"ყვიროდა, ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. არავინ დაეხმარა" - 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა

"ყვიროდა, ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. არავინ დაეხმარა" - 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა

25 ივნისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სტუდენტი, 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა. გატაცებისას გოგონა ყვიროდა და შველას ითხოვდა, ის მანქანაში ძალით ჩასვეს, თუმცა მას არავინ დაეხმარა. თვითმხილველებმა არც პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა შეატყობინა. შსს-ს ცნობით, იმის გამო, რომ მამაკაცმა ყოფილ მეუღლესთან შერიგება ვერ მოახერხა და მშობლებთან დააბრუნა, შესაძლოა, ის სასჯელს გადაურჩეს.

"დაახლოებით 11 საათისთვის ფანჯრიდან გავიგე ქალის კივილი. მაშინვე დავტოვე კაბინეტი, რომ გამეგო რა მოხდა. ამბობდნენ, გოგო მოიტაცესო. როდესაც მანქანაში "ტენიან" გოგონას, ეს ძალადობაა. მეგონა, რომ საზოგადოება სწრაფად მოახდენდა რეაგირებას და გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც სამართალდამცავებს მიმართავდნენ, უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ან ის ადამიანები მაინც, ვინც თვითმხილველები იყვნენ. როდესაც ვიკითხე, რატომ არ რეკავთ პატრულში მეთქი, მითხრეს, რატომ უნდა დავრეკოთ, იქნებ უყვარდათ ერთმანეთი, ხელი რატომ უნდა შევუშალოთ და პრობლემები რატომ უნდა შევუქმნათო. ამის შემდეგ მე შევატყობინე პოლიციას", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის პროფესორმა მარი ცისკარიშვილმა.

დაზუსტებული მონაცემებით, შემთხვევა დღის 11:00 საათზე იმ დროს მოხდა, როცა გოგონა გამოცდიდან გამოვიდა. ეს ის დროა, როდესაც უნივერსიტეტში უამრავი სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი იმყოფება.

"გოგო ყვიროდა. დავინახე რომ ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. ცოლი ყოფილა. აქვე მოხდა. უნივერსიტეტთან იყვნენ ვიღაცეები, მაგრამ არ ვიცნობ მათ. არავინ დაეხმარა. ყველაფერი ერთ წუთში მოხდა", - ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა