ავტორი:

რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი, ანუ ვნების კვირის პარასკევი, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ჯვარს აცვეს ქრისტე. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

"იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა, იუდას შემწეობით, შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს".

ამ დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა გიორგი სანამაშვილს ვესაუბრეთ.

- მამაო, ვინაიდან წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა, - კაცობრიობის მხსნელი ჯვარზე გააკრეს - ქრისტიანები ერთმანეთს მაინც ასე ეუბნებიან - მრავალს დაესწარი?

- ნებისმიერ დღეს მრავალს დაგვასწროს უფალმა და გასაჭირსა და სიხარულშიც უნდა ვმადლობდეთ უფალს... ვინაიდან ეს მსოფლიო განსაცდელის დღეა, რადგანაც კაცობრიობამ თავისი მაცხონებელი ჯვარზე აიყვანა, ამ შემთხვევაში "მრავალს დაესწარი" ალბათ უფრო სასიხარულო დღეებს მიესადაგება, გვიახლოვდება ქრისტეს აღდგომა, ბრწყინვალე დღესასწაული და სწორედ მაშინ ვუთხრათ ერთმანეთს ეს და კეთილი სურვილები ვუსურვოთ.

- ახლა წითელი პარასკევის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ...

- წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მძიმე დღეა და რაში მდგომარეობს ეს სიმძიმე: ქვეყნად მოსული გამომხსნელი, რომელიც ამ წუთისოფელში შემოვიდა და როგორც იოანე მახარებელი ამბობს, "თვისთა თანა მოვიდა იგი და თვისთა იგი არაშეიწყნარეს," - მოკლეს, ჯვარს აცვეს თავისი მაცხონებელი, ამიტომ ეს არის გლოვის დღე. მაგრამ რას გლოვობს ადამიანი, - ღმერთის სიკვდილს? რა თქმა უნდა, - არა. ჩვენ სწორად არ გვაქვს გაცნობიერებული მაცხოვრის აღდგომა თავისი ჯვარცმით. ეს დღე უნდა იყოს დასაბამი ჩვენი ცოდვების შემსჭვალვის. ცოდვები უნდა შევმსჭვალოთ, - "ძველი კაცი ჯვარცმულ არს," გარდაიცვალოს და "ახალი კაცი" დაიბადოს, ანუ ჩვენში ცოდვისმიერი უნდა დავტოვოთ და აზროვნება ახლებურად დავიწყოთ. გავიგოთ მაცხოვრის გამომხსნელობის მნიშვნელობა და შესაბამისად ვიცხოვროთ.

- რა არ უნდა გააკეთოს ამ დღეს ადამიანმა?

- ამ პერიოდში ადამიანმა უნდა იმარხულოს, მეტად განეკრძალოს ლოცვისკენ... საერთოდ, ადამიანებს დაბურული გვაქვს გონების თვალი და ვერ ვამჩნევთ, რას ვაკეთებთ და რას - არა. ზოგჯერ ისეთი მზაკვრობა და ბოროტებაც კი შეიძლება წარმოიდგინოს და ჩაიდინოს, თვითონაც კი არ სჯეროდეს ის, მისი ნამოქმედარია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ "ნუ სიმთვრალითა და სიმღერითა, ნუ ლაღობითა და დროის ტარებითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვუისთა ფსალმუნითა და შესხმითა… სულიერითა. უგალობდით და აქებდით გულითა უფალს". დიახ, რაც ყოფას შეეეხება, აი, ეს არ უნდა გავაკეთოთ...

ეს დღე კიდევ ერთხელ დასაბამი უნდა იყოს იმის, ადამიანის გონება დაფიქრდეს, მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმისთვის, რომ არ გააკეთოს ის, რაც ღვთის მცნებებშია მოცემული (არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა კაც კლა...) დიახ, ამის ფართო გაგებით და არა ისე, ზოგიერთს რომ ჰგონია, კაცი არ მომიკლავს და სხვა რა ცოდვა უნდა მქონდეს?! არადა, გონებაში ხშირად გვიმრუშია, კაციც მოგვიკლავს, ალბათ თუ დავფიქრდებით, ჩვენზე ცოდვილი ადამიანი არც დადის. ის კი არა, პავლე მოციქულმა თქვა, რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. ეს გააცნობიერა მოციქულთა თავმა, წმინდა პეტრემ და ჩვენ რაღა გვეთქმის? გვეთქმის ის, რომ ცოდვილები ვართ და ცოდვილთაგან უპირველესები. ამიტომ არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა... ლოცვას არ უნდა მოვწყდეთ.

- რაც შეეხება რიტუალურ ნაწილს - კვერცხი რატომ უნდა შეიღებოს მაინცდამაინც პარასკევს და არა, მაგალითად, შაბათს?

- კვერცხის შეღებვა მაცხოვრის ჯვარცმასთან არის დაკავშირებული. წითელი ფერი სიმბოლურად ქრისტეს დაღვრილ სისხლს განასახიერებს, ვინაიდან ქრისტემ სისხლი დაღვარა, დაათხია, გარდაიცვალა, კვერცხი კი სიცოცხლის სიმბოლოა. ამავდროულად აქვეა აღდგომის იდეაც, ანუ თუ მოკვდა, აღდგება კიდეც. ეს იდეა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშიც იყო: მამამთავარ აბრაამს ღმერთი ეუბნება, რომ შემომწირე ისააკი მხოლოდ შობილი ძე შენი. აბრაამს შვილი მიჰყავს სამსხვერპლოზე და ამბობს, - ავალთ და დავბრუნდებით... მოკლედ, დადგენილია ასე, რომ კვერცხებს სწორედ წითელ პარასკევს ვღებავთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ