რას შეეწირა გურიის პოლიციის მაღალჩინოსნების სავარძლები

რას შეეწირა გურიის პოლიციის მაღალჩინოსნების სავარძლები

ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებისთვის წლევანდელი ზაფხული ცხელი გამოდგა - თანამდებობა დაატოვებინეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი მდინარაძეს, გაათავისუფლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამხარეო უფროსი გოჩა ალფაიძე და კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის უფროსი ზაზა გობრონიძე, თუმცა, გობრონიძე თბილისში შსს დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს, სხვა პოსტზე გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის გურიის სამმართველოს უფროსი დავით ჭანტურია.

შსს გურიის პოლიციაში ცვლილებები მხოლოდ სამხარეოს უფროსის გათავისუფლებით არ დასრულებულა - რამდენიმე დღეში თანამდებობები დაატოვებინეს გიორგი მდინარაძის გუნდის წევრებსაც: მის პირველ მოადგილეს ლაშა ბაკურაძეს და ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსებს - გიორგი გაფრინდაშვილსა და ირაკლი შავიშვილს.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძისა და მისი გუნდის მოსაშორებლად ორი ე. წ. "დაჯგუფება" გაერთიანდა. წყაროს თქმით, დაპირისპირება იყო კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის ყოფილ უფროსს ზაზა გობრონიძეს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი მდინარაძეს შორის. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზაზა გობრონიძე მდინარაძეს და მის გუნდს შსს მინისტრის მოადგილით, იოსებ გოგაშვილით ემუქრებოდა, რადგან გოგაშვილი, გობრონიძე და გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ერთი გუნდის წევრები და მეგობრები არიან, ეს უკანასკნელნი კი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან "დამეგობრებულ" საახლობლო წრეს წარმოადგენენ.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, გობრონიძეს მდინარაძის პოსტის ხელში ჩაგდება სურდა, რაზეც მდინარაძე ინფორმირებული იყო. წყაროს მტკიცებით, მდინარაძეს დაუპირისპირდნენ, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წყაროს ინფორმაცით, მდინარაძემ ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაული არ დაფარა, რის გამოც მათ შორის დაძაბული ურთიერთობა, ამ ბოლო დროს ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ბიზნესმენ ილია კეჭაყმაძესთანაც ახლო ურთიერთობაში იყო, ეს უკანასკნელი მდინარაძეს ლობირებდა კიდეც, თუმცა, "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ამ ბოლო დღეებში მათ შორისაც დაიძაბა ურთიერთობა. როგორც წყარო ამბობს, მდინარაძე მისი გათავისუფლების ერთ-ერთ ფაქტორად, სწორედ ილია კეჭაყმაძესთან ახლო მეგობრობას ასახელებს.

წყაროს მოწოდებულ ამ ინფორმაციებს კატეგორიულად უარყოფენ ზაზა გობრონიძე, გიორგი მდინარაძე და ილია კეჭაყმაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა