კოსმოსურ ტელესკოპ "ჰაბლს" 25 წელი შეუსრულდა. ტელესკოპს სახელი გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომის ედუინ ჰაბლის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც გარე გალაქტიკები და ე.წ. ჰაბლის კანონი აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც სამყაროს გაფართოების ტემპის დადგენა გახდა შესაძლებელი.
ვერცხლის იუბილე "ჰაბლმა" ახალი სურათებით აღნიშნა, რომლებზეც 20 ათასი სინათლის წელიწადით დაშორებული ახალგაზრდა ვარსკვლავებია აღბეჭდილი. 1990 წლის 24 აპრილს ხომალდმა "დისქავერიმ" "ჰაბლი" კოსმოსში გაუშვა, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ტელესკოპის კოსმოსური მოგზაურობაც.
ნასას ინჟინრების თქმით, ჰაბლი კიდევ ხუთი წლის განმავლობაში შეძლებს ფუნქციონირებას.

სურათზე აღბეჭდილი ყველა მანათობელი ობიექტი, ცალკეულ გალაქტიკას წარმოადგენს
"1990 წელს ყველაზე დიდი ოპტიმისტიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ "ჰაბლი" მთელს ჩვენს აქამდე არსებულ ცოდნას თავდაყირა დააყენებდა", - ამბობს ნასას ადმინისტრატორი ჩარლი ბოლდენი.
ჰაბლის კვლევების მიზანს, მილიონობით სინათლის წელიწადით დაშორებული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირების ნაადრევი ეტაპების შესწავლა წარმოადგენდა. სწორედ ამ მემკვიდრეობის შესწავლის გაგრძელებას აპირებს ტელესკოპის შთამომავალი "ჯეიმს უები", რომლის კოსმოსში გაშვებაც 2018 წლისთვის იგეგმება. "ჯეიმს უების" შექმნის მიზანს ისეთი ამოცანების სწრაფი შესრულება წარმოადგენდა, რასაც "ჰაბლი" რამდენიმე დღეს ან კვირას ანდომებს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.