პრემიერის ვიზიტის გამო დადგმული ნაგვის ურნა ისევ უკან წაიღეს

პრემიერის ვიზიტის გამო დადგმული ნაგვის ურნა ისევ უკან წაიღეს

საპირველმაისოდ ლანჩხუთში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდნენ  - იგი ნიგოითის ადმინისტრაციის სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის საზეიმოდ გახსნას უნდა დასწრებოდა. პრემიერის გურიაში ვიზიტი იმ დროისთვის არ შედგა და ბაღის გახსნის ღონისძიებაც სამომავლოდ გადაიდო.

ადგილობრივი ხელისუფლება დიდი მონდომებით იყო ჩართული სამზადისში. საბავშვო ბაღის ეზო განსაკუთრებულად მოირთო - დაირგო ყვავილები, დაიდგა სხვადასხვა სათამაშოები, დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია. ამ პროცესებში ყველა ის მუნიციპალური სამსახური მონაწილეობდა, რომელსაც გარკვეული შეხება ჰქონდა საქმესთან. მათ შორის იყო ა(ა)იპ "ლანჩხუთი სერვისი", რომელმაც უზრუნველყო ტერიტორიიდან ნაგვის გატანა.

სწორედ ამ სამსახურს დაევალა ადგილზე, რომელიც, იმავდროულად, სოფლის ცენტრიცაა, ნაგვის ურნის დადგმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრემიერის ვიზიტი არ შედგებოდა, ურნა, როგორც მოიტანეს, ისე წაიღეს უკან. ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია.

"საჭირო რომ არის აქ ნაგვის ურნის დადგმა, ფაქტია, თორემ არც მოიტანდნენ. მაგრამ რა გამოდის? ცნობილი გახდა თუ არა, რომ პრემიერი არ ჩამოვიდოდა, ურნა წაიღეს. ეს ხალხის აბუჩად აგდებაა! ამას არ ჯობდა, საერთოდ არ მოეტანათ? ყველაფერი კვლავინდებურად ფასადურია - ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცდილობს, ცენტრალურ ხელისუფლებას დაანახოს, რომ ადგილზე, თითქოს, ყველაფერი წესრიგშია და პრობლემები ნაკლებადაა. არ ჯობია, პრემიერს და სხვა ნებისმიერ მაღალჩინოსანს რეალობა ვაჩვენოთ? როდის უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემის მიჩქმალვით საქმეს არ ეშველება?!", - ამბობენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა