25 აპრილს''მის და მისტერ თბილისი 2015''-ის კონკურსი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი''Best Models''-ის ხელმძღვანელი კახი ხაბეიშვილი იყო.კონკურსს ბევრი მსახიობი, მომღერალი და მოდელი ესწრებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერალი აჩიკო მეფარიძე, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად.
გამარჯვებულების გამოსავლენად კომპეტენტური ჟიური შეიკრიბა, რომლის თავმჯდომარეც ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იყო. დარბაზში ტემპერატურამ მას შემდეგ მოიმატა საგრძნობლად, როცა მონაწილეები საცურაო კოსტიუმებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
ბოლოს ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად განმარტოვდა. სათათბირო ოთახიდან მხიარულ განწყობაზე დაბრუნდნენ. ლევან ჯიბღაშვილი გოდერძი შარაშიას ეუბნებოდა, არ დაგივიწყებ, ერთ-ერთ მონაწილეზე რომ ამბობდი, გახდილი ის ჯობდაო. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება გაჭიანურდა, რადგან ჟიურის ყველაზე აქტიური წევრი გიორგი ნაზღაიძე იგვიანებდა. ბოლოს კი თქვეს, ნაზღაიძეს გრიმს უკეთებენ, ჩალურჯება აქვს, გია ჯაჯანიძემ სცემაო.
სიტუაციაში გასარკვევად ჟიურის წევრებს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ნუკი, გამარჯვებულის გამოსავლენად ბევრი იკამათეთ ჟიურის წევრებმა?
ნუკი კოშკელიშვილი:
- ძირითადად, კონკურსებზე სულ ვკამათობთ საკონფერენციო დარბაზში, რადგან ჩვენი აზრები განსხვავდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დასკვნამდე მივედით. ჩემი აზრით, ადგილები სამართლიანად განაწილდა.
- ამბობენ, რომ გიორგი ნაზღაიძეს, მოხვდა ჯაჯანიძის მუშტი, მართლა ასე დაიძაბა გამარჯვებუ-ლის გამოვლენისას სიტუაცია?
- გიორგი, მოჰყვები შენს ამ ამბავს ხმამაღლა?
გიორგი ნაზღაიძე:
- ხელი არ დაურტყამს. ჩანთა აიღო და მთელი ძალით შემომცხო. სახეზე გრიმი მაქვს, ჩალურჯება რომ დავფარო და ყველაზე ბოლოს იმიტომ შემოვედი დარბაზში.
- გია ჯაჯანიძე რატომ გაბრაზდა?
- დაბალ ადამიანს უჭერდა მხარს. პროტესტი რომ გამოვთქვი და ვთქვი, გამორიცხულია, ჩემმა სიმაღლემ უნდა გაიმარჯვოს-მეთქი, გადაირია. თეა აგლაძემ და ლევან ჯიბღაშვილმა ასწიეს ჯაჯო და მესროლეს.
გია ჯაჯანიძე:
- საოცარი რა არის, იცით? დაბალი ადამიანი რა, ადამიანი არაა? მე ყოველთვის დაბალს ვაძლევ ხმას და ისეთს, რომელიც მეტს იწონის.
- საბოლოოდ რომელი თქვენგანის აზრმა გაიმარჯვა?
გიორგი ნაზღაიძე:
- ბოლოს ჩემმა და ჯაჯოს მეგობრობამ გაიმარჯვა.
იხილეთ გაგრძელება