ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? - სვეტიცხოველში ძველი საფლავის ქვებს ახლით ცვლიან

ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? - სვეტიცხოველში ძველი საფლავის ქვებს ახლით ცვლიან

2015 წლის 27 ივნისს ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა ფოტოები სვეტიცხოვლიდან, რომლებზეც აღბეჭდილია ვახტანგ გორგასლისა და კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის სვეტიცხოვლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გამოტანილი, ადრინდელი საფლავის ქვები და მათ ნაცვლად ახალი საფლავის ქვები ტაძრის ინტერიერში. სხვადასხვა ინფორმაციით, ასევე, იგეგმება ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის საფლავების ქვების შეცვლაც.

ამ საფლავის ქვათაგან არცერთი არის თავდაპირველი, ავთენტური და ერთი შეხედვით, თითქოსდა, მათი შეცვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ თუ საკითხს უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ეს არის მცდელობა არა მხოლოდ ისტორიის წაშლისა, არამედ ისტორიის გაყალბებისაც. საქმე ისაა, რომ მეფისა და პატრიარქის ახალი საფლავის ქვები იატაკის დონიდან საკმაოდაა ამაღლებული, ხოლო ერთ მათგანზე, კერძოდ, გორგასლის საფლავზე, გამოხატულია თვითონ ვახტანგ მეფე, მთელი ტანით. ამაღლებული საფლავის ქვებისა და მათზე მიცვალებულის პორტრეტის (ფრაგმენტულად თუ მთლიანი ტანით) დატანის ჩვეულება ჩვენში შემოვიდა საერო ყოფაში, გვიანშუასაუკუნეებში, მაგრამ მსგავსი ტრადიცია არ მიიღო ეკლესიამ. ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ქართულ ტაძარს, სადაც შუა ტაძარში, იატაკის დონიდან ამაღლებულ საფლავის ქვას შეხვდებით. მით უმეტეს, ვერ შეხვდებით საფლავის ქვაზე დატანილ მიცვალებულთა პორტრეტებს, როგორც ეს კათოლიკურ ტრადიციაშია მიღებული.

გარდა ამისა, თითოეულ ამ საფლავის ქვას, რომელიც სვეტიცხოველში შეცვალეს, თავისი ისტორია აქვს და მათი შეცვლა ამ ისტორიის წაშლის მცდელობაა. დავიწყოთ ბოლო მათგანით.

კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის საფლავის ქვა, 1940-იან წლებში კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით დაუდვიათ, როგორც ამას მღვდელი ილია ჭიღლაძე ამბობს და მისი თქმით, მას ამის დამამტკიცებელი შესაბამისი დოკუმენტური მასალაც ხელთ აქვს. როგორც იგი წერს, კალისტრატეს დაუშვია შეცდომა და ქვა სამხრეთის კედლის ცენტრალურ მონაკვეთთან დაუდვია, და არა სადიაკვნისკენ (დღევანდელი ილია წინასწარმეტყველის ეკვდერი), სადაც დასაფლავდა მელქისედეკი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული: მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ, რომ მელქისედეკი განისვენებდა ტაძრის სამხრეთ კედელთან. მელქისედეკის ნეშტის ნამდვილ ადგილმდებარეობას (სამხრეთ-დასავლეთით) მიაკვლიეს 1963-1964 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

რა აუცილებლობას წარმოადგენდა ახლა, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით დადებული ქვის შეცვლა, ახალი ამაღლებული ქვით, სრულიად გაუგებარია, რადგან ძველი დაზიანებული არ ყოფილა. განა ეს არ არის ერთი პატრიარქის (მელქისედეკის) ღვაწლის დაფასება, მეორის (კალისტრატეს) ღვაწლის დაკნინების ხარჯზე? განა ეს არ არის საბჭოთა პერიოდში, კონკრეტულად კი 40-იან წლებში, ეკლესიისა და მის ცალკეულ მოღვაწეთა აქტივობების ისტორიის წაშლის მცდელობა?

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა