როგორ აფასებენ "ჟვანიას საქმეზე" ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ცნობილ ადამიანები

როგორ აფასებენ "ჟვანიას საქმეზე" ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ცნობილ ადამიანები

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ასეთი გადაწყვეტილება 10-მა ნაფიცმა მსაჯულმა ორის წინააღმდეგ მიიღო. თუმცა მათ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ, კობა ხარშილაძე კი პატიმრობაში 24 დეკემბრამდე რჩება.

იხილეთ სასამართლო პროცესის დეტალები თეგზე #ჟვანიას საქმე

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბუღაძე (ფერმწერი): "ეს ჩემთვის ძალიან რთული თემაა. ზურა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი იყო, ამიტომ ყველა დეტალი, რაც მასთან არის დაკავშირებული ძალიან მაღელვებს.

ამ ბიჭებს - ხარშილაძესა და ძაძამიასაც ვიცნობდი, იმიტომ რომ ზურასთან ძალიან აქტიური ურთიერთობა მქონდა. ჟვანია იყო ძალიან ღია და გახსნილი ადამიანი.

ამ საქმეზე ძალიან გამიჭირდება კონკრეტული კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ არ ვიცი, მიუძღოდათ თუ არა ამ ბიჭებს დანაშაული. მე მინდა, რომ ზურაბ ჟვანია ისტორიაში შევიდეს, როგორც უმწიკვლო ადამიანი".

გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები არაფერში დამნაშავე არ არიან. აგიხსნით რატომაც. პრემიერი თავის დაცვას რომ უბრძანებს, შენ არ უნდა გამომყვე, როდესაც ეტყვის რომ თავისუფალია, ამ დროს რა უნდა ქნას იმან?! მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები სულ ტყუილად არიან დაჭერილები.

მე რომ მკითხოთ, ასეთი სასამართლო არც უნდა ყოფილიყო. გარდაცვლილ ადამიანს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. ძალიან უხერხულია, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ. არა მარტო გარდაცვლილს, არამედ ოჯახსაც. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რათა ეს დეტალები, რაზეც იყო საუბარი, არ გამოსულიყო გარეთ".

მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე): "ეს არის საქმე, რომელზეც არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ამ საქმის მიმდინარეობაში საერთოდ არ ვყოფილვარ ჩართული, ამიტომ გამიჭირდება პასუხის გაცემა. აზრზე არ ვარ, რა ხდებოდა სასამართლოზე.

სწორად არ მიმაჩნია ის, რომ დაცვაზე აღძრეს საქმე. დაცვა ასრულებს ბრძანებებს, ამიტომ გამართლებულად არ მიმაჩნია, როდესაც მას ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას. რაც უბრძანეს, ის გააკეთეს".

ია ანთაძე (ჟურნალისტი): "ამ თემაზე კონკრეტული შეფასების გაკეთება ნამდვილად მიჭირს. არ ვიცი არცერთი მოტივი, რის გამოც თქვეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი. მოტივის გარეშე როგორ შევაფასო?! უნდა გავიგო, რა გარემოებებით იხელმძღვანელეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომ ასეთი განაჩენი გამოეტანათ.

სასამართლო პროცესებს არ დავსწრებივარ. სხვათა შორის, ჟურნალისტებიც ძალიან ცუდად აშუქებდნენ ამ პროცესს. ამიტომ როდესაც არ იცი არსებითი გარემოებები, მაშინ კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია".

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს