ლაფანყურში ლიკვიდაციას გადარჩენილი მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

ლაფანყურში ლიკვიდაციას გადარჩენილი მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

მანსურ შუდინოვი იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომლის შვიდი მონაწილეც 2012 წლის 28 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს. ლაფანყურის სპეცოპერაციიდან თითქმის სამი წლის თავზე შუდინოვი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვიდეოჩვენებას ავრცელებს. შუდინოვის განცხადებით, პანკისის ხეობაში მოჯაჰედები ევროპის ქვეყნებიდან ახმედ ჩატაევს და ახმედ უმაროვს ჩაჰყავდათ, იმდროინდელი ხელისუფლებისთვის კი ცნობილი იყო, რომ ხეობაში შეიარაღებული ჯგუფი იმყოფებოდა და ისინი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში საომრად გადასვლას აპირებდნენ.

მანსურ შუდინოვის ვიდეო youtube-ზე 18 აპრილს განთავსდა. ჩვენება 2.40 საათიანია. შუდინოვი ჩეჩნურად საუბრობს. ის ეთნიკური ჩეჩენია, სოფელ სამაშკიდან. ამჟამად უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

მანსურ შუდინოვის ჩვენების არაოფიციალურ თარგმანს კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს:

შუდინოვის განცხადებით, ჯგუფის წევრები პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევს და ახმედ უმაროვს ჩაჰყავდათ. იმ პერიოდში ახმედ ჩატაევი "კავკასიის იმირატის" ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის წარმომადგენელი იყო ევროპის ქვეყნებში, ახმედ უმაროვი კი დოკუ უმაროვის ერთ-ერთი ძმაა. შუდინოვის თქმით, პანკისის ხეობაში ისინი ორი კვირის განმავლობაში სოფელ დუისში, ყოფილი საავადმყოფოს შენობასთან მდებარე სახლში ცხოვრობდნენ [ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებიდან რამდენიმე მეტრში. ავტ].

"ვიდრე ლოპოტას ხეობაში წავიდოდით, საიდანაც ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი ჩეჩნეთში უნდა გადავსულიყავით, ჩვენთან ახმედ ჩატაევი და ახმედ უმაროვი მოვიდნენ, გვითხრეს, ეს გზა ვინ გასცაო? ვიღაცამ რუსეთის სპეცსამსახურებს შეტყობინება გაუგზავნა ამ ჯგუფის არსებობის და მისი მიზნების თაობაზეო. რუსებმა დაღესტნის საზღვარზე სამხედრო ტექნიკა გაამაგრეს და ამ შეტყობინების გამო მოხდა ეს ყველაფერიო. ეს ინფორმაცია კი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოგვაწოდესო. დოკუ უმაროვის დავალება იყო, საქართველოდან ბიჭები გამოუშვითო. 25-ში ან 26-ში უნდა გავიდეთ, მოემზადეთო", - ამბობს შუდინოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ჯგუფის ორგანიზებისთვის პანკისის ხეობაში დიდი რაოდენობით თანხა იყო შეტანილი. შუდინოვი 100 ათას დოლარს ასახელებს.

"26-ში დილით, დუისში ავიღეთ იარაღი და მანქანით ლაფანყურში გავემგზავრეთ. 15-ნი ვიყავით. ჯგუფის უფროსი ინგუში ასლანი იყო, ცოცხალია ახლაც. ჩვენთან ერთად იყო ფეიზოლა [ფეიზოლა კუშტანაშვილი, სოფელ დუისის მკვიდრი. ავტ] . მას ევალებოდა ჩვენი საქართველო - დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა. ჩვენს ჯგუფში იყო ერთი ლეკი - რაბანი. შეთანხმების თანახმად, საქართველო - დაღესტნის საზღვართან, დაღესტნის ჯამაათის მოჯაჰედები უნდა დაგვხვედროდნენ. თითოეულ ჩვენგანს 40 კილომდე ტვირთი გვქონდა.

საზღვრამდე ვიდრე მივიდოდით, ორი ქართველი შეგვხვდა. ერთს თოფიც ჰქონდა. წესით ჩვენ გზაზე არავინ არ უნდა შეგვხვედროდა. ერთმა თქვა საქონელში ვარო, მეორემ სანადიროდ ვარო. ეჭვი შევიტანეთ. ინფორმაცია რომ არ გაეცათ ჩვენი გადაადგილების შესახებ, თოფი გამოვართვით და ორივე ავიყვანეთ. ვუთხარით, რომ ჩვენთან ერთად იქნებოდნენ, ვიდრე საზღვარს გადავკვეთდით და მერე გავათავისუფლებდით. გზა გავაგრძელეთ. ზემოთ კიდევ სამნი შეგვხვდნენ. ისინიც ჩვენთან დავიტოვეთ. მთელი დღე ვიარეთ. გვიან საღამოს, ორმა ქართველმა გვითხრა, ამ გზით მესაზღვრეების საგუშაგოსთან მიდიხართო. ფეიზოლას ხმა არ ამოუღია. საგუშაგოს რომ მივუახლოვდით, ზემოდან დავყურებდით, მთიდან, ფეიზოლას ვკითხეთ, რა პოსტი იყო. ქართველების პოსტიაო. იქამდე ხმა არ ამოუღია. ის ღამე გავჩერდით და გავათენეთ. გეგმის მიხედვით, დაღესტანში მეორე დღესვე უნდა შევსულიყავით, ჩვენ კი ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი. ტყიდან სამანქანე გზაზე რომ გავედით, ფეიზოლას ვკითხეთ, რა გზა იყო. კარიერის გზაა, დღეს ქართველებს დღეობა აქვთ, დასვენებაა და მთაში არ ამოვლენო.

ცოტა ხნის შემდეგ მანქანის ხმა მოგვესმა. მანქანა რომ მოგვიახლოვდა, დავინახეთ 11 კაცი იჯდა ნიღბებით. მათ ალყა შემოვარტყით, იარაღი ჩამოვართვით, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ქართველი სამხედროები იყვნენ. გვითხრეს, ჩვენ ვიცოდით რომ თქვენ მოდიოდით, მაგრამ სხვა გზაზე უნდა წასულიყავითო. ჩვენ ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ გაივლიანო.

ქართველებს, ვინც ჩვენ გზაზე შეგვხვდნენ და ავიყვანეთ, 200-200 დოლარი ვაჩუქეთ, ბოდიში მოვუხადეთ და გავუშვით.

ქართველი სამხედროების მანქანით 40 წუთი ვიარეთ, ზემოთ ავედით. ფეიზოლამ გვითხრა, მთავრობამ დავალება გასცა, მესაზღვრეები გზას მოგცემენო. ფეიზოლა ელაპარაკებოდა სამხედროებს, სამხედროებიდან კი ერთ-ერთი, მეთაური რაციით უკავშირდებოდა ხელმძღვანელობას და მითითებებს იღებდა.

10 კაცი გავუშვით და ერთი დავიტოვეთ. პური რომ ვჭამეთ, იმის შემდეგ კიდევ ერთი პირი გამოჩნდა, ჯინსის შარვალი ეცვა და იარაღი ჰქონდა თან [სანდრო ამირიძე, კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი. ავტ]. ფეიზოლას დაელაპარაკა. ფეიზოლამ გვითხრა, ამბობს, არჩევნები რომ დამთავრდება, მერე გადადით, მანამდე კი იარაღი დაყარეთო. იარაღი არ დავდეთ. სანდროს ვუთხარით, შენ წადი და ჩვენ ჩვენ გზას გავაგრძელებთო. მალევე ვერტმფრენების ხმაც გავიგეთ. სანდრომ საზღვარზე ვერ გაგიშვებთ, საქმეს უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევსო. მერე სანდრომ გვითხრა, თბილისში დავრეკეთ თქვენს უფროსთანო. ახმედ ჩატაევს ველაპარაკეთ და დაელოდეთ, მოვაო. ღია ადგილიდან ტყეში გავედით.

რამდენიმე საათის შემდეგ ზურა [კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე], დიშნი ზელიმა [ზელიმხან ხანგოშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი] და ახმედ ჩატაევი მოვიდნენ.

გვითხრეს, ქართველებს ხეობაში ჯარი ჰყავთ შემოყვანილი, ტყეში სნაიპერები არიან და ალყაში ვართო. ჩვენ ვუთხარით, იარაღს დავდებთ თუ თქვენგან ერთ-ერთი ჩვენთან ერთად წამოვაო. ციხეში ჩასმას სიკვდილი გვერჩია. ჩვენ მათთვის არც სროლა გვინდოდა და არც რამე გვქონდა საქართველოსთვის დაშავებული. ვუთხარით, რომ უკვე ღმერთისთვის გვქონდა სიტყვა მიცემული, რუსეთთან ვიომებდით. ახმედამ გვითხრა, მე თქვენთან დავრჩებიო, მაგრამ მერე მოლაპარაკებაზე წავიდა. გვეუბნებოდნენ, ახლა დადეთ იარაღი და არჩევნები რომ მორჩება, მერე გაგიშვებთო. ჩვენ ვუთხარით, პანკისში დავბრუნდებით უკან, ოღონდ იარაღს აქ არ ჩავაბარებთო, პანკისში რომ მივალთ იქ გადმოგცემთო.

ახმედას ჩვენი ორი ბიჭი გაჰყვა მოლაპარაკებაზე, დაახლოებით 10 საათზე გავიდნენ. 2 საათის შემდეგ, დუკვახამ გვითხრა, ხმა ისმის, მოდიანო. ყველამ დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები. პირდაპირ სროლა დაგვიწყეს ღამის 2 საათზე. 5 საათზე გაჩერდნენ. ვინმე დაჭრილი არისო, როცა ვიკითხეთ, ერთმა გვითხრა, მომხვდაო, ბაჰაუდინმა გვითხრა, მეც მომხვდაო. ვეძახდი, ცოცხალი რომელი ხართ მეთქი და არ მპასუხობდნენ. აბდულა მოვიდა ინგუში, არ მინდა მაინც ყველას სახელი ვთქვა. ჩვენ სამნი ცოცხალი ვიყავით, ორნი დაჭრილები იყვნენ. ზაურბეკოვმა თავი უნდა ავიფეთქოო. მე ვუთხარი, მაგათ გესროლონ, თვითონ ნუ აიფეთქებ მეთქი. პირდაპირ წავიდა თავისი ხელყუმბარით და აფეთქდა. დილით, 09:25 საათზე სროლა გაჩერდა.

იხილეთ შუდინოვის ჩვენება სრულად ick.ge-ზე

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა