11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის შედეგია - მაია ცირამუა

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის შედეგია - მაია ცირამუა

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მას სკოლაში თანაკლასელებთან კონფლიქტი მოუვიდა. სკოლის დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეგიაშვილის ინფორმაციით, თანაკლასელებმა ბიჭს უთხრეს, რომ ის ნაშვილები იყო.

ბავშვთა ფსიქოლოგის მაია ცირამუას განმარტებით, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის და სკოლის მხრიდან ამ პრობლემისადმი წაყრუების შედეგია.

"სასკოლო სივრცეში არის ასეთი პრობლემა, რასაც ბულინგი ჰქვია. ბულინგი არ გულისხმობს მხოლოდ თანატოლებს შორის ფიზიკურ ძალადობას. ის რაც მოხდა ძველი ანაგის სკოლაში, ესეც ბულინგის ერთ-ერთი გამოხატულებაა, ძალიან მძიმე და მტკივნეული. პირველ რიგში სკოლამ უნდა გააცნობიეროს, აღიაროს, რომ ეს არის პრობლემა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ იდენტიფიკაციის უნარი არ გააჩნიათ, ვერც კი ხვდებიან რომ ეს პრობლემაა და ვერ არქმევენ ამ პრობლემას სახელს. ვერ ხედავენ, რომ ეს მათი, კონკრეტულად სკოლის პასუხისმგებლობაა. ასეთი შემთხვევებისთვის იმდენად უუნაროები არიან, არ იციან როგორ იკონტაქტონ, რა გააკეთონ, არ იციან, ვინ ჩართონ ამ პროცესში და სამწუხაროდ ხდება ასეთი ძალიან მძიმე ფაქტები.

ნებისმიერ შემთხვევაში სკოლას უნდა ჰქონდეს რეაქცია. როდესაც ხედავ მოზრდილი ადამიანი, პედაგოგი, რომ შენს თვალწინ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს, უსამართლოდ ექცევა, როგორ შეიძლება, რომ ამაში არ ჩაერიო? არ შეეცადო ამ სიტუაციის დარეგულირებას?

-როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მოცემულ შემთხვევაში მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობა, რა უნდა გაეკეთებინათ?

- აუცილებელი იყო ამ ორ ბავშვს შორის ურთიერთობის აღდგენა, მედიაცია, ორივე მხარესთან მუშაობა თვითონ სკოლის, მასწავლებლების მიერ. შეიძლებოდა ამაში მშობლების ჩართვა.

-მაშინვე უნდა ემოქმედათ და სახლში არ უნდა გაეშვათ?

- რა თქმა უნდა, პირველივე შემთხვევაზე უნდა ყოფილიყო რეაქცია. ახლა ძალიან რთულია ჩვენ ვილაპარაკოთ, რა უნდა გაკეთებულიყო. სკოლას უნდა ჰქონდეს მზად კრიზისების მართვის ტაქტიკა, სახელმძღვანელო რეკომენდაციები. ცხადია, წინასწარ ვერ გათვლი, რა ტიპის კრიზისი იქნება, მაგრამ სკოლამ უნდა იცოდეს, ვის რთავს, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ატყობინებს ამის შესახებ, ვინ იკრიბება, ვინ საუბრობს ამ პრობლემაზე, ან სად ამისამართებ. კარგი იქნებოდა ფსიქოლოგისთვის მიემართათ, მინიმუმ რამდენიმე მასწავლებელი მაინც შეკრებილიყო და გაეანალიზებინათ. ორივე ბავშვთან მუშაობა იქნებოდა ყველაზე სწორი.

ამხელა ტრაგედია მოხდა, ერთი ბავშვი აღარ არის ცოცხალი და მეორე ბავშვმა მთელი ცხოვრება ამ ტრავმით უნდა იცხოვროს. ძალიან რთული ვითარებაა. რატომღაც სკოლებში მიაჩნიათ, რომ ბულინგი არ არის სამუშაო პრობლემა. მოზარდი იმდენად სახიფათო ასაკშია, თან ეს ისეთი თემაა, რომ მართლა არაპროგნოზირებადი ხდება ადამიანი. ფხიზლად უნდა იყოს მასწავლებელი და მთლიანად სკოლა, არ შეიძლება ასეთი შემთხვევების წაყრუება", - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა