"100 წლის სიცოცხლე მომემატება" - ხარაგაულელი 77 წლის ქალი მესისთან შეხვედრაზე ოცნებობს

"100 წლის სიცოცხლე მომემატება" - ხარაგაულელი 77 წლის ქალი მესისთან შეხვედრაზე ოცნებობს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში, დაბურულ ტყეში, ხის სახლში 77 წლის იზოლდა ჩხეიძე მარტოდმარტო ცხოვრობს. ქალბატონი სოფელზე, ბუნებაზე, ცხოველებსა და მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელ ლიონელ მესიზე უზომოდ შეყვარებულია.

ქალბატონი იზოლდა საოცრად ენერგიულია, ის 11 აგვისტოს ბარსელონასა და სევილიას მატჩზე დასასწრებად დედაქალაქში ჩამოსვლას გეგმავს.

"11 აგვისტოს თბილისში მივდივარ სუპერთასის მატჩზე დასასწრებად. ჩემმა ბიჭმა უნდა ჩამიწყოს საქმე, რომ შევხვდე მესის. 77 წლის ქალი ვარ და რაღაცნაირად უნდა მანახონ. ლიონელ მესის ნახვა არის ჩემი ოცნება და მჯერა, მას აუცილებლად შევხვდები. უფლის ნებაა ყველაფერი და ვნახოთ, რა მოხდება. ასი წლის სიცოცხლე მომემატება, ის რომ ვნახო პირადად. იცის, რომ ველოდები. გაუმარჯოს მესის", - ამბობს ქალბატონი იზოლდა.

იზოლდა ჩხეიძე, რომელსაც მესის არც ერთი თამაში არ გამოუტოვებია, ლეგენდარულ ფეხბურთელთან დაკავშირებულ ისტორიასაც იხსენებს.

"რამდენიმე ხნის წინ პირველ არხზე ვუყურებდი ფეხბურთს. საღამო ხანია და ჩემმა ძროხამ ატეხა ბღავილი, მშობიარობა დაეწყო. რაღას ვიზამდი, ავუწიე ტელევიზორს ხმა და ჩავედი ბოსელში. თან გავიფიქრე, ხბოს მესის დავარქმევ-მეთქი. გაიტანა მესიმ გოლი და ხბოც დაიბადა. ჩემ შვილს მოვუყევი ეს ამბავი და თან ვუთხარი, მესის წერილი უნდა გავუგზავნო და ეს ამბავი უნდა მოვუთხრო-მეთქი. დამთანხმდა.

ამ ზამთარს მანქანა მოადგა სახლს. გადმოვიდნენ გოგონები, - თქვენ ბრძანდებით იზოლდა ჩხეიძე, ჩვენ DHL-ის წარმომადგენლები ვართ, ფეხბურთელმა მესიმ ამანათი გამოგიგზავნათო. სიხარულისგან გადავირიე და დავიბენი. მესი მილიონში ერთ თაყვანისმცემელს თუ გასცემს პასუხს. გოგონებთან ერთად გავხსენი ამანათი. მესიმ თავისი სპორტული ფორმა, კალენდარი და თასი გამომიგზავნა.

ვერ გეტყვით, რატომ გამომარჩია. შეიძლება იმიტომ, წერილში რომ ჩავწერე, დაბურულ ტყეში მარტო ვცხოვრობ-მეთქი. ვიცი ისიც, რომ მესი ძალიან დიდ პატივს სცემს მოხუც ქალბატონებს. საყოველთაოდ ცნობილია, ლიონელ მესი ყველა გატანილი გოლის შემდეგ როდესაც თითს მაღლა იშვერს, წარმატებას ბებიას უძღვნის.

რატომ მიყვარს მესი? ის ანტიკვარია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, თავმდაბალია, ვარსკვლავია, მას ვერავინ შეედრება", - ამბობს იზოლდა ჩხეიძე.

იხილეთ ვრცლად

"ჩემი ხარაგაული"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა