როცა გამოძიება არაეფექტურია - ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ მოძალადის მოკვლა სცადა

როცა გამოძიება არაეფექტურია - ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ მოძალადის მოკვლა სცადა

სოფელ იორმუღანლოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმე პროკურატურას ამ დრომდე არ აქვს გამოძიებული. გარდაცვლილის მეუღლე სამი თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, ვინც ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. პროკურატურამ არცერთი მამაკაცი არ დააკავა, რის შემდეგაც, გარდაცვლილის მეუღლემ აჯი გასანოვმა ერთ-ერთს, აფკან გუსეინოვს იარაღი ესროლა. გასანოვმა გუსეინოვი ფეხში 2014 წლის 14 დეკემბერს დაჭრა. აჯი გასანოვი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე).

აჯი გასანოვის სისხლის სამართლის საქმეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო განიხილავს. სასამართლო პროცესი (არსებითი განხილვა) 2015 წლის 01 მაისს, 13:00 საათზეა დანიშნული.

ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. გარდაცვლილის მამის, ზახიდ ჯეირანოვის თქმით, მისი შვილი თვითმკვლელობამდე სასტიკად ცემეს მეუღლის ნათესავებმა იმ მიზეზით, რომ თითქოს ის ქმარს ღალატობდა.

ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გვიან გახმაურდა. 10 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში, გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, აჯი გასანოვმა განაცხადა: "მე მთაში ვიყავი, ცხვარში. ცოლმა დამირეკა, ჩვენმა ნათესავებმა დამიჭირეს და შარი მომდეს, ქუჩაში მატარეს და მცემესო. რომ მოვედი, უკვე მკვდარი იყო. ცოცხალი არ მინახავს. ჩემი ცოლი მათ ქუჩა-ქუჩა არ უნდა ეტარებინათ. ამის გამო მერე თავი მოიკლა".

გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ესენი არიან: სოფელ ლამბალოში მცხოვრები აივაზ გასანოვი, ნოვრუზ გასანოვი, ელჩინ დეიხანოვი და აფკან გუსეინოვი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა