"ილიას ტბაზე" ბანაობის შემდეგ 10 წლის ბავშვს ვირუსული მენინგიტი დაუდგინდა

"ილიას ტბაზე" ბანაობის შემდეგ 10 წლის ბავშვს ვირუსული მენინგიტი დაუდგინდა

10 წლის ბავშვს ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვის დედის ინფორმაციით, მისი შვილი ძლიერ თავის ტკივილს ყვარელში, ილიას ტბაზე ბანაობის შემდეგ უჩიოდა. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი ვირუსული ინფექციით წყალში ბანაობის დროს დაავადდა.

10 წლის ბავშვი ილიას ტბაზე საბანაოდ 3 აგვისტოს იმყოფებოდა. ბავშვის დედა ყვება, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ, საღამოს მის შვილს ღებინება დაეწყო და თავის ტკივილი აწუხებდა. მოგვიანებით მაღალი ტემპერატურაც აღენიშნებოდა. მოზარდს 2 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდნენ, რის შემდეგაც თელავში, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფის დირექტორის, თამილა თეიმურაზაშვილის განცხადებით, ექიმებმა ეჭვი მენინგიტზე მიიტანეს, რის გამოც ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაწერეს, სადაც შესაბამისი კვლევის შედეგად, ვურუსული მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, 2015 წლის 7 თვეში რეგიონში ვირუსული მენინგიტის არცერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული.

ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე ამბობს, რომ ადამიანი ვირუსული მენინგიტით შესაძლოა ნებისმიერი ვირუსული ინფექციის გართულების შედეგად დაავადდეს.

"ვირუსული ინფექცია შეიძლება წყლიდან მიიღოს, შეიძლება ჰაერწვეთოვანი იყოს. ამის დადასტურებას სერიოზული კვლევები სჭირდება", - აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, ყვარლის გამგეობიდან, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ილიას ტბა, 3 აგვისტოს გამოითხოვა ინფორმაცია, არის თუ არა ილიას ტბაზე წყალი უსაფრთხო. საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მიიღო.

დაზუსტებული ინფორმაციით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის განცხადების მიღების შემდეგ, ყვარლის გამგეობამ ილიას ტბაზე წყლის ხარისხის შესამოწმებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს მიმართა.

"ჩვენ "ილიას ტბიდან" წყლის ექვსი სინჯი, ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევისთვის ჩაგვბარდა 6 აგვისტოს. პასუხი რამდენიმე დღეში იქნება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის დირექტორმა ელენე ბაქრაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა