თბილისის ქუჩებში ამჟამად, ზოოპარკის ბინადარ ციმბირის (იგივე უსურიის) ვეფხვს, სახელად სალიმას ეძებენ. ჯერჯერობით უცნობია, ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ნამდვილად ვეფხვი სალიმაა ასახული თუ არა. თუმცა, სამართალდამცავებმა და მონადირეებმა მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს.
გთავაზობთ ციმბირის, იგივე უსურიის ვეფხვის მოკლე აღწერილობას:
ციმბირის ვეფხვი, აგრეთვე ცნობილი როგორც უსურიის ვეფხვი, ვეფხვის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობაა, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ბინადრობს. მსოფლიოში გავრცელებული ვეფხვის 9 ქვესახეობიდან იგი ყველაზე დიდი ზომისაა და კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება.
ეს ვეფხვი ძალზე სწრაფია: თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარით მხოლოდ ავაზას ჩამოუვარდება. ზრდასრული ხვადების წონა ზოგჯერ 318 კგ-მდე აღწევს.
ძუ ვეფხვები შედარებით მომცრონი არიან და 100-167 კგ-ს იწონიან. დიდი ზომის გარდა, უსურიის ვეფხვი სხვა ქვესახეობებისგან გამოირჩევა ღია შეფერილობის ბეწვით და უფრო გრძელი ფაფრით, რომელიც ცივ კლიმატთან შეგუების პირობაა.
მისი საკვები რაციონის 65-95%-ს ირემი შეადგენს. ნადირობს ასევე ცხენირემზე, შველზე, ირემლაღზე, ქაბარგასა და გორალზე. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

მახასიათებლები
ციმბირის ვეფხვი, ვეფხვის ერთადერთი სახეობაა, რომელსაც მუცელზე ხუთსანტიმეტრიანი ცხიმის საფარი აქვს, რაც განსაკუთრებულად ცივ პერიოდებში, ცივი ქარებისგან იცავს. მას მკვრივი სხეული, მომრგვალებული თავი, არც ისეთი გრძელი თათები, გრძელი კუდი და ძალიან პატარა ზომის ყურები აქვს. მას შეუძლია ფერების გარჩევა, ღამით კი ადამიანზე ხუთჯერ უკეთ ხედავს.
ხვადების ზომა კუდის ბოლომდე 2,7-3,8 მეტრს აღწევს, ძუ შედარებით მომცროა. სიმაღლე 115 სანტიმეტრია, წონა კი 160-270 კგ. მიუხედავად საოცარი ძალისა და განვითარებული გრძნობებისა, ვეფხვს დიდი დროის ხარჯა უწევს ნადირობაზე, რადგან წარმატებით მისი ნადირობა მხოლოდ 10-დან ერთ შემთხვევაში მთავრდება. ვეფხვი ხოხვით ეპარება მსხვერპლს. პატარა ცხოველებს ადგილზევე კლავს, დიდ ცხოველებს ჯერ ძირს აგდებს, ხოლო შემდეგ კისერს უღრღნის.
თუ პირველ ჯერზე ვერ გამოიჭირა მსხვერპლი, ვეფხვი მას თავს ანებებს, რადგან მეორედ ერთ საკბილოს იშვიათად ესხმის თავს. მონაპოვარს ვეფხვი ძირითადად წყლის სიახლოვეს მიათრევს, ძილის წინ კი ტრაპეზის ნარჩენებს მალავს.
დღე-ღამის განმავლობაში ვეფხვი საშუალოდ 9-10 კილოგრამ ხორცს ჭამს. ციმბირის ვეფხვი იშვიათად ესხმის თავს ადამიანებს და თავს არიდებს დასახლებულ პუნქტებს. ის ყველანაირად ცდილობს, ადამიანთან კონტაქტს გაექცეს. საშუალოდ, ციმბირის ვეფხვი 15 წელს ცოცხლობს.
სტატია დაწერილია ვიკიპედიის მასალაზე დაყრდნობით