რას ჰქვია მეორადი საფლავები და რა ფული კეთდება ამ ბიზნესში?

რას ჰქვია მეორადი საფლავები და რა ფული კეთდება ამ ბიზნესში?

სასაფლაოების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე უკონტროლი და მომგებიანია, საიდანაც ქალაქის ხელისუფლებაც სოლიდურ ფულს იღებს. თუ გადავხედავთ ე. წ. მეორადი სასაფლაოების ბიზნესს და მამასისხლად გაყიდულ მიწებს ახალი სასაფლაოებისთვის, გასაგები ხდება, რა თანხებზეა საუბარი, რომელზეც ღიად არ საუბრობენ. ერთი სიტყვით, წინა წლებში "ჰერმესის" ხელმძღვანელობის კორუფციული გარიგებები ჯერ კიდევ გამოუძიებელია. ამ თემაზე პრესაშიც ბევრი იწერებოდა თავის დროზე... რამდენიმე წლის წინათ სკანდალი აგორდა. ჯერ იყო და თბილისის მერიამ შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე გაავრცელა საგანგებო განცხადება. მაშინდელი მერის პრესსპიკერის, ბაჩო დოლიძის ცნობით, "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კომპანია საფლავებს რამდენჯერმე ყიდდა, ჭირისუფლების მიერ მომსახურებისათვის გადარიცხული თანხა კი პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი თბილისის მერის, გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამასთანავე, მერიამ, როგორც იტყვიან, ფაქტების გასამყარებლად ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის, რომ საჭიროა "ჰერმესის" დირექტორს ფული ჩაუდონ. შემდეგ კი ჟურნალისტებთან ერთად, მის კაბინეტში შესულიყვნენ და ეს ფული ამოეღოთ.

იმ აუდიოჩანაწერში მოსაუბრეები ამბობდნენ, რომ ამით შეძლებდნენ საზოგადოების დარწმუნებას, "ჰერმესი" და მისი დირექტორი კანონდარღვევებს რომ სჩადიოდნენ, რაც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. შედეგად კი "ჰერმესის" დირექტორის გადაყენებას მოითხოვდნენ.

აუდიოჩანაწერში ჟურნალისტების - შალვა რამიშვილისა და ნანა ლეჟავას სახელებიც ფიგურირებდა. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისთვის. მერიამ მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა და მოკვლევის დაწყება სთხოვა. ჯერ კიდევ 2010 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს შპს "ჰერმესის" ვაკის სასაფლაოს დირექტორი დიმიტრი პოპოვი, რომელმაც, სამარხის ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ, მოქალაქეს 4 ათასი აშშ დოლარი გამოსძალა.

თუმცა, საფლავების ბიზნესი მხოლოდ ერთეული შემთხვევებით არ შემოიფარგლება. მას, როგორც ჩანს, ორგანიზებული სახე აქვს, რომელსაც, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ თბილისის მერია არაოფიციალურად ახლაც მფარველობს და აი, რატომ.

დღეს სასაფლაოების ბიზნესი ყველაზე მომგებიანია, სიკვდილი ისეთია, რასაც ვერავინ ასცდება და შესაბამისად, ეს ყველაზე საჭირო და ხეირიანი საქმეა. ამას ოფიციალურად მერია აკონტროლებს. მოგების დიდი ნაწილიც მის ხელშია. თუმცა, არსებობს სხვადასხვა ე. წ. "შავი ხვრელი", საიდანაც, სავარაუდოდ, მერია ფულს აკეთებს, "ჰერმესის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

სასაფლაოების მიწის ნაკვეთების გაყიდვა კვლავ ხდება, მაგალითად, საბურთალოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან, სადაც დახურული სასაფლაო კვლავ განაახლეს და ჭირისუფლებს სოლიდურ ფასშიც მიჰყიდეს. მეტიც, საბურთალოს სასაფლაო კიდევ უფრო მომგებიანი გახდა მაშინ, როდესაც მთელი მიმდებარე ტერიტორია და უვარგისი ადგილები იქ მიტანილი მიწით მოასწორეს, აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი აყარეს და სახლები დაუნგრიეს. ისე რომ, კონპენსაცია არც მიუციათ. მდინარე ვერეს ზემოთ არსებული ფერდობები სასაფლაოებად აქციეს და ზედ კლდეებზე წამოჭიმეს საფლავები.

ჭირისულებმა კარგად იციან, რა ჯდება აქ სასაფლაოს გაკეთება. ფასები 3 ათასიდან იწყება. სასაფლაოს მიწას განვადებითაც იყიდით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკში გერიცხებათ პენსია ან ხელფასი.

გეგა ჯანიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოსთან ცხოვრობდა, მისი სახლი დაანგრიეს და უსახლკაროდ დატოვეს. ახლა მის კარ-მიდამოში სასაფლაოებია.

- ეს ადგილი მე გავწმინდე, გაუვალი ადგილი იყო, პატარა სახლი ჩავდგი, მაგრამ მოვიდა მერიის ზედამხედველობის სამსახური და დამინგრია, რადგანაც ლანდშაფტურ ზონას ვამახინჯებდი თურმე. ახლა აქ სასაფლაოებია, თუ ლანდშაფტური ზონა იყო, სასაფლაოდ როგორ აქციეს? ლამისაა მდინარე ვერეს კალაპოტიც სასაფლაოებად აქციონ. ერთი სიტყვით, დიდი განუკითხაობაა, - განაცხადა გეგა ჯანიკაშვილმა.

შპს "ჰერმესის" გენერალური დირექტორი მიხეილ ძაგანია "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სასაფლაოების ბიზნესში საკმაოდ დიდი მოგებაა, მაგრამ მოგების უდიდესი ნაწილი ქალაქის მერიას რჩება - დაახლოებით 5 მილიონი ლარი, ხოლო მცირე ნაწილი - 35 ათასი ლარი - შპს "ჰერმესის" თანამშრომლებზე ნაწილდება. ეს საბოლოოდ თვეში ისეთი მცირე თანხა გამოდის 300-კაციან ფირმაზე, რომ ელემენტარული მათემატიკის ცოდნაც კი არ არის საჭირო. ეჭვები, რომ "ჰერმესი" რაღაცას ეშმაკობს, იქიდანაც გაჩნდა, რომ, თუკი ვინმე უცაბედად საავადმყოფოში ან სასწრაფოში გარდაიცვლება და უცებ პატრონი არ ჩანს, ეგრევე დაუკითხავად "ჰერმესში" მიაქანებენ! ამის უამრავი ფაქტი არსებობს.

- ბატონო მიხეილ, რა ღირს დღეს სასაფლაოს მიწები?

- გააჩნია უბანს, პრესტიჟულ უბნებში ფასი უფრო მაღალია, ხოლო გარეუბნებში დაბალი.

- მაგალითად, ვაკე-სასაფლაოს მიწა რა ღირს?

- ვაკეში პირველადი საფლავების რესურსი ამოიწურა. ახალი ადგილები აღარ გაიცემა. ღირებულება კი 230 ლარია. ხელახლა დასაფლავება ცოტა მეტი ღირს.

- ხელახლა როგორ? საფლავზე საფლავი?

- დიახ, ახალი კანონის მიხედვით, ასეც ხდება, ოღონდ 15 წელი მაინც უნდა იყოს გასული, მეორადი საფლავების ღირებულება 300 ლარია, რადგან ამ ფასში შედის სანიტარიული დეზინფექციაც.

- მეორადი დასაფლავება ხშირია?

- რა თქმა უნდა. ვერის, ვაკის, საბურთალოს ტერიტორიაზე 50-70%-ზე მეტი მეორადი სასაფლაოა.

- როგორც ვიცი, საბურთალოზე ახალი სასაფლაოები გახსენით ვერის მაღლა, ფერდობებზე და მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალი მიწა მოიტანეს და ტრაქტორით მოასწორეს იქაურობა.

- ეს უკვე არ ვიცი. ახლა მართლა დავინტერესდებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენი ნათქვამი. საბურთალოს სასაფლაოზე მხოლოდ ხუთამდე თავისუფალი ადგილია და ერთ თვეში დაიკეტება.

- რა ღირს 1 კვადრატი მიწა საბურთალოზე?

- ორადგილიანი უფასოა. თუ მესამე ადგილსაც დაიმატებენ, 700 ლარი უნდა. კერძო სასაფლაოებზე სულ სხვა ტარიფებია. სამოქალაქო სასაფლაოს ფასი 20%-ზე დაბალია.

- ცოტა დაუჯერებელია, საბურთალოზე ერთი ორადგილიანი სასაფლაოს ადგილი უფასო იყოს. ალბათ, მხოლოდ სამიანს გასცემთ, არა?

- არა, რატომ ერთ ადგილიანებსაც გავცემთ.

- უსასყიდლოდ?

- რა თქმა უნდა.

- რამდენადაც ვიცით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოქმედებს სახელოსნოები, ვის განკარგულებაშია ისინი?

- სახელოსნოები შპს "ჰერმესს" უხდიან პროცენტებს.

- რა თანხას გიხდიან?

- დაახლოებით მოგების 10%-ს. თუ საფლავის მოპირკეთება 3 ათასი ლარი ღირს, ჩვენ აქედან 300 ლარს ვიღებთ.

- მოპირკეთებას ვინ აწარმოებს, მათთან ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული?

- ისინი არიან ჩვენი კონტრაქტორები, ხელოსანი იქნება თუ ინდმეწარმე, იღებენ საქმეს და ჩვენთან შემოაქვთ გარკვეული პროცენტები. აქვე იხდიან წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს. თავიდან დასუფთავება ძვირი გვიჯდება. ამიტომ ჩვენ შევისყიდეთ მანქანა და თავად ვასუფთავებთ ტერიტორიას.

- რა თანხები იხარჯება დასუფთავებისთვის?

- დაახლოებით თვეში 6 ათასი ლარი.

- სახელოსნოები თქვენია და აქირავებთ?

- დიახ, ერთი გვაქვს გაქირავებული და მეორეც გვინდა გავაქირაოთ.

- შპს "ჰერმესის" შემოსავალი სოლიდურია?

- როგორ გითხრათ, საკმაოდ სოლიდური თანხები შემოდის. "ჰერმესში" 300 კაცი მუშაობს, გვაქვს ავტოპარკი. როგორც უკვე გითხართი, გაქირავებული გვაქვს სახელოსნოები. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ძველი შენობები გვქონდა და გავარემონტეთ. იჯარით გაცემული საამქროები ქვას ჭრიან და ყიდიან. ისინი ყოველთვიურად 850 ლარს გვიხდიან.

- რა თანხა შემოდის ყოველწლიურად შპს "ჰერმესში"?

- წელიწადში დახალოებით 5 მილიონი ლარი შემოდის. ჩვენ გვრჩება მხოლოდ 35 ათასი ლარი, რომელიც "ჰერმესის" თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცემა(!).

- ძალიან მცირე თანხა გამოდის... როგორც გავიგეთ, "ჰერმესს" მოლაპარაკება აქვს საავადმყოფოებთან, რომ ექიმებმა პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში კლიენტი გამოგიგზავნონ.

- კი, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სასწრაფოს ხელმძღვანელობასთან, რადგანაც იმ დროს ჭირისუფლები დაბნეული არიან და თუ ჭირისუფალი სთხოვს, იმ შემთხვევაში ურჩევენ "ჰერმესის" მომსახურებას. ამით გვსურს, ჭირისუფლებს მოვუხსნათ პრობლემები (!).

თბილისის მერიის დამკრძალავი სამსახურის, შპს "ჰერმესის" საკუთრებაში 32 სასაფლაოა, რომელიც დედაქალაქის 656 ჰექტარზეა გაშლილი. კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. თბილისში მათი რიცხვი, დაახლოებით, 20-მდეა. მოკლედ, მთავარია, მიქელ-გაბრიელი არ მოგვადგეს, თორემ იმდენი ადგილია, სადმე დაგვმარხავენ, მთავარია ფული იყოს. თუ არადა, ვინმეს ძველ საფლავზე გამონახავენ ადგილს, ზემოდან დაგვმარხავენ და არც იქ ვიქნებით მარტო!

ირონია იქით იყოს და როგორ ხდება ძველი საფლავების ახლით შეცვლა? ამის შესახებ საბურთალოს სასაფლაოს მასაფლავე ზაზა პირად საუბარში აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ საფლავებს არავინ მიაკითხავს, ის ახალ საფლავად იქცევა, სავარაუდოდ, საკმაოდი დიდი თანხის სანაცვლოდ. ამ ფაქტს "ჰერმესის" დირექტორი გვიდასტურებს, ოღონდ ის აბსურდულ 300 ლარზე საუბრობს.

იმასაც ამბობენ, რომ "ჰერმესის" ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2010 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 759 270 ლარით დაფინანსდა. "ჰერმესი" აღნიშნულ ბაზარზე მონოპოლისტი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სასაფლაოების დირექტორებს შანტაჟითა და მუქარით აუკრძალეს სასაფლაოს ტერიტორიების გასხვისება. კონკურენტ დამკრძალავ ბიუროებს კი ისეთ მონსტრთან მოუწიათ ბრძოლა, რომლის უკანაც მერიის ინტერესები იდგა. ამიტომ, ბევრი სარიტუალო ბიურო დაიხურა, ან გაკოტრდა.

შპს გარდაცვლილის ოჯახს, მიწით უზრუნველყოფის გარდა, დამატებით, ნებისმიერ სხვა სერვისსაც სთავაზობს. მერიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველებისთვის მიწა უფასოა, თუმცა, იმდენად უვარგის ადგილს სთავაზობენ ჭირისუფალს, რომ უმეტესობა უარს აცხადებს შეთავაზებულ წინადადებაზე.

ყველაზე დაბალი ტარიფი ორადგილიან საფლავზე 150 ლარია. მხოლოდ ერთი საფლავი არ იყიდება. თანხის დამატების შემთხვევაში კი, გაცილებით უკეთეს ადგილს გამოგიჩენენ. ასე რომ, რაც მეტს გადაიხდი, მით უფრო კარგ ადგილზე დაგასაფლავებენ.

როგორც ჭირისუფლებმა ჩემთან პრივატულ საუბარში განაცხადეს, თბილისის სასაფლაოებზე საფლავების წინასწარი დაკავება შესაძლებელია და დაჯავშნის ოფიციალური ფასი 700-1000 ლარამდე მერყეობს, ადგილის შესაბამისად. ასევე, ფასიანია საფლავზე, როგორც იტყვიან, ზემოდან ნათესავის დაკრძალვაც, რაც სამასი ლარი ღირს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, 20 წლის შემდეგ საფლავზე ხელახლა დასაფლავება შესაძლებელია.

"ჰერმესში" კი აცხადებენ, რომ 15 წელიც საკმარისია! მეორადი საფლავები საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იძლევა, რაც შპს "ჰერმესის" ე. წ. "შავ ბუღალტერიას" შეადგენს. თუმცა, ქალაქის ბიუჯეტში ოფიციალურად 5 მილიონი ირიცხება. არაოფიციალურად კი - ვინ იცის რამდენი მიდის. "ჰერმესის" შემოსავლები ჯერჯერობით უკონტროლოა და პრაქტიკულად, დანაკარგის გარეშე მუშაობს, ახალი მიცვალებულიც და ძველიც "ჰერმესის" შემოსავლის წყაროა... ასე მდიდრდება მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ჰერმესი" მეორადი საფლავებისა და მიწების გაყიდვის ხარჯზე.

ეთერ ბალაძე

გაზეთი "ქრონიკა"

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

ბიძინა ივანიშვილი და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე შვილიშვილთან ერთად - ფოტო ბერას "ინსტაგრამიდან"

"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან