"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლეს, ხათუნა თურმანაულს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აქვს რეგისტრირებული. ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყონ მოკვლევა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის დასადგენად.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ხათუნა თურმანაულმა 2012 წლის 18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთზე (საერთო ფართობით 6.5 ჰა) ცალ-ცალკე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში ოცივე განცხადება დააკმაყოფილეს. ჩვენ მივმართეთ საჯარო რეესტრს და ხათუნა თურმანაულის სახელზე რეგისტრირებული 20-ვე მიწის ნაკვეთზე მოვითხოვეთ იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხების თანახმად გაირკვა, რომ ხათუნა თურმანაულს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში "საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის N231 დადგენილების ფარგლებში დაურეგისტრირდა, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მას წარდგენილი არ აქვს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის N231 დადგენილება არ ათავისუფლებდა განმცხადებელს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან. იგი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის მიერ გაწეული მომსახურებისა და აზომვითი ნახაზების საფასურის გადახდის გარეშე შესრულებას ითვალისწინებდა.

ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 21 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და მოეთხოვა ხათუნა თურმანაულისთვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლო რეგისტრაციის დასრულება. საინტერესოა ასევე, რატომ ჩაიწერა საჯარო რეესტრის ამონაწერის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში: "საკომლო წიგნის ჩანაწერები", მაშინ როდესაც აღნიშნული დოკუმენტი არ არსებობდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს უძრავი ქონება საკუთრებაში კანონის დარღვევით აქვს რეგისტრირებული", - აღნიშნულია ორგანიზაციის კველევაში.

იხლეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა