XXI საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის, ასევე პრესტიჟული დაწყებითი კლასის პრესტიჟულმა მოსწავლეებმა თავისუფალ წერაში, თემით - „ვინ მინდა გამოვიდე", დაწერეს, რომ სურვილი ჰქონდა გამოსულიყვნენ... არც მეტი, არც ნაკლები, იმ დროისთვის რეგიონში კარგად ცნობილი, ერთ-ერთი კანონიერი ქურდი. ამ კანონიერ ქურდთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და საოცარ ტანდემში ცხოვრობდნენ მაშინ ყველანი, ქალაქის ხელმძღვანელობა, სასულიერო პირები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც!
"საკვირველ არიან საქმენი უფლისანი" ეპისკოპოსებს შეეძლო კანონიერი ქურდისთვის უამრავი ძალადობა „მიეტევებინათ" და მიეღოთ იგი, როგორც უძღები, თუმცა კი ჭეშმარიტი შვილი, ან როგორც "კრავი ობოლი", თუნდაც მომავალი ძალადობების პერსპექტივით მაშინ, როცა შეუძლებლად მიაჩნდათ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ეპატიებინათ და ბოლომდე გაეგოთ „საშუალო დონის" ცოდვები, ჩადენილი კაცთა თუ მათ წინაშე.
მოკლედ, ასე და ამგვარად დაიწერა ტრაგიკულად თავისუფალი თემა, რომლის შედეგებიც ორჯერ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა - მასწავლებლებმა, მშობლებმა და ზოგადად, უფროსმა თაობამ ყველაფერი იუმორით აღიქვა, ბევრი იცინა და მერე მიივიწყა ჭეშმარიტად ეროვნული კატასტროფის ტოლფასი ეს ისტორია.
იმ ავბედით დროს, სკოლების და სკოლებში კლასების გადანაწილების სისტემა შემდეგნაირად ხდებოდა: იყო კლასები, სადაც თავს იყრიდნენ „მაღალი ფენის" საზოგადოების ნაშიერნი და საზოგადოებაში პატივსაცემ გვამთა შვილები და იყო კლასები საშუალო და დაბალი ფენის, შეჭირვებულ პირობებში მცხოვრებო ჯახებისთვის. რა თქმა უნდა, დაყოფა ცალსახად და აშკარად არ ხდებოდა,მაგრამ ყველა კლასს ჰქონდა თავისი დაღი და ამ დაღის ქვეშ ხდებოდა საზოგადოებისთვის აგრერიგად სასურველი მომავალი თაობის "ექსპლუატაციაში ჩაშვება".
კლასში მყოფი ბავშვებიც, ჯერ უფროსების დახმარებით, შემდგომ ეტაპზე კი მათგან დამოუკიდებლად, ფენების მიხედვით ნაწილდებოდნენ სამეგობრო წრეებად. დროდადრო აღრევაც ხდებოდა საშუალო და მაღალ ფენებს შორის, ძირითადად ურთიერთგამოყენების ნიადაგზე (საშუალო ფენის ხუთოსანი მოსწავლე+მაღალი ფენის სამოსანი მოსწავლე = წარმატებულ მეგობრობას), მაგრამ მაღალი და დაბალი ფენის კონტაქტი, მიუხედავად სასკოლო ნიშნებისა უიშვიათესი მოვლენა გახლდათ. შემდეგ ესეც დასაშვები გახდა. თუმცა ამაზე ქვემოთ.
ოჯახებში, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ ყველას ცხოვრებით, გარდა საკუთარისა, იყო ხოლმე ოჯახური საუბრებიც და ამ საუბრებში მშობლების მიერ გამოთქმული მახინჯი აზრების კვალი აშკარად ეტყობოდათ ბავშვებს. დაპირისპირებები სკოლაში, ხშირად საშინელი ხასიათის იყო, და საშინელ სახეს იღებდა, ეს არ ჰგავდა ბავშვურ ჩხუბს. მასწავლებლები კი პირში წყალს იგუბებდნენ, თვალებს ხუჭავდნენ.
დრო გაიდოდა, (როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს მაინც) :) თავისუფალი თემის ავტორები გაიზარდნენ და დედების მიერ დამახინჯებული აზროვნებით და მამების მიერ დაფარებული ხელებით საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იქცნენ, ყოველგვარი პიროვნული თავისუფლების და ინდივიდუალური გემოვნების გარეშე.
ქალაქი მონსტრია და მონსტრი ხარბად ყლაპავს ადამიანებს, ინელებს რა მათ, და ართმევს ყოველგვარ ჰუმანურობასა და პერსონალურ სახეს. თაობა შეიცვალა, თაობა რომელმაც შვა უამრავი მოძალადე, ნარკომანიით დაავადებული, მკვლელი თუ წამლის გამსაღებელი. შეიცვალა ხელისუფლებები. გუშინ წითლ-ყვითლებზე მქადაგებლები, დღეს ყვითელ-ლურჯების ლოცვით არიან დაკავებული. სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მჩაგვრელები, კვირა დღეს ეკლესიების ეზოში, საკუთარი სახეების გასამზეურებლად იკრიბებიან. კომპლექსიანი დედიკოს და მამიკოს შვილები, მლიქვნელური ღიმილით დააბიჯებენ პარკებში, წარმოდგენებით, რომ მათი დონის და წონის ჯერ არავინ უშვია გურიის მთებს, თუ კოლხეთის დაბლობს.
თაობა, რომელიც მაღალი ფენის მოსწავლეებს შეადგენდა, აირია მეორე, დაბალი ფენის ადამიანებთან და ამ უკანასკნელმაც მიიღო ის, საკუთარი კომპლექსების დასაკმაყოფილებლად. გამოყენების თეორია: მას აქვს ის, რაც შენ არ გაქვს, შენ გაქვს ის, რაც მას არ აქვს.