თავლა საძინებელ ოთახთან - როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში

თავლა საძინებელ ოთახთან - როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში

"ჩემი ცხენი სახლიდან მოიპარეს. ღობე გადაჭრეს და იქიდან გაიყვანეს. ცხენის გარეშე სოფელში ცხოვრება რთულია. ქურდობა ისე გახშირდა, მეშინია, რომ ცხენი კიდევ არ მომპარონ და ჩემი საძინებლის გვერდით მდებარე ოთახი თავლად გადავაკეთე. ახლა ცხენი ჩემს გვერდით, ოთახში მყავს დაბმული", - ამბობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მცხოვრები იმირან ბუხდიევი.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, სოფელ ფონაში 12 ცხენი, 7 ცხვარი და 1 ძროხა მოიპარეს. პოლიციამ მხოლოდ ერთი მოპარული ცხენი იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ცხენის მეპატრონის გიორგი სურმანიძის თქმით, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მოპარული ცხენი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში იპოვეს. ქურდობის დანარჩენი საქმეები გაუხსნელია.

"დაბმული ცხენი დავკარგე. აშვებული რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, წავიდა მეთქი, მაგრამ სახლთან მყავდა დაბმული. თივა დავუყარე ცხენს და სახლში შევედი, რომ გამოვედი, ცხენი აღარ იყო", - აღნიშნავს ადგილობრივი ნაჯაფ აკბაროვი.

7 სული ცხვარი მოპარეს ამავე სოფელში გაბარაევების ოჯახს.

"მავთულის ღობე გაჭრეს და ცხვარი ისე გაიყვანეს. იმის შემდეგ კიდევ ცხენი მოგვპარეს. გავდივართ ხოლმე, როცა ძაღლი ყეფს, მაგრამ ძაღლიც დააძინეს. ქურდობის მეორე დღეს, მთელი დღე ეძინა და მერე მივხვდით, რომ ალბათ რაღაც დაალევინეს და დააძინეს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარინა გაბარაევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ფონადან საქონლის დაკარგვის ფაქტებს შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს აფენის ქვეგანყოფილება იკვლევს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა