დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა - რა უნდა ვიცოდეთ წმინდანის შესახებ

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა - რა უნდა ვიცოდეთ წმინდანის შესახებ

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

იესოს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვის სად უნდა ექადაგა. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ, რადგანაც მისი მიძინების ჟამი მოახლოებულიყო, უფალმა ამცნო, რომ ივერიაში საქადაგებლად წმიდა ანდრია პირველწოდებული წარეგზავნა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გაეტანებინა. მარიამმა მოუწოდა ანდრიას და განუცხადა მას ნება ღვთისა, შემდეგ კი პირი დაიბანა და სახეზე მიიდო ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გადავიდა სახება ყოვლადწმიდა დედისა. სწორედ ეს ხატი წამოაბრძანა ქართულ მიწაზე მოციქულმა, რათა, უფლისა და მარიამის ნებისამებრ, "მკვიდრობდეს აქა მცველად... უკუნისამდე ჟამთა."

წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, წინა აზია, შავიზღვისპირეთი, შემდეგ კი შევიდა "ქუეყანისასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების" და დაიწყო ქადაგება და სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. აუგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ხელთუქმნელი ხატიდან ფიცარზე სასწაულებრივად გადასული ასლი დატოვა და წავიდა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ აწყურში, ქვრივი დედაკაცის, სამძივარის ერთადერთი ძე აღადგინა მკვდრეთით. უამრავი ადამიანი შეიკრიბა მაშინვე მის გარშემო, მაგრამ აპოლონისა და არტემის საკერპოების მღვდლებმა ცილობა დაუწყეს წმინდანს. ხალხი ორად გაიყო. მაშინ გადაწყვიტეს: ხელთუქმნელი ხატი შეებრძანებინათ საკერპოში, დაეხშოთ კარი და ყველას თავისი ღმერთის მიმართ ელოცა. ვისი ღმერთიც სძლევდა, მისთვის ეცათ თაყვანი. ასეც მოიქცნენ.

მეორე დილით კარი გააღეს და ყველამ იხილა "კერპნი ქუეყანად დაქცეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა." მთელმა ერმა ადიდა ღმერთი, თავად საკერპოების მსახურებმაც კი შენდობა სთხოვეს წმინდანს. წმ. ანდრიამ ცოტა ხანს კიდევ დაჰყო აწყურში, მოაწყო ეკლესია, ააგო ტაძარი და მის მცირე ეკვდერში ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა, შემდეგ კი განეშორა სამწყსოს. იყო კლარჯეთში, ატან-კოლაში, სომხეთში, პართიაში, შემდეგ კი იერუსალემს გაეშურა, საიდანაც სიმონ კანანელსა და მატათა მოციქულთან ერთად დაბრუნდა ქართლს ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ქართლიდან სამეგრელოსა და სვანეთში გადავიდა, იქიდან - აფხაზეთში.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს