ლანჩხუთში მგლების დაკბენის შედეგად ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ლანჩხუთში მგლების დაკბენის შედეგად ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ბოლო დღეებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია სოფელ მაჩხვარეთის კუთვნილი ფერმის ტერიტორიასა და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებზე.

"ლაბორატორიულად ეს შემთხვევები დადასტურებულია, ამ ეტაპზე ორი პირუტყვი განადგურებულია, სამი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ფერმის ტერიტორიაზე უკვე გამოცხადებულია შეზღუდვა, სადაც მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. მათ შორის, იკრძალება საქონლის გაყიდვა ან ყიდვა, ასევე ხორციელდება ამ ზონაში არსებული ყველა საქონლის იძულებითი ვაქცინაცია. რაც შეეხება ნიგოითსა და ჩოლობარგს, აქ უახლოეს მომავალში გატარდება იგივე ღონისძიებები", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა რუსიძემ.

ამ ფაქტებმა მოსახლეობაში გარკვეული პანიკა გამოიწვია, რასაც გადაჭარბებულად მიიჩნევს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო მენაღარიშვილი.

"საერთოდ, ცოფი გადადის მხოლოდ დაკბენით, დაკაწვრითა და დადორბვლით. მოსახლეობა რატომღაც შეშინებულია და მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, რომ სანამ პირუტყვს დაავადების კლინიკური ნიშნები გამოუვლინდება, არ არის საშიში მისი რძისა და ყველის გამოყენება", - ამბობს ნატო მენაღარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 24 აპრილს ნიგოითის ტერიტორიაზე მგელმა ადამიანი დაკბინა, რომელსაც დოულად ჩაუტარდა შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევასა და ზემოთ მოყვანილ ფაქტებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა