ბერტა კინსკის "ქართული ცხოვრება"
მასთან საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ
ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელთან შეხვედრას, საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ, საქართველოში მეუღლესთან ერთად ცხრა წელი ცხოვრობდა, აქედან ხუთი წელი ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლეში გაატარა. 1904 წელს ბერტა ფონ ზუტნერი ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა თეთრ სახლში სასაუბროდ მიიწვია. როგორ აღმოჩნდა მწერალი ქალი საქართველოში, ქრონოლოგიურად გიამბობთ:
ავსტრიელი გრაფის ქალიშვილი ბერტა კინსკი 1843 წელს პრაღაში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს იმდენად გაუჭირდა, რომ ბერტა იძულებული გახდა, ვენაში, ბარონ ფონ ზუტნერის ოჯახში გუვერნანტად ემუშავა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ბარონის ვაჟს მასზე შვიდი წლით უფროსი მოსამსახურე შეუყვარდა. არტურ ფონ ზუტნერის მშობლებმა ბერტა არასასურველ სარძლოდ მიიჩნიეს და მწერალი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა - პარიზში გაემგზავრა, სადაც ალფრედ ნობელის პირად მდივნად დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, მშვიდობის დარგში პრემია დაეარსებინა.
გამომგონებლის ბიოგრაფები იმასაც ამბობენ, რომ ბერტა ალფრედ ნობელსაც შეუყვარდა, თუმცა, მდივნად მუშაობის დაწყებიდან მცირე ხანში გოგონა ვენაში დაბრუნდა და არტურ ფონ ზუტნერთან მალულად იქორწინა. შემდეგ წყვილმა ვენა დატოვა და მომდევნო ცხრა წელი საქართველოში გაატარა, სადაც მათი პირველი მასპინძელი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო. ბერტამ და სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა ერთმანეთი 1866 წელს, ქალაქ ჰამბურგში გაიცნეს. ეკატერინე მას საქართველოს ისტორიასა და ბუნებაზე ბევრს უყვებოდა, რამაც ცნობილ ავსტრიელ ქალბატონს საქართველოში ჩამოსვლა გადააწყვეტინა. "ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა... ჩვენ წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა", - წერს ბერტა თავის მოგონებებში და დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა: "რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. მრავალი წლის მანძილზე მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ".