გორის რაიონის სოფელ ვარიანში სასულიერო პირმა მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) ფრინველების ფერმა გააშენა და რამდენიმე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კომბოსტოს მოყვანა დაიწყო. მისი თქმით, ამ ყველაფერს შემოწირულობებით აკეთებს.
მოძღვარს ფერმაშიც და კომბოსტოს მოსაყვანადაც ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავს დასაქმებული. ბოსტანში დასაქმებულებს დღეში საშუალოდ 25-30 ლარს უხდის.
"30 ლარს მოგცემთ, მთავარია გულით გააკეთოთ, თუნდაც დიდხანს მოუნდით. არ გავაფუჭოთ საქმე", - ეუბნება მოძღვარი საკუთარ ბოსტანში დასაქმებულ მუშებს.
"თუ ჩვენ წამოვიღეთ საჭმელი, 30 ლარია, თუ თვითონ გვაჭმევენ, 25 ლარი" - ამბობს მამაოსთან კომბოსტოს თოხნაზე მომუშავე ერთ-ერთი ქალბატონი qartli.ge-სთან საუბარში.
როგორც მამა გრიგოლი ამბობს, 20 წელზე მეტია, სოფელში ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა საქმიანობას ეწევა.
"1995-96 წლებიდან ვეცნობოდი გლეხის შრომას და მეც მინდოდა არ ჩამოვრჩენილიყავი სოფლის მოსახლეობა, რადგან გადავწყვიტე სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი. მე ვარ სასულიერო პირი, მიყვარს ლოცვა და შრომა და 20 წელზე მეტია ამ ადამიანებთან ერთად ვშრომობ. როგორც ყველა გლეხი შრომობს და წვალობს, ისე მეც არ ვერიდები ამ შრომას. ეს ადგილები ემსახურება ჩვენს სოფელს და არა ჩემი ან სხვის გამდიდრებას. ჩვენი მოვალეობაა ვემსახურებოდეთ ხალხს ამ პატარა საწარმოებით", - ამბობს მოძღვარი.
წყარო: qartli.ge