ახალციხის მერმა კომპანიაში, სადაც მისი შვილი მუშაობს, მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

ახალციხის მერმა კომპანიაში, სადაც მისი შვილი მუშაობს, მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ სადაზღვევო კომპანია "უნისონის" გენერალურ დირექტორთან ვასილ ახრახაძესთან ხელშეკრულება (N69) 2014 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კოპაძემ შალვა ახალციხელის N2-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, (რომლის საბალანსო ღირებულებაც 3 325 800 ლარია), 4 000 ლარად დააზღვია. თუმცა, მაშინ ადმინისტრაციული შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხებოდა. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" ახალციხის მერიამ წერილობით აცნობა, ახალციხელის N2-ში მდებარე შენობა მის ბალანსზე 2015 წლის პირველი აპრილიდან ირიცხება. ანუ მერიამ დააზღვია შენობა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.

შენობის დაზღვევის ხარჯი 1000 ლარი ადგილობრივმა თვითმმართველობამ "უნისონს" უკვე გადაურიცხა. თუმცა, რა ვადითაა ხელშეკრულება დადებული და დარჩენილი 3 000 ლარის დაფარვა კონკრეტულად რა პერიოდში მოუხდება ახალციხის მერიას, უცნობია: ერთსა და იმავე დოკუმენტში ხელშეკრულების დადების ხანგრძლივობად სხვადასხვა თარიღია მითითებული. ხელშეკრულების თავში წერია, რომ დოკუმენტი 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით ფორმდება. ბოლოში კი ვკითხულობთ: "ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი გიგი ჩიხლაძე ხელშეკრულებას უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ დოკუმენტი, მინიმუმ, ტექნიკურად გაუმართავია: "ორი სხვადასხვა ვადა ერთ ხელშეკრულებაში? არ მესმის. ამ დოკუმენტის მიზანი ის არის, რომ თუ დავაზე მიდგა საკითხი, მხარეებმა ვალდებულებები მის მიხედვით განმარტონ. ალბათ მოსამართლე იმას ჩაათვლის სარწმუნოდ, რაც თავში წერია? არ ვიცი", - ამბობს ჩიხლაძე.

"უნისონის" წარმომადგენელი ახალციხეში გიორგი კოპაძის შვილი, ელგუჯა კოპაძეა. რადგან ხელშეკრულებას ხელს კომპანიის დირექტორი აწერს, "სამხრეთის კარიბჭემ" ხელშეკრულების შესახებ დეტალების გარკვევა კომპანიის ადმინისტრაციაში სცადა.

შეკითხვაზე, რატომ გაწიეს ასეთი რისკი და დააზღვიეს შენობა, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო, "უნისონის" აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ბერაიამ შემდეგნაირად უპასუხა: "მერიის ბალანსზე არ იყო ეს შენობა? თუმცაღა უფიქსირდებოდა შენახვის, ფლობის ან მოვლის, ზრუნვის ინტერესი, რასაც ემსახურება ზოგადად დაზღვევის ინტერესი. მე არანაირ რისკზე არ წავსულვარ. დაზღვევის სტანდარტების მიხედვით, ნებისმიერმა მზღვეველმა შეიძლება დაუზღვიოს ქონება პირს, რომელსაც მასზე ზრუნვის ინტერესი გააჩნია".

რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებულ ორ თარიღს, "უნისონის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლოა უზუსტობა გაიპარა: "ამის შესახებ მერიას ჰკითხეთ და მათგან მიიღეთ პასუხი".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა