ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილ კაკლის ხეებს ჭრიან

ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილ კაკლის ხეებს ჭრიან

ასპინძაში კაკლის ხეებს ჭრიან. დაბაში ხეების მოჭრა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მყიდველი გამოჩნდა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ 1 კუბურ მეტრში 100 დოლარს უხდიან. "სამხრეთის კარიბჭე" მარჯანიშვილის ქუჩაზე იმ დროს მივიდა, როდესაც ლონდარიძეები უკვე მოჭრილ, ასწლოვან კაკალს, ტოტებისგან ასუფთავებდნენ.

"სახლს მინგრევს და იმიტომ ვჭრი, სინესტეა, მთელი ოთახები სველია. მეორე კაკალი ახალგაზრდაა და ისიც უნდა მოვჭრა. ხის ქვეშ გადის გაზის მილი, დენის სადენები და ყოველ ჭექა-ქუხილზე გვეშინია, უბედურება არ მოხდეს. მინდა და მოვჭერი, გავყიდი, თუ დავწვავ, ჩემი საქმეა. ნებართვა ჯერ არ ამიღია, მივალ გამგეობაში და მომცემენ ", - ამბობს ირმა ლონდარიძე.

ორი ძირი კაკალი მოჭრეს ლონდარიძეების მეზობლებმა. მათ კომენტარზე უარი განაცხადეს, მაგრამ ოჯახის ახლობელმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ოჯახმა ხის მოჭრა ფინანსური გაჭირვების გამო გადაწყვიტა.

მოჭრილი კაკლის ხეები დახვდა "სამხრეთის კარიბჭეს" ყაზბეგის ქუჩაზეც. ადგილობრივმა ვალიკო გვარამაძემ განაცხადა, რომ მუშები შესვენებაზე გავიდნენ, რომ დაბრუნდებიან ძირში მოჭრიან და წაიღებენ: "თავისი მუშები მოიყვანეს, ხერხიც აქვთ და მასალა ავეჯის დასამზადებლად მიაქვთ".

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კაკლის ხეების ჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კაკალი რომ მოიჭრას, მეპატრონემ გამგებლის წარმომადგენელს ტერიტორიულ ორგანოში განცხადებით უნდა მიმართოს, გარდა ამისა, უნდა წარადგინოს ნაკვეთის დამადასტურებელი მოწმობაც. გამგებლის წარმომადგენელი დაბა ასპინძაში თეიმურაზ ბერიძე კი ამბობს, რომ მასთან განცხადებით არავინ მისულა და შესაბამისად, ნებართვა არ გაუცია. "ვიდრე ხეს მოჭრიან, ნებართვის ასაღებად მანამდე უნდა მოგვმართონ. თუ უკვე წაქცეულია, იმაზე ცნობას ვერ მივცემთ", - ამბობს ბერიძე.

საპირისპიროს ამტკიცებს გელა შველიძე, რომელიც "სამხრეთის კარიბჭეს" იტალიური კომპანია "ბელიტას" წარმომადგენლად გაეცნო. შველიძე ამბობს, რომ ასპინძაში კაკლის ხეების წასაღებად 20-კაციანი ბრიგადით ჩამოვიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე მოჭრილია 150-მდე კაკლის ხე და მას შემდეგ, რაც თემით "სამხრეთის კარიბჭე" დაინტერესდა, გამგეობაში ნებართვას აღარ გასცემენ.

"რატომ უშლით ბიზნესს ხელს, ჩვენ ვყიდულობთ მოსახლეობისგან კერძო საკუთრებას. დადიხართ აქ მოსახლეობის დაშინების მიზნით. გამგებელი ლევან ცაბაძე უარს ამბობს კერძო საკუთრების წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე. ლევანიც და გარემოს დაცვაც "სამხრეთის კარიბჭისკენ" იშვერენ ხელს. მასალა ვერ გამაქვს, მიჩერდება ქარხანა და ბოლოს ინვესტორი გამექცევა, პასუხი ვის მოვთხოვო?!" - პრეტენზიები აქვს "სამხრეთის კარიბჭესთან" გელა შველიძეს.

გელა შველიძის თქმით, მორებად დაჭრილი კაკლის ხეები პირველ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, კომპანია "გამაუდში" მიაქვთ და იქ მუშავდება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში