზრებელია.…

- დღეს მართლაც, ადამიანები ყველასა და ყველაფრის განსჯით არიან დაკავებულები. რატომ? ამას უსაქმურობა ხომ არ აკეთებინეთ?

- ამ ''პროფესიით" ძირითადად უსაქმურები კავდებიან... ეს არის ერთადერთი "სამსახური" განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც უამრავი ვაკანსია გააჩნია. პირადი და საინტერესო ცხოვრება რომ ჰქონდეთ, დარწმუნებული ვარ, სხვისი "ყვითელი" ყოველდღიურობით არასდროს დაინტერესდებოდნენ. თუ ამდენს განიკითხავ, იმას ნიშნავს, რომ პატიება არ შეგიძლია. თუ პატიება არ შეგიძლია, მაშინ რას ემსახურება ამდენი "გულისტკივილი?!" თუ ვინმეს ჰგონია, სხვაზე უკეთესია, იმ ფარისეველს ემსგავსება, მეზვერესთან ერთად რომ ლოცულობდა ტაძარში, მაგრამ ღმერთმა მისი ლოცვა, არც სიტყვები არ შეისმინა. "მსაჯული" დამნაშავეს თუ იმით სჯობს, რომ მისი შინაგანი ფორიაქი ჯერ არ გამჟღავნებულა, ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. თუ ყველა ბრძოლა სისრულეში არ მოჰყავს, არა იმიტომ, რომ ღვთის შიში აქვს, არამედ ამპარტავნება იჭერს. როგორც იტყვიან - ცოდვა გამხელილი სჯობს. ცოდვის გარდა, მუდმივად სხვის ფანჯრებთან დგომა და ქურდულად თვალთვალი პროვინციალიზმიც მგონია. მონანული ცოდვილისგან მეტს ისწავლი, ამპარტავანი "წმინდანისგან" კი ...

ლალი ფაცია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" პროდიუსერი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან