"იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი და ინოვაცია" - გიორგი ზურაბიშვილი "საზმაუს" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა

"იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი და ინოვაცია" - გიორგი ზურაბიშვილი "საზმაუს" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა

"რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მეგობრებო კარგი სიახლე მაქვს, ახალი სამსახური დავიწყე - საზოგადოებრივ მაუწყებელში სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ვიქნები.

ჩემთვის ეს სიახლე არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც დიდი ინტერესით ველი. მალე საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ერთიანი სივრცე, რომელიც მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე რადიოს, ონლაინ ბლოგებს და სხვა. იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი. სპორტული კუთხით ჩვენი გასაშუქებელი იქნება ჩემპიონთა ლიგა, ევრობასკეტი, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა და ბევრი სხვა ღონისძიება. იგეგმება ბევრი ინოვაცია, არხს დაემატება რამდენიმე საინტერესო სტუდიური გადაცემა, აღსდგება "ურბან სპორტი", გაკეთდება საინტერესო სპორტული ტელეჟურნალი და ა.შ.

ტელევიზიაში მივდივარ ჩემ გუნდთან ერთად. ჩვენ საკმაოდ რთული მისია გვაკისრია, რადგან ეს არ არის იოლი საქმე. არის უამრავი დაბრკოლება და სირთულე. ყველაფრის ერთიანად შეცვლა და გარდაქმნა არ გამოდის, თუმცა გპირდებით, რომ ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული პროდაქშენი განვითარდება, დაიხვეწება და თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების დონეზე გავა.

სამწუხაროდ "სილქ სპორტიდან" (ყოფილი ჯიემჯი) წამოსვლა მიწევს, სხვანაირად არ გამოდის. მინდა ვთქვა, რომ ამ ტელევიზიაში გავატარე ჩემი საქმიანობის საუკეთესო წლები. უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთ ახალგაზრდა ბიჭში პოტენციალი დაინახა - თავის გამოჩენის და განვითარების შანსი მისცა. დიდი მადლობა ბიძინა ბარათაშვილს, ლევან სალუქვაძეს, პაატა გურასპაულს - რომ არა ეს ადამიანები, შეიძლება დღესაც არ მქონოდა ნაპოვნი ის საქმიანობა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამაინს, რომელთან ერთადაც მომიწია მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში ყველასგან ბევრი რამ ვისწავლე.

მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება. ამ საკმაოდ რთულ და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს