საქართველოს ისტორიაში გიორგი V ბრწყინვალეს გამორჩეული ადგილი უკავია. მისი მეფობა ერთ-ერთ რთულ პერიოდს ‒ საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანას დაემთხვა, რომელიც უმძიმესი ეტაპი იყო ქვეყნისთვის არა მხოლოდ მძიმე ბეგარის გამო, რომელმაც მოშალა ქვეყნის ერთიანი ეკონომიკა, არამედ იმიტომაც, რომ მონღოლების ბატონობის დროს შეირყა ქართული სამართლის ფუნდამენტური ნორმა ‒ ერთმეფობა ‒ სამეფო ძალაუფლების მამიდან შვილზე გადაცემის პრინციპი. ბაგრატიონთა დინასტიის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს მონღოლური სამართალი გამეფების საშუალებას აძლევდა. ქვეყნის ერთიანობას საფუძველი შეერყა. სწორედ ასეთი საქართველო ჩაიბარა გიორგი V-მ და იმდენი მოახერხა, რომ უწინდელი დიდება დაუბრუნა. "მან, სადაც საჭიროდ ცნო, ბრძოლით და, სადაც საჭირო იყო, სიბრძნე-გონიერებითა და ცოდნით... დაიმორჩილა მთელი საქართველო... კავკასიელებიც მის მორჩილებაში იყვნენ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე... აღარავინ იყო წინააღმდეგი და ურჩი მისი..."
საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, ბაგრატ III-ის, დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდგომ, არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორც გიორგი V ბრწყინვალემ დაიმსახურა და სრულიად სამართლიანად. ის სახელოვანი მამის შვილი იყო. მისი მამა, დემეტრე II თავდადებული ცნობილია ჩვენს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეფე, ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ მისი უმცროსი ვაჟი ასევე სახელოვანი მეფე გახდა.
დემეტრეს პირველი ცოლისგან 4 ვაჟი და 1 ასული ჰყავდა, მეორე ცოლისგან - 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი, მესამე ცოლი კი სამცხის სახელგანთქმული სპასალარის ბექა ჯაყელის ასული, ნათელა გახლდათ, რომელმაც გაუჩინა ვაჟი გიორგი: "რომელი მარტო ეშვა დედასა, ვითარცა მარტო რქა". დედამ და მისმა გარემოცვამ იზრუნეს იმაზე, რომ გიორგი ყოველმხრივ შემკული და ღირსეული ადამიანი გამხდარიყო და პირველ რიგში, ღირსეული მეფე. გამოუვიდათ კიდეც...
ამ დიდებული მეფის ცხოვრების გზას, საქართველოს ისტორიის ამ ურთულეს ეტაპს და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს, დავწრილებით, შესანიშნავი ილუსტრაციებით იხილავთ საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 24-ტომეულის მეათე ტომში, რომელიც 13 ივლისს გამოვა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად და სპეციალურ ფასად გაიყიდება 20 ივლისამდე - წიგნის ფასი გაზეთთან ერთად 10 ლარია, სპეციალური ფასი კი - 8,50 ლარი.