გუბერნია 5 თვეში იმდენ ბენზინს "ხარჯავს", თელავიდან რომამდე მანქანით 33-ჯერ ჩასვლა შეიძლება

გუბერნია 5 თვეში იმდენ ბენზინს "ხარჯავს", თელავიდან რომამდე მანქანით 33-ჯერ ჩასვლა შეიძლება

ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. გუბერნატორის ადმინისტრაცია ერთ თვეში 3 ტონა ბენზინს ხარჯავს. გამოყოფილი ბენზინით, მაღალი გამავლობის მანქანებით 26 ათასი კილომეტრის გავლააა შესაძლებელი. ამ მანძილის გავლას საშუალოდ 390 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორი და მისი თანამშრომლები არასამუშაო დღეებშიც რომ მუშაობდნენ, ყოველდღიურად მინიმუმ 13 საათი მანქანებით უნდა მოძრაობდნენ.

"კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2014 წელს შეიძინა 6.2 ტონა საწვავი, რაშიც დახარჯა 11 781 ლარი. 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი 5 თვე არ გასულა და უკვე დაიხარჯა 11. 2 ტონა საწვავი, რაშიც გადახდილია 17 439 ლარი. წელს უფრო ნაკლები უნდა დაეხარჯა გუბერნატორის ადმინისტრაციას, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში საწვავის ფასმა იკლო. აღნიშნულ მონაცემებს შორის განსხვავება რაოდენობასა და დროში საკმაოდ დიდია. ამიტომ, არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა მუდმივად ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკობს" , - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს "ახალი მემარჯვენეებიდან" ქალაქ თელავის საკრებულოს წევრმა ნიკა ვარდოშვილმა.

გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

გუბერნატორის პრესმდივანმა მადონა ბატიაშვილმა კი კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ გუბერნატორის ადმინისტრაცია ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 3000 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

"ნიკა ვარდოშვილის ბრალდება იმის შესახებ, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ საწვავის ხარჯები გაზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ქამრების შემოჭერის პოლიტიკიდან გამომდინარე, ადმინისტრაციამ ყოველთვიურად გასახარჯი საწვავის რაოდენობა 700 ლიტრით შეამცირა, რაც გასულ წლებში გახარჯული საწვავის რაოდენობასთან შედარებით, წლის განმავლობაში 18-19 ტონით ნაკლებია. იმდენ საწვავს ვხარჯავთ, რაც გადასაადგილებლად გვჭირდება", - აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.

გუბერნატორის პრესმდივნის მონაცემებზე დაყრდნობით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 5 თვეში იმდენი საწვავი გაწერა, რომ თელავიდან იტალიის დედაქალაქ რომში, ავტომანქანით 33-ჯერ ჩასვლაა შესაძლებელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა