ლაშა შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძის შეცდომებზე, დანგრეულ ოჯახსა და ყველაფერზე, რაზეც ჯერ არ უსაუბრია

ლაშა შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძის შეცდომებზე, დანგრეულ ოჯახსა და ყველაფერზე, რაზეც ჯერ არ უსაუბრია

ჩვენი რესპოდენტი ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძეა. საკუთარ საქმიანობაზე, პირადზე, ბაბუაზე, ოჯახზე და იმაზე, თუ ვისთან მეგობრობს დღევანდელ ხელისუფლებაში, ლაშა შევარდნაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს.

- ლაშა, რას საქმიანობთ ახლა?

- დღესდღეობით მე კომპანია Socar energy georgia-ში ვმუშაობ, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების და საგარეო ეკონომიკის კუთხით. ასევე პარალელურად ვმუშაობ შვეიცარიულ-ქართულ ფონდში, რომელსაც ეწოდება "საერთაშორისო ფონდი მგრადი განვითარებისთვის". ფონდის მიზანია განავითაროს ალტერნატიული ენერგიის (მზე, ქარი) დანერგვა როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის და შუა აზიის რეგიონში. მე ამ ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი და ბიზნეს-დეველოპერი გახლავართ. იქიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ტექნოლოგიების თვითღირებულება საკმაოდ ძვირი ჯდება და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს იმის საშუალება, რომ უცხოელ ინვესტორებს ამ მიმართულებით ხელი შეუწყონ. საკანონდებლო დონეზე ასევე მისაღებია ეგრეთ წოდებული "მწვანე ტარიფი". აქვე დავამატებდი იმასაც, რომ საქართველოს ყველანაირი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, როგორებიცაა მზე, ქარი, წყალი და ამ კუთხით ნამდვილად ღმერთისგან დაჯილდოებული ქვეყანა ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში მალე მოხდება და ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

- თქვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავია. ლაშა, როგორი ბაბუა იყო ბატონი ედუარდი და რა შეიცვალა თქვენთვის მისი წასვლის შემდეგ?

- ბაბუა სახლში, ოჯახის წევრებთან ყოველთვის თბილი, მოსიყვარულე და უშუალო იყო. მე არასოდეს არ მახსოვს სახლში გაბრაზებულიყოს ან ხმისთვის აეწიოს. თავის ცხოვრების ყველაზე მძიმე დროსაც კი უზომოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ მე მას 2003 წლის შემდეგ დავუახლოვდი მხოლოდ, გადადგომის მერე. ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამდე მას უბრალოდ არ ეცალა.

1992 წლიდან 2003 წლამდე, როდესაც ის სახელმწიფოს მეთაური იყო, სახლიდან დილის შვიდ საათზე გადიოდა სამსახურში და ღამის პირველ საათზე ბრუნდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ კვირა დღე იყო, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა საღამოს ცხრა საათზე. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაისვენა და ამ დროს ლიკანის სამთავრობო რეზიდენციით ისარგებლა, ისიც ორჯერვე ორი კვირით და დასვენების ნახევარი დრო მუშაობაში გაატარა. ამ დროს საქართველო გარდამავალ პერიოდს გადიოდა და ქვეყანა დღე და ღამე მუშაობას ითხოვდა.

2003 წლის შემდეგ ბაბუ და მე ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. ის ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავის პოლიტიკურ ისტორიებს და ჩემთვის, როგორც იმ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტისთვის, ძალიან საინტერესო იყო. არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, ხშირად შუადღისთვის კრწანისის რეზიდენციაში ავდიოდი ხოლმე, ბაბუასთან ერთად ვსადილობდი, მერე გავდიოდით მის კაბინეტში, სადაც ვსვამდით მწვანე ჩაის. ცნობილია, რომ მას ცოტა კონიაკის დალევაც უყვარდა. ბოლო წლებში ძალიან შეუძლოდ იყო, თუმცა მას სიცოცხლის ბოლომდე ნათელი გონება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მე, მამაჩემი და მამიდაჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მასთან ვიყავით.

- რა უპირატესობები და მინუსები ჰქონდა პრეზიდენტის შვილიშვილობას?

- ვიტყოდი, რომ მინუსები უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე უპირატესობა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც ხარ ქვეყნის პირველი პირის ოჯახის წევრი, შენ გარკვეულწილად შეზღუდვები გაქვს. რაც ჩემს თანატოლებს შეეძლოთ, მე ამის უფლება არ მქონდა. როდესაც შენი ოჯახი იმყოფება მუდმივი ყურადღების ქვეშ და თითოეული უნებლიე შეცდომა, რაც სხვას ეპატიება, შენ არ გეპატიება. ეს კი საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე. მოკლედ, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ლაღი და უდარდელი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია.

უპირატესობა ის არის რომ, მე მეამაყება, რომ ვარ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი (ზოგისთვის მოსაწონი, სხვებისთვის - ნაკლებად მოსაწონი). ეს ადამიანი დაიბადა სოფელ მამათში და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ფეხშიშველა დადიოდა სკოლაში, ასეთმა ადამიანმა შექმნა მთელი ეპოქა და იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩემთვის და თითოეული ჩემი ოჯახის წევრისთვის, თავისი პოლიტიკური კარიერის გვირგვინი იყო მისი მშვიდობიანი გადადგომა და თავის საკუთარი მოქალაქეების სისხლის არდაღვრა.

- რა რჩევებს გაძლევდათ ბაბუა?

- ხშირად მეუბნებოდა ყოველთვის გქონდეს შორს მჭვრეტელი მიზნები, იარე შორს, მაგრამ იყავი ახლოს შენს ოჯახთან და სამშობლოსთანო.

- საერთო თვისებები თუ გაქვთ ბაბუასთან?

- ბაბუსავით კარგი არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, მეც გურული იუმორი და მოთმინების უნარი მაქვს.

- ხელისუფლების ყოფილი წევრები ხშირად აკრიტიკებდნენ ედუარდ შევარდნაძეს და მის მმართველობას, ზოგჯერ შეურაცხმყოფელიც იყო ეს კრიტიკა, როგორ ხვდებით ამ შეფასებებს, თუნდაც ახლა, როცა ამბობენ რომ შევარდნაძის ბნელი დრო დაბრუნდა ქვეყანაში?

- მე არაერთხელ მითქვამს ჩემს წინა ინტერვიუებში, რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ და შეცდომები განსაკუთრებით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ბევრი იყო. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ღვაწლი ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე იქნება სწორად შეფასებული და ადეკვატურად დაფასებული. ისტორია აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი ახსოვს, კარგად ემახსოვრება თუ როგორ ქვეყანაში ჩამოვიდა ის 1992 წელს და 2003 წელს როგორი ქვეყანა დაუტოვა "თავისსავე აღზრდილებს", ეს იყო ქვეყანა თავისი აწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

როდესაც იგი საქართველოში 1992 წელს დაბრუნდა, თბილისის ცენტრი იყო ნაომარი და სამოქალაქო ომისგან გაპარტახებული. ქვეყანას მართავდა სამხედრო საბჭო, ქვეყანაში ბანდ-ფორმირებები ბატონობდნენ და ქვეყნის ბიუჯეტი მხოლოდ 100 000 დოლარს შეადგენდა. მოკლე პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ავად თუ კარგად შეძლო ქვეყნის სტაბილიზაცია, ბანდ-ფორმირებების განეიტრალება, ლარის სახით ახალი ვალუტის შემოღება და ახალი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ კონსტიტუციის მიღების 20 წლის თავი აღნიშნეს. საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ღიად განაცხადა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სწორედ ედუარდ შევარდნაძის დროს, 1999 წელს, სტამბულის სამიტზე ხელი მოეწერა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს, დაიწყო ქართული არმიის ნატოს სტანდარტებით აღჭურვა და წვრთნა. ყველაზე წარმატებული პროექტი კი, ბატონ ჰეიდარ ალიევთან ერთად, ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი იყო. სწორედ ამ ორმა პროექტმა საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი მიანიჭა და ჩვენი ქვეყანა დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა. დღესდღეობით სწორედ ამ ორი პროექტის გამოა ევროპა და ამერიკა ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული.

შემიძლია ასევე თამამად განვაცხადო, რომ ზუსტად ამ ორი პროექტის გამო 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს მთელი ტერიტორიის დაკავება. რაც შეეხება შეცდომებს, მე მიმაჩნია, რომ ედუარდ შევარდნაძეს აღარ უნდა ეყარა კენჭი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ შემთხვევაში მას სიცოცხლეშივე უფრო მეტად დააფასებდნენ. სამწუხაროდ, 2000 წლის მერე მას გადაღლა დაეტყო და ეს ბუნებრივიც იყო, რადგან უკვე ასაკოვანი იყო.

მისი ბოლო პერიოდის საკადრო პოლიტიკა ჩემი აზრით, პრეზიდენტ შევარდნაძის სერიოზული შეცდომა იყო და ეს მოითხოვდა გადახედვას. ასაკის მატებასთან ერთად მას დააკლდა ის გაბედულება და რისკზე წასვლის უნარი, რომელიც მთელი ცხოვრება ახასიათებდა და რომლითაც ის აღწევდა წარმატებებს. ამით ისარგებლა მისმა გარემოცვამ. თუმცა ამასაც აქვს თავის გამართლება, ბუნებრივიც არის, როდესაც ადამიანს შვიდი წლის განმავლობაში სამჯერ მოგიწყობენ ტერაქტს. 2003 წელს კი, როგორც მამაჩემი იტყოდა, "სანჩო პანსამ მას უღალატა".

- თქვენი ოჯახი სად ცხოვრობს ამჟამად?

- ჩემი მშობლები და ჩემი პატარა და საფრანგეთში ცხოვრობენ.

- თქვენი დის სოფიკოს შესახებ კარგად არის ცნობილი არამხოლოდ ქართველებისთვის, თავად როგორ აფასებთ მის საქმიანობას? რას გვეტყვით პატარა დის ნანუს შესახებ?

- ჩემი და სოფო არის უნიჭიერესი, უჭკვიანესი და ძალიან დადებითი ადამიანი. ის თავის საქმის უდავო პროფესიონალია. გარდა ამისა, სოფო ბუნებით უშიშარია. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ის 2012 წელს, სამოქალაქო ომის დროს, სირიაში ჩავიდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისგან ინტერვიუ აიღო. ინტერვიუს ჩაწერისას, ხუთას მეტრში კი ბომბები ფეთქდებოდა. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას სოფოს მიმართ, აქ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ უფროსი ძმა მყოლოდა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჩემი უფროსი და ერთად აღებულ ათ უფროს ძმას სჯობია. ნანუ მომავალ წელს უკვე სკოლას ამთავრებს. დაბადებული და გაზრდილია საფრანგეთში. მას საქართველოსთან ხშირი შეხება არ აქვს. როგორც სოფიკო, ნანუც უნიჭიერესი გოგოა. სხვათა შორის, იგი როგორც ჰუმანიტარულ, ისე ტექნიკური საგნებს კარგად სწავლობს. ამის გამო ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა თავის სკოლაში. მას მსახიობობა სურს. ალბათ მომავალ წელს სამსახიობო სკოლაში ჩააბარებს.

- მამის დიპლომატიური საქმიანობის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მოგიწიათ ცხოვრება, როგორ დაახასიათებდით თითოეულ ქვეყანას?

- საქართველოში დავიბადე, თუმცა გავიზარდე საფრანგეთში, სკოლა შვეიცარიაში დავამთავრე, უნივერსიტეტში კი ინგლისში ვსწავლობდი. ეს სამივე ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთმანეთზე საინტერესო ქვეყნებია. მამას დიპლომატიური საქმიანობის გამო მომიწია საფრანგეთში და შვეიცარიაში ცხოვრება. საფრანგეთი ჩემთვის გამორჩეული ქვეყანაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეორე სამშობლოა. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ფრანგული სამზარეულო, განსაკუთრებით ყველი და წითელი ღვინო. სამხრეთ საფრანგეთი ძალიან ჰგავს აფხაზეთს, როგორც ბუნებით, ისე კლიმატით. შვეიცარია კი თავის ადგილმდებარეობით ძალიან მაგონებს ხევსურეთსა და სვანეთს, თუმცა სილამაზით ალპების მთები კავკასიის მთებს ვერც შეედრება. შვეიცარია უნიკალური ქვეყანაა იმ მხრივაც, რომ ქვეყანას ოფიციალურად ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული. ის არ არის არცერთი სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რამოდენიმე საუკუნეა ამ ქვეყანაში ომი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს და ძალიან ძლიერი შეიარაღებაც აქვს. შვეიცარიაში ყველა ადამიანი ორმოცდახუთ წლამდე რეზერვისტად ითვლება. ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს მიმართ. იმავდროულად ის არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, უსაფრთხო და მშვიდი ქვეყანა, რაც მე მინახავს. ვისურვებდი, რომ ჩემი სამშობლოც შვეიცარიასავით განვითარებული ყოფილიყოს. სხვათა შორის, შვეიცარიაში სამი სახელმწიფო ენაა და ეს სულაც არ უშლით შვეიცარიელებს ხელს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში იცხოვრონ. ასე რომ, არც ჩვენ უნდა გვქონდეს დისკომფორტი, თუ მომავალში აფხაზებთან და ოსებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ და ცხადია ამ დროს მოგვიწევს მათი ენის და უფლებების აღიარებაც.

- თქვენი დისგან განსხვავებით თქვენ ყოველთვის ერიდებით საჯაროდ გამოჩენას, რა არის ამის მიზეზი?

- ბუნებრივია, რომ სოფოს თავისი პროფესიიდან გამომდინარე აქტიურად უწევს მედიასთან ურთიერთობა. რაც შემეხება მე, არანაირად არ ვერიდები, თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი პერსონა, მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე.

- საზოგადოების ყურადღება მომართული იყო პირადად თქვენი ოჯახის მიმართ, რატომ დაშორდით თათია შარანგიას და როგორ გადაიტანეთ ოჯახის დანგრევა?

- მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით, სადაც ის პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში სწავლობდა. სწორედ საფრანგეთში დაიბადა ჩვენი ორი შვილი. თუმცა რაღაც დროის მერე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდით და ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით. როდესაც სიყვარული ქრება, ყოველთვის სჯობს დაშორდე, ვიდრე ორმა ადამიანმა იცხოვროს ტყუილში. ბავშვებისთვის ბევრად უკეთესია მშობლები იყვნენ ცალკ-ცალკე და ჰქონდეთ ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა, ვიდრე ერთად ცხოვრობდნენ და მუდამ კონფლიქტი იყოს ოჯახში. იმ ოჯახებში, სადაც შეგნებულად თავს იკავებენ კონფლიქტებისგან და ასე ვთქვათ, თამაშობენ, ბავშვი ქვეცნობიერად მაინც გრძნობს ამ დაძაბულობას. არსებობს ასეთი ფრანგული ანდაზა: "ბავშვი და ძაღლი ყველაფერს ხვდება, რაც ოჯახში ხდება". მე ჩემს ყოფილ მეუღლეს გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ.

- ბავშვებთან ხშირად ახერხებთ ურთიერთობას?

- ბავშვები ყოველ კვირას ორი-სამი დღე ჩემთან არიან. მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ბავშვების ზაფხულის არდადეგებიც კი გაყოფილი გვაქვს - ნახევარს ჩემთან ატარებენ, ნახევარს - მასთან.

- გყავთ თუ არა ახლა რჩეული?

- ახლა არავინ მყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძირითადად მთელ ჩემს ენერგიას ჩემს პროფესიულ განვითარებაში ვხარჯავ. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ცხოვრების ახალი მეორე ნახევარი მალე გამოჩნდება. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.

- ხომ არ აპირებთ ბაბუის კვალს გაჰყვეთ და საკუთარი ძალები სცადოთ პოლიტიკაში?

- იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ბევრი მიზეზების გამო ერთი დღეც არ მიმუშავია საჯარო სამსახურში. უნივერსიტეტის მერე, სულ კერძო სექტორში ვმუშაობ და ამ ეტაპზე ასე ვაპირებ გაგრძელებას. ისე კი ამ ეტაპზე პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ბაბუაჩემის მიღწეულ წარმატებებს ნამდვილად ვერ გავიმეორებ, ეს იუმორით ცხადია. სერიოზულად კი, არასოდეს თქვა, არასოდეს. ასე რომ, თუ მომავალში ჩემს ქვეყანას დავჭირდები, მზად ვარ ვემსახურო როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი და თუ ამისთვის პოლიტიკა გახდა საჭირო, არც ამას გამოვრიცხავ.

- ვისთან მეგობრობთ დღევანდელ ხელისუფლებაში?

- დღევანდელ ხელისუფლებაში რამდენიმე ადამიანთან ვმეგობრობ, გვარებს არ დავასახელებ. გარდა ერთისა, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ეს არის დავით ფაცაცია, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ის ჯერ კიდევ არ დანიშნეს აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარედ. ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი მალე დადებითად გადაწყდება. იმის გარდა რომ, ის ჩემი მეგობარია, ასევე უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალია. სწორედ ასეთი ადამიანები აკლია ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს. იგი სოხუმიდან არის. სხვათა შორის, აფხაზეთის ომის დროს ბიძამისი სოხუმის აეროპორტის უფროსი გახლდათ და სწორედ მან ჩაუსხა საწვავი პრეზიდენტ შევარდნაძის თვითმფრინავს, რომლითაც მან ალყაშემორტყმული სოხუმი დატოვა.

- თუ ადევნებთ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს, რა მოგწონთ და რა შენიშვნები გაქვთ?

- მე დღევანდელი ხელისუფლების საკმაოდ აქტიური მხარდამჭერი ვარ. ეს არა ერთხელ გამომიხატავს ფეისბუქის ჩემს პირად გვერდზე. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს საზოგადოებას აღარ აქვს შიშის სინდრომი, ბიზნესი აღარ არის სახელმწიფო ტერორის ქვეშ, ძალოვანი სტრუქტურებიც აღარ არიან პოლიტიზირებულები, ისე როგორც წინა ხელისუფლების დროს, მედია აბსოლუტურად თავისუფალია, ადამიანებს გააჩნიათ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, აღარავის ეშინია მთავრობის გაკრიტიკების. დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე წარმატებული პროექტი ჯანდაცვის რეფორმა გახლავთ, ამან მისცა თითოეულ მოქალაქეს გადაუდებელი მკურნალობის საშუალება. ამ რეფორმამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენ კარგად გვახსოვს, ხალხი როგორ ყიდდა ბინებს ან ბანკში დებდნენ თავის სახლს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდა მკურნალობის საშუალება. ამ ყველაფრის მიუხედავად, არც კრიტიკას არ ვერიდები და მიმაჩნია რომ ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ არ გააჩნიათ ადეკვატური პიარი, არ გააჩნიათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორი მეთოდი, რომელიც კარგად აღწერს მათ წარმატებებს. ამის საწინააღმდეგოდ კი მიზანმიმართული შავი პიარი მიმდინარეობს. ასევე ვიტყოდი, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის და პრემიერის ინსტიტუტებს შორის ძალიან ცუდი კომუნიკაციაა და ვერ ხერხდება ერთმანეთში სწორი კოორდინირება. ასევე ვიტყოდი, რომ ჩვენმა მთავრობამ ვერ დაალაგა ურთიერთობები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან როგორც ეს იყო შევარდნაძისა და თუნდაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. აზერბაიჯანი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია მასთან გვქონდეს მეგობრული და მჭიდრო კავშირი.

- სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეეხეთ, როგორ შეაფასებთ უკრაინულ მთავრობაში მიმდინარე მოვლენებს?

- 2013 წლის ზამთარში როდესაც კიევში მთავრობის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება დაიწყო, მე ფეისბუქის ჩემს პირად გვერდზე დავწერე რომ რუსეთი, ქვეყანა, რომელიც არ აწარმოებს ახალ ტექნოლოგიებს და ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ნავთობის და გაზის ექსპორტზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი საშუალებაა რომ რუსეთი დასუსტდეს და შემდგომ დაიშალოს (როგორც ედუარდ შევარდნაძემ იწინასწარმეტყველა) არის ის, რომ დასავლეთმა ხელოვნურად უნდა დააგდოს ნავთობის ფასი. უკრაინის მოვლენები კი ზუსტად ნავთობზე ფასის დაგდების და რუსეთზე ეკონომიკური სანქციების საწყისი ეტაპი იყო. ნავთობის ფასის ვარდნას აქვს ეკონომიკური ახსნა. პირველი ის, რომ ამერიკაში დანერგეს ბურღვის ახალი ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე. წ. ფიქალის ნავთობის და ფიქალის გაზის მოპოვება. ამან ამერიკას საშუალება მისცა, გამხდარიყო ნავთობის და გაზის ექსპორტიორი ქვეყანა და როგორც ახალი უზარმაზარი ექსპორტიორი შემოვიდეს მსოფლიო ბაზარზე. პარალელურად საუდის არაბეთმა გაზარდა ნავთობის მოპოვება და ამის ფონზე დაეცა ნავთობის ფასიც. მოკლე პერიოდში ნავთობის მიწოდება უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოთხოვნა. ამ ტენდეციის გაგრძელება მომავალში ხელს შეუწყობს ირანთან სანქციების მოხსნას. არის ასევე ჩინეთის ფაქტორიც. ქვეყანა რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, იქ ნავთობის მოხმარება შემცირდა და ამანაც განაპირობა ნავთობის ფასის ვარდნა. მაგრამ ეს არის ეკონომიკური ვერსია. ჩემი აზრით, ამის მიღმა არსებობს პოლიტიკური ვერსია, რომელიც ემსახურება რუსეთის დასუსტებას, ზუსტად ისევე როგორც ეს მოხდა 1986 წელს, რამაც შემდგომ გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ოდესის ოლქის გუბერნატორად, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ამბივალენტური მოვლენაა. მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად შეძლებს სასიკეთო რეფორმების გატარებას, მას ამის უნარი ნამდვილად გააჩნია და ჩვენ ეს საქართველოშიც ვიხილეთ. თუმცა მიმაჩნია რომ მისი დანიშვნა ოდესის ოლქში არის ძალიან სარისკო ნაბიჯი, იმიტომ, რომ უფრო მეტად გააღიზიანებს რუსეთს და შესაძლებელია უფრო გააღრმავოს რუსულ-უკრაინულ კონფლიქტი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოდესა ძალიან ახლოს იმყოფება კონფლიქტის ზონასთან. პოროშენკოს ადგილას უფრო დასავლეთ უკრაინის ოლქში დავნიშნავდი, სადაც უფრო სიმშვიდეა და უფრო კარგად გამოიყენებდა თავის უნარებს. რაც შეეხება ქართველ მეომრებს, რომლებიც უკრაინის მხარეს საბრძოლველად მიდიან, მე ამას მხოლოდ მივესალმები და ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ ადამიანების აზრს, რომ ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და რომლებიც გმირები არიან, ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ზუსტად იგივენაირად ამოგვიდგა უკრაინა მხარში, როდესაც იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა გამოგზავნა რამდენიმე სამხედრო ბატალიონი ჩვენი სამხედროების დასახმარებლად და ასევე უკრაინაში იმ პერიოდში შექმნილი იყო ორგანიზაცია სახელად "არგონავტები" და ამ ორგანიზაციის წევრები ჩვენ სამხედროებს აფხაზეთში ეხმარებოდნენ.

- საქართველო რა არის თქვენთვის?

- ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიმართ დიდი სიყვარული მაქვს, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩემს სამშობლოს სადაც დასჭირდება (ეს იქნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ) მზად ვარ ვემსახურო მას.

- მომავალში სად აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას და რატომ?

- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ მომავალში რაღაც პერიოდი უცხოეთში ვიცხოვრო, თუმცა ჩემს სამშობლოს სამუდამოდ არასდროს დავტოვებ. ეს აზრადაც კი არ მომსვლია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?

ხაშურში მოქალაქეეები მანქანით მდინარაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში ჩარჩნენ - ისინი მაშველებმა გამოიყვანეს

დღის ფოტო - როგორ დაემშვიდობა მეუღლე გურამ დოჩანაშვილს