უძილობა და ძილიანობა - მიზეზები და პრობლემის მოგვარების გზები

უძილობა და ძილიანობა - მიზეზები და პრობლემის მოგვარების გზები

ძილის დარღვევა ის პრობლემაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველას შეხებია. ზოგჯერ, მიუხედავად დაღლილობისა, ადამიანი მაინც ვერ ახერხებს დაძინებას. უძილობას ბევრი უჩივის, ამასთან, ასაკს მისი განვითარებისთვის მნიშვნელობა, პრაქტიკულად, არ აქვს - ამით იტანჯებიან ახალგაზრდებიც, ხანდაზმულებიც და ბავშვებიც კი.

უძილობას ახასიათებს არა მარტო ძილის უკმარისობა, არამედ კარგად გამოძინების უუნარობაც, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს დაძინებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ხანმოკლე ძილს ან ადრეულ გაღვიძებას და ძილის შებრუნების შეუძლებლობას. უძილობის მიზეზებია:

  • არაკომფორტული გარემო - ხმაური, სიცხე და სიცივე, მეტისმეტად მაგარი ან მეტისმეტად რბილი საწოლი;
  • ცხოვრების წესის შეცვლა, მაგალითად, მოგზაურობა, ახალ ბინაში გადასვლა;
  • სტრესული სიტუაციები შინ და სამსახურში;
  • ტკივილის სინდრომით მიმდინარე დაავადებები, სუნთქვის გაძნელება, ხშირი შარდვა;
  • შფოთვა, დეპრესია.
უძილობის ეპიზოდური გამოვლენა ორგანიზმისთვის საშიში არ არის, მაგრამ თუ უძილობა ქრონიკული გახდა, საგრძნობლად ეცემა ცხოვრების ხარისხი და ზიანდება ჯანმრთელობა. ამ შემთხვევაში ექიმის კონსულტაციაა საჭირო.

როგორ ვითარდება უძილობა

ზოგჯერ ძალიან გვიჭირს დაძინება, საწოლში ვფიქრობთ მომავალი დღის გეგმებზე, ვაანალიზებთ განვლილი დღის კონფლიქტებს, საუბრებსა თუ მოვლენებს ანუ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ტვინმა აქტიურად იმუშაოს და არ მოისვენოს. შედეგად საწოლში ვწრიალებთ და ამაოდ ვინაცვლებთ გვერდს.

ნერვული დაძაბულობა და აქტიური აზროვნება ტვინსა და სხეულს მოსვენების საშუალებას არ აძლევს, რაც უძილობას იწვევს. საღამოს აუცილებელია, ტვინი ყოველგვარი მღელვარე და შემაშფოთებელი აზრისგან გამოვთიშოთ, ვიფიქროთ სასიამოვნოსა და მშვენიერზე.

გარდა ნერვული დაძაბულობისა, მშვიდი ძილის საშუალებას გვართმევს კუნთების დაძაბულობაც. თუ გტკივათ კუნთები, მუდმივი ჯდომისგან გაგიშეშდათ ზურგი, გტკივათ წელი, კბილი ან თავი, ეს, ცხადია, მშვიდი ძილის საშუალებას არ მოგცემთ.

თუ მასტიმულირებელ სასმელსაც ხშირად სვამთ, ძილის ხარისხი ვერ იქნება სათანადო. ჯობს, დაძინებამდე 4 საათის განმავლობაში მაინც არ დალიოთ ყავა, მაგარი ჩაი, გაზიანი სასმელები. ყველა მათგანი დიდი დოზით შეიცავს კოფეინს, რომელიც ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.

ცუდი ძილის მეორე მიზეზია საჭ­მლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. არ დაგაძინებთ ნოყიერი, ცხიმებითა და ცილებით მდიდარი ვახშამი. მათ მონელებას 6 საათი სჭირდება, რაც ნორმალურ დასვენებას ხელს უშლის. ამიტომ ჯობს, დაძინებამდე 3-4 საათით ადრე ივახშმოთ.

თუმცა არც ცარიელი კუჭით დაწოლაა საუკეთესო ვარიანტი - ტვინი გამუდმებით გააგზავნის მაცივრისკენ მიმავალ სიგნალებს.

ზოგჯერ უძილობის მიზეზი არა­კომფორტული საწოლი ან გარემოს შეცვლაა. ბევრს უჭირს უცნობ გარემოში, უჩვევ ადგილას ძილი.

ძილს ხელს უშლის მოუხერხებელი ბალიში და დატკეპნილი ლეიბი.

ძილისთვის ხელის შემშლელი ფაქტორებია აგრეთვე ჩახუთული და მშრალი ჰაერი, საძინებელში მკვეთრი სინათლე და ხმაური.

ძილის ხარისხზე გავლენას ახდენს ტელევიზორი და კომპიუტერი. მკვეთრი წერტილების ციმციმი და სურათების სწრაფი თანმიმდევრობა ძალიან ტვირთავს ტვინს, რაც უარყოფით ინფორმაციასთან ერთად ზედმეტად გამაღიზიანებელია ნერვული სისტემისთვის.

ძილის დარღვევას მცირე დატვირთვაც იწვევს, ანუ, ტვინისგან განსხვავებით, სხეული ჯერ კიდევ არ დაღლილა, მის ქსოვილებს ჯერ კიდევ არ დაუხარჯავთ ენერგიის მარაგი. ნაკლებაქტიური ადამიანის სხეული საკმარის დატვირთვას ვერ იღებს.

როგორ მოვერიოთ უძილობას

უპირველესად, სისხლის ჟანგბადით გასაჯერებლად სხეული ცოტათი მაინც დატვირთეთ, ხოლო ტვინს მიეცით დასვენების საშუალება. ძილის წინ გაიარეთ სუფთა ჰაერზე - წადით მაღაზიაში, გაასეირნეთ ძაღლი. ეს მოდუნების და მშვიდი ძილის საშუალებას მოგცემთ.

თუ საღამოს გასეირნებას ვერ ახერხებთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაანიავეთ ოთახი. საძინებლის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია. ეს იდეალური ტემპერატურაა ძილისთვის.

ძილის წინ შეიძლება წაიკითხოთ წიგნი ან უყუროთ მელოდრამას, მსუბუქ კომედიას, ანუ იმას, რაც ტვინს მეტისმეტად არ აღიზიანებს.

უძილობის დასამარცხებლად აუცილებელია ძილის მკაცრი რეჟიმი, უქმე დღეებშიც კი. ხშირად უძილობას უჩივის ის, ვინც ნაშუაღამევს წვება და გვიან დგება. ოპტიმალურია დასაძინებლად დაწოლა 22-დან 23 საათამდე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს