"მზად ვარ, გვერდში ამოვუდგე, რომ ეს უმსაგვსო სისტემა შეცვალოს" - ირაკლი კაკაბაძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

"მზად ვარ, გვერდში ამოვუდგე, რომ ეს უმსაგვსო სისტემა შეცვალოს" - ირაკლი კაკაბაძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

მწერალი და უფლებადამცევლი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

"მიხარია ქართულ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის სახელის გამოჩენა. მზად ვარ გვერდზე დავუდგე მას და ყველანაირად დავეხმარო. მისი ღირსება ჩემთვის არა მხოლოდ ისაა, რომ ამდენი ხანია ღარიბებსა და ღატაკებს - გაჭირვებულებს ეხმარება, არც დამატებით ის, რომ მას მთელი მსოფლიო იცნობს და პატივს სცემს, - არამედ მისი მთავარი ღირსება ჩემთვის არის ის, რომ ის შემოქმედი და ხელოვანი კაცია. დღეს საქართველოს თავისი ბედის შემოქმედება სჭირდება - ეს აკლია ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკას უკანასკნელ 23 წელს. ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახლა საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედი ადამიანი - რომელიც სხვებთან ერთად შექმნის ჩვენს მრავალხმიან მომავალს, რომელსაც ეყოფა გამბედაობა ახალი ხედვისთვის და რომელიც დაშტამპულ პოსტ-მოდერნულ დოგმებში და სტერეოტიპებში არ მოექცევა. დიახ, პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი იშვიათი ქართველია, რომელსაც აქვს გაბედულება თქვას ის, რასაც ფიქრობს, ყოველგვარი ზედმეტი კონიუნქტურიზმის და პრანჭიაობის გარეშე. პაატა ბურჭულაძე მოდის 'მრავალჟამიერის' შემოქმედებითი ტრადიციებიდან - და მრავალხმიანობა ეს ის არის, რაც იდეებისგან დაცლილ მსოფლიო პოლიტიკას სჭირდება დღეს - და ქართველ პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ საკუთარი მსოფლმხედველობრივი საგანძური შესთავაზონ მსოფლიოს. ამას სწორედაც რომ პაატა ბურჭულაძის მასშტაბის ხელოვანი სჭირდება - დიახაც რომ ხელოვანი - რადგან დღემდე წამყვანი ეკონომისტების და იურისტების დაშტამპული წესები და სხვისი დაწერილი 'საერთაშორისო კანონების' აღსრულება მხოლოდ მონობის გაათკეცებას მოასწავებს.

დღეს საქართველო ისეთ სოციალ-ეკონომიკურ მონობაშია გაბატონებული ნეოლიბერალურ-კორპორატოკრატიული 'მსოფლიო წესრიგისა', რომ მას ნამდვილად სჭირდება საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის ამუშავება თავის გადასარჩენად. დღეს არსებული წამყვანი პოლიტიკური ძალები - ქოცები და ნაცები - არა მხოლოდ სხვისი უნიჭო მკოპირებლები არიან - არამედ პოლიციური, მოძალადე, ნეოლიბერალური წესრიგის დამცველები. მათი დაუნდობელი და მკვლელი 'პოლიცია' მხოლოდ მათს საკუთარ და მათი ბატონი 'ინვესტორის' ქონებას იცავს. მათთვის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრება არ არის 'მსუნთქავ არსებაზე' მნიშვნელოვანი. დღეს, საქართველოში ადამიანის ცხოვრებას ფასი არა აქვს - არც მის შრომას - და არც მის შემოქმედებით ნიჭს.

პაატა ბურჭულაძის გამოჩენამ პოლიტიკურ სცენაზე ისევ გამიჩინა იმედი, რომ საქართველო არ არის განწირული ტექნოკრატიული დიქტატურისთვის - რომელშიაც უკვე დიდი ხანია ვცხოვრობთ - 1992 წლიდან. მე გამიჩნდა იმედი, რომ საქართველოში შესაძლებელია შემოქმედება - და აქედან გამომდინარე ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა. იმედი მაქვს, ჩემი იმედი გამართლდება. და თუ გამართლდება - მზად ვარ, გვერდში ამოვუდგე ბატონ პაატას, რომ ეს უმსაგვსო სისტემა შეცვალოს და უფრო ადამიანური სისტემა დაამყაროს. მასთან ერთად კიდევ სხვა ხელოვანების იმედი მაქვს. იმ ხალხის, ვისაც შეუძლია შექმნას ახალი. ძველი უკვე აღარ მუშაობს, მეგობრებო”, - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასა და ერთსქესიან ქორწინებაზე: "რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს